უკრაინულ საიტ pravda.com.ua-ზე ქვეყნდება ადგილობრივი მაცხოვრებლის ნადია სუხორუკოვას ბლოგი, რომელშიც იმ უმძიმეს ვითარებას აღწერს, რაც ახლა მის მშობლიურ ქალაქ მარიუპოლშია. ეს არის ქალაქი, სადაც ხალხი უკვე კვირებია სარდაფში ცხოვრობს, ქალაქი, სადაც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ სამშობიარო სახლიც კი დაბომბეს...
ნადია სუხოროკოვა:
"გარეთ გავდივარ დაბომბვებს შორის პერიოდში. ძაღლის გასეირნება მჭირდება. ის გამუდმებით ტირის, კანკალებს და ჩემს ფეხებს უკან იმალება. სულ მინდა ვიძინო. ჩემი ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსართულიანი კორპუსებით, მშვიდი და მკვდარია. ირგვლივ მიმოხედვის აღარ მეშინია.
მოპირდაპირე მხარეს მეხუთე სახლის შესასვლელი იწვის. ცეცხლმა გადაყლაპა ხუთი სართული და ნელ-ნელა ღეჭავს მეექვსეს.
შავი დანახშირებული ფანჯრები დგას მინის გარეშე. ფრიალებს ცეცხლწაკიდებული ფარდები. მშვიდად და განწირული ვუყურებ. დარწმუნებული ვარ მალე მოვკვდები. დღეების საქმეა.
ამ ქალაქში ყველა მუდმივად ელოდება სიკვდილს. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ხდებოდეს.
სამი დღის წინ ჩემი უფროსი ძმისშვილის მეგობარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სახანძროს დაარტყეს და მაშველები დაიღუპნენ. ერთ ქალს ბომბმა ხელი, ფეხი და თავი მოჰკვეთა. ვოცნებობ, რომ ჩემი სხეულის ნაწილები ადგილზე დარჩეს, თუნდაც საჰაერო დაბომბვის შემდეგ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების დროს ცხედრებს მაინც არ დაკრძალავენ. ასე გვიპასუხა პოლიციამ, როდესაც ქუჩაში გავაჩერეთ, ვკითხეთ, რა გვექნა ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი ბებიისთვის, გვირჩია, რომ აივანზე გაგვეტანა...
ნეტავ რამდენ აივანზეა ცხედარი?
ჩვენი სახლი მირას გამზირზე ერთადერთია პირდაპირი დარტყმების გარეშე. მას ორჯერ მოხვდა ჭურვი, ზოგიერთ ბინაში ფანჯრიდან შემოვარდა. მაგრამ თითქმის არავინ დაშავებულა... სხვა სახლებთან შედარებით, იღბლიანი ჩანს.
მთელი ეზო დაფარულია ფერფლის, მინის, პლასტმასის და ლითონის ნატეხების რამდენიმე ფენით.
ვცდილობ არ შევხედო იმ რკინის საშინელებას, რომელიც მოედანზე გდია... ვფიქრობ, რომ ეს არის რაკეტა, ან შესაძლოა ნაღმი. არ მაინტერესებს, მაღიზიანებს. მესამე სართულის ფანჯარაში ვიღაცის სახეს ვხედავ და ვკანკალებ. ცოცხალი ადამიანების მეშინია თურმე.
ჩემი ძაღლი ყეფას იწყებს და მესმის, რომ ახლა ისევ ისვრიან.
დღისით ქუჩაში ვდგავარ, სასაფლაოს ირგვლივ კი სიჩუმეა. არც მანქანებია, არც ხმები, არც ბავშვები, არც ბებიები სკამებზე. ქარიც კი მოკვდა. აქ კიდევ რამდენიმე ადამიანია. არ მინდა, მათი დანახვა. მეშინია, ნაცნობს ვნახავ.
ჩემს ქალაქში ცხოვრება ახლა სარდაფებში მიდის. ვცდილობ ვიტირო, მაგრამ არ შემიძლია. ვწუხვარ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს, მეზობლებს, მეგობრებს.
სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო.
მარიუპოლში ხალხი აგრძელებს სარდაფებში ყოფნას. დღითი დღე მათთვის უფრო რთული ხდება გადარჩენა. წყალი, საკვები, სინათლე არ აქვთ, მუდმივი დაბომბვის გამო გარეთ გასვლაც კი არ შეუძლიათ.
მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა იცხოვრონ. დაეხმარეთ მათ. უთხარი ამის შესახებ მსოფლიოს... ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა გრძელდება..." წყარო
იხილეთ ასევე: