ჟურნალისტებმა ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის, სახელმწიფო დუმის დეპუტატ გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობისთვის ნასამართლევი იური კოლჩინის დაკითხვის დეტალები შეიტყვეს. კოლჩინმა ტელეჟურნალისტ ვლადისლავ ლისტევის მკვლელობის შესაძლო დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობა დაასახელა.
როგორც ჟურნალისტურ გამოძიებათა სააგენტოს დირექტორის მოადგილე ევგენი ვიშენკოვმა განაცხადა, ინტერნეტ გამოცემა "Фонтанка.ru"-ს ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ კოლჩინმა ლისტევის მკვლელობის დამკვეთთა შორის დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ცნობილი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, კრიმინალური ავტორიტეტი ვლადიმირ ბარსუკოვი და 2003 წელს მოკლული კონსტანტინ იაკოვლევი, მეტსახელად სამარე დაასახელა. დაკითხულის ჩვენებით, ლისტევი იმის გამო მოკლეს, რომ ის ORT-ზე შემავალი სარეკლამო თანხების ნაკადების მოწესრიგებას ცდილობდა.
2005 წელს კოლჩინი სტაროვოიტოვას მკვლელობის გამო გაასამართლეს და მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სექტემბერში ის მოსკოვში გადაიყვანეს, იქამდე კი დაკითხეს.
ვლადისლავ ლისტევი 1995 წლის 1 მარტს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელობის ძირითად ვერსიებს შორის ცნობილი ჟურნალისტის პროფესიულ და პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ.
მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.