სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა და მხარეთა წარმომადგენლებმა უკვე პირველი კომენტარებიც გააკეთეს.
უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკარაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ. მისი თქმით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ.
როგორც ირკვევა, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი მოსაზრებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციიას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების გარანტორები მოაწერენ.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.
უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტიან მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს ("ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ.
"თუ უკრაინა იქნება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაცია, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და ცის ჩაკეტვით“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა, იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ჩალიმ.
მისივე თქმით, ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, უკრაინა არ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში.
"მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.
დელეგაციის წევრის თქმით, თუ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღნიშნული ფორმულირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე, უბლოკო სტატუსსა და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.
მისი შეფასებით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინული მხარის შეთავაზებებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან.
"მოსკოვი ვითარების დეესკალაციის მიზნით კიევის მისამართით ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს. ჩვენ მივიღეთ წინადადება უკრაინის მხრიდანაც. მათი პოზიცია გასაგებად არის ფორმულირებული. ამ წინადადებს განვიხილავთ უახლოეს დღეებში, გავაცნობთ პრეზიდენტს და უკრაინულ მხარეს შესაბამის პასუხს დავუბრუნებთ“, - განაცხადა მედინსკიმ.
იხილეთ ასევე: