თურქმენეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მართვის სადავეები გურბანგული ბერდიმუჰამედოვიდან მის შვილზე, სერდარზე გადავიდა. მართალია, საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა, თუმცა მას ფორმალური სახე ჰქონდა.
თურქმენეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ გადადგომას აპირებდა და გეგმავდა, "გზა ახალგაზრდებისთვის დაეთმო."
არჩევნები 12 მარტს გაიმართა და 40 წლის სერდარმა არჩევნებში ხმების 73% "მიიღო."
ეს მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა, რადგანაც მამა უკვე დიდი ხანია მემკვიდრედ ამზადებდა, ამის დასადასტურებლად საკმარისია მის კარიერას გადავავლოთ თვალი:
2014 წლამდე სერდარი სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობდა, რომელიც თურქმენეთის უზარმაზარი ენერგორესურსების მართვაზეა პასუხისმგებელი. პოლიტიკაში ოფიციალურად 2016 წელს გამოჩნდა, როცა პარლამენტის წევრი გახდა. 2018 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 1 წლის შემდეგ კი, მშობლიური პროვინციის - აჰალის გუბერნატორი გახდა (პროვინციაში რეჟიმი 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ქალაქის მშენებლობას გეგმავს). გასულ წელს, ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოზიციაც დაიკავა. სერდარი ასევე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წევრის პოსტზე და 2021 წელს, უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარეც გახდა.
სერდარი გასულ სექტემბერს გახდა 40 წლის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია.
მამისგან განსხვავებით, სერდარი "მშვიდ" ფიგურას წარმოადგენს და მის შესახებ, ძალიან ცოტაა ცნობილი. ის თითქმის არასდროს საუბრობს საჯაროდ და სიტყვით გამოსვლისასაც, სულ წინასწარ მომზადებულ ტექსტს კითხულობს.
ქვეყნიდან გაძევებული მოქალაქეები სერდარს მოიხსენიებენ როგორც უხეშ და ცუდი ხასიათის მქონე ადამიანს. ვენაში დაფუძნებულ Chronicles of Turkmenistan-ს თუ დავუჯერებთ, "მისი საყვარელი ფრაზა ქვეშევრდომებთან საუბრისას იყო - "კისერს მოგიგრეხ".
ისინი წერენ, რომ "ის უფრო თავდაჯერებული და საძაგელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", მისი ამგვარი ხასიათი კი ბევრს აშფოთებს, რადგან უფროსი ბერდიმუჰამედოვისგან უთვალავ "კომიკურ ტრიუკებს" არიან ნაჩვევი და ფიქრობენ, რომ უმცროსი ბერდიმუჰამედოვის მართვის სტილი შესაძლოა, უფრო ბრუტალური იყოს.
მამისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად ჩნდება ცხენზე ამხედრებული, სერდარი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს მათ მიმართ და მეტიც, შესაძლოა, ეშინოდეს კიდეც მათი ტარების: როცა მამა-შვილი ბერდიმუჰამედოვები ივნისში საცხენოსნო კომპლექსს ეწვივნენ, სერდარი უნაგირზე უხერხულად გამოიყურებოდა და მის ცხენს, ლაგამით, მამამისი უძღვებოდა.
როგორც ამბობენ, ის თურქმენული და რუსულის გარდა, ინგლისურადაც კარგად საუბრობს, თუმცა 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გამართული კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, დაწერილი სიტყვის წაკითხვისას, სულაც არ ჩანდა, რომ თავისუფლად ფლობდა რომელიმე უცხო ენას.
რაც შეეხება თურქმენეთის მომავალი პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, მას მეუღლე და 4 შვილი ჰყავს.
წყარო: eurasianet.org
მოამზადა ანა სიბოშვილმა