აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაპრეზიდენტების შემდეგაც და მანამდეც გამოირჩევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მკაცრი კრიტიკით. ის არ ერიდება საჯაროდ პუტინი "შეამკოს" ისეთი სიტყვით, როგორიცაა "მკვლელი" და ახლა უკვე მას "ომის დამნაშავე" უწოდა.
ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან გასაუბრებისას, პუტინი "ომის დამნაშავედ" მოიხსენია და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან პუტინის შეფასებისას ეს ფრაზა გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქამდე თავს არიდებდა მსგავს შეფასებას და ამ ფრაზის გამოყენებას.
ბაიდენის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასება კრემლში და მას "უპატიებელი" უწოდეს. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კომენტარები "მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა".
ბაიდენი ამ თემას მოგვიანებითაც დაუბრუნდა და თქვა - "გულწრფელი ვიყავი, როდესაც მას მკვლელი ვუწოდე."
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკურ წარსულში ხშირია მისი მხრიდან პუტინის კრიტიკის ფაქტები. ერთ-ერთი კომენტარის დროს, ჯომ რუსეთის პრეზიდენტს "КГБ-ს თაღლითი" უწოდა.