უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლამ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. ბოლო ორი წელია მზად ვიყავი და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1% შანსი, რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს.
რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად და დასამხობად. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს "კომპრომისები“, რომლებზეც უკრაინა ვერ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.
ამერიკელმა წამყვანმა უკრაინის ლიდერს რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, კერძოდ, კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასა და მოსკოვისადმი იმ გარანტიების მიცემაზე, რაც უკრაინის ნატოში წევრობას გამორიცხავს. ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის კომპრომისები, რისთვისაც "ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ ვიქნებით მზად“.
”ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპრომისი და უკრაინელი ხალხი საუბრობდა ამაზე, ისინი არ მიეგებნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით, ისინი მიეგებნენ მათ იარაღით ხელში“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს "არ შეუძლია ძალით სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვება“.
”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აღიაროს რაიმე ძალის გამოყენებით”, - თქვა მან.
CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თუ რაიმე მოლაპარაკების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლა "მესამე მსოფლიო ომამდე“ მიგვიყვანს.
ასევე იხილეთ: