სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაზე.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიახაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც პრეზიდენტებმა პირადად უნდა განიხილონ.
ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმაც.
ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება შესამჩნევია. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე შეწყდეს.
მისივე თქმით, უფრო რთული საკითხები უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება, შემდეგ კი დღის წესრიგში პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა. ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს"
ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი დღეს მიღწეულია. მომდევნო დონეზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უფრო რთული საკითხების ჩამოყალიბება იგეგმება. შემდეგ დღის წესრიგში ორივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა. ჩვენს შეხვედრებზე განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარება და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. ამ დროისთვის 16500-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა უკრაინიდან“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
იხილეთ ასევე: