შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები დღევანდელ წირვაზე, საკვირაო ქადაგებისას, უკრაინა-რუსეთის ომს გამოეხმაურა. მეუფე იოსების თქმით, მას რცხვენია იმ სასულიერო პირების გამო, რომლებმაც განაცხადეს, რომ უკრაინა ცოდვების გამო ისჯება.
ქადაგების ამსახველ ვიდეოს რეგიონალური მედიასაშუალება "გურიის მოამბე" ავრცელებს.
"მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღავრზეა. ზოგიერთი, მათ შორის სასულიერო პირი გამოდის და ამბობს, უკრაინა თურმე იმიტომ ისჯება, რომ ცოდვილები ყოფილან. მე მრცხვენია მათ მაგივრად. რუსები არ ყოფილან ცოდვილები... არადა, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. ცოდვილები რომ არიან უკრაინელები გასაგებია. ცოდვილები ჩვენც ვართ, ქართველები და ყველანი ვართ ცოდვილები და სასჯელი ღირსი ვართ, მაგრამ ღმერთს ვუყვარვართ და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა გაამართლოს ბავშვების მკვლელობა, როგორ შეიძლება გაამართლოს ერთმანეთის ხოცვა? სასულიერო პირი რომ ამბობს წმინდაა რუსეთიო, თურმე რუსეთი თავს რომ დაესხა უკრაინას წმინდა ყოფილა. ვხედავთ, რომ ქალაქები მიწასთან გასწორებულია , ეს არის სიწმინდე?! ეს არის ცრუ წინასწარმეტყველება. სახარებაში წერია, რომ თვით დიდი იერარქებიც კი შეცდებიან და იტყვიან, აჰა, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე... ეს იცით რას ნიშანვს? გვასწავლიან იმისგან განსხვავებულ რამეს რაც სახარებაში წერია.
რუსეთი თურმე ასრულებს ღვთის ნებას, რომ უკრაინელები დასაჯოს. ეს არ არის ერესი, ხალხო? ამას რომ პატრიარქი და ეპისკოპოსები მხარს დაუჭერენ, ნამდვილად ერეტიკოსები არიან და იმათ მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვთ." - განაცხადა მეუფ იოსებმა.
ცნობისთვის, ერთი კვირის წინ, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა საკუთარ ქადაგებაში განაცხადა, რომ "კიევში ყოველ წელს "გეი პარადი“ იმართება" და შესაძლოა, უკრაინა სწორედ ამიტომ ისჯებოდეს.
"მაიდანი და გადატრიალება რომ მოაწყვეს უკრაინაში, "გეი პარადით“ აღნიშნეს და იმის შემდეგ, ყოველ წელს "გეი პარადი“ იმართება, სად? ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში. ამას უფალი არ გაპატიებს, ვინ დაგსჯის, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დაისჯები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძმები ხოცავენ ერთმანეთს“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა
ასევე იხილეთ: