საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფონდი "რეი" დაფუძნდა. პრეზენტაცია 23 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა. ის "ევორდ ჰოლდინგის" მხარდაჭერით და "ევორდ ენთერთაიმენთის“ პარტნიორობით დაარსდა. ფონდის დაარსებას საფუძვლად დაედო ევორდ ჰოლდინგის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას ტრაგიკულად გარდაცვალება, რომლის სახელსაც ატარებს თავად ფონდი. იგი 2 თვის წინ, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ირაკლი ჭკადუას სახელოვნებო სფეროში ბევრ ადამიანს იცნობდა და მათთან მეგობრობდა. ახალგაზრდა ბიზნესმენის ქველმოქმედებაზე ბევრი ადამიანი საუბრობს, რადგანაც ახსოვთ მისი კეთილი საქმეები.
AMBEBI.GE ნიკოლოზ ჭკადუას, ირაკლი ჭკადუას ძმას, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა:
- ირაკლის გარდაცვალების შემდეგ გვინდოდა, შეგვექმნა საქველმოქმედო ფონდი. იმის გამო, რომ მას ხელოვნების სფეროში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ერთობლივად გადავწყვიტეთ, "რეის" დაარსება. ის ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს საკუთარი ხელოვნების, შემოქმედების გამომზეურებაში.
- საბოლოოდ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
- გულის შეტევა. მანამდე პერიოდულად გულს უჩიოდა. გარდაცვალებამდე კი კოვიდი გადაიტანა, თუმცა რთულ ფორმებში არ ჰქონია... ის გამუდმებით შრომობდა, დღის განმავლობაში ძალიან ბევრს ასწრებდა და თავის საქმეში წარჩინებული ადამიანი იყო. უდიდესი კონტაქტები შექმნა, უდიდესი აქტივობები განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში, ბევრ ადამიანს დიდი დახმარება გაუწია... მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი ეს საქმიანობა ოდნავ შეჩერდა და მის გარეშე ცხოვრებაც რთულია...
ირაკლი იყო კეთილი, თბილი, უშუალო, მეგობრული ადამიანი. ჰყავდა უამრავი მეგობარი, მათ შორის, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ძალიან ასაკოვანებიც. იყო ხალისიანი, იუმორით სავსე, უკონფლიქტო. ყველა იმ კრიტერიუმს მოიცავდა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა. მე და თორნიკეს, ჩემს ძმას გვაქვს იმედი, რომ მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ და ფონდი ირაკლის გზას გააგრძელებს... სამი ძმა ერთად ვმუშაობდით, გვქონდა თანაბარი წილები ბიზნესში, ირაკლი ჩვენი ფონდის ხელმძღვანელი იყო. გვყავს დაც - სოფი...
ჩვენს ფონდს ასევე მიზნად აქვს და ჩვენი სურვილია, წელიწადში ერთხელ, თემატური შეხვედრა მოვაწყოთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ...
"რეი" ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს, გზა გაიკვლიონ ხელოვნების სამყაროში და საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნონ. ფონდი სამ მიმართულებას დაეხმარება: მუსიკა, დრამატურგია, ლიტერატურა. მუსიკის მიმართულების მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი კომპოზიტორების გამოვლენა და ხელშეწყობა. აღნიშნული კონკურსი ჩატარდება ინტეგრირებულად ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალ-კონკურსთან ერთად და თბილისის კონსერვატორიის ხელშეწყობით. მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა კომპოზიტორები აკადემიური და გამოყენებითი მუსიკის დარგში. კონკურსი ჩატარდება ყოველწლიურად სექტემბერში.