უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას აღნიშნა, რომ 24 თებერვალი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი, ასევე იყო 1920 წელს გერმანიაში ნაცისტური პარტიის დაარსების თარიღი.
"ნაცისტების შემდეგ 102 წლის თავზე, ბრძანება იქნა გაცემული უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შესახებ, რომელმაც უკვე მოკლა ათასობით ადამიანი და მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამ ომის მიზანი უკრაინელი ერის განადგურებაა.
"ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს ადგილს ისევე, როგორც თქვენ ოდესღაც ხეტიალობდით. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი, რომლის მიზანია გაანადგუროს ჩვენი ერი, ჩვენი ქალაქები, ჩვენი კულტურა, ჩვენი შვილები“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, რომ რუსები იყენებენ ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას და სურთ გაანადგურონ ყველაფერი.
"ნაცისტებმა ამას უწოდეს "ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.
"თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის" - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ებრაელ კანონმდებლებს.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრემლის ოფიციალური პირები იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.
"ყველამ იცის, რომ თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა“, - განუცხადა მან ისრაელის პარლამენტის წევრებს და კვლავ სთხოვა მათ ოფიციალური კიევისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
"ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმარო დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე“,- დასძინა ზელენსკიმ, რომელიც თავადაც უკრაინელი ებრაელია.
"ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!“,- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.
Sky News - ის ცნობით, ისრაელის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არაერთი კიბერთავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა, რათა პირდაპირი ტრანსლაცია ჩაშლილიყო.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს მცდელობები ქნესეთისა და ისრაელის ეროვნული კიბერ დირექტორატის მიერ იქნა აღკვეთილი.
შეგახსენებთ, ისრაელის ქნესეთამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს, ბრიტანეთისა და კანადის პარლამენტებს, შეერთებული შტატების კონგრესს და გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა. მედიის ინფორმაციით, 23 მარტს დაგეგმილია უკრაინის პირველი პირის საფრანგეთის პარლამენტისადმი ვირტუალური მიმართვაც.
ასევე იხილეთ: