ეუთოს ასტანის სამიტზე, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება, საქართველო დასვამს საკითხს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მანდატის გაგრძელების თაობაზე.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სამიტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ასეთი მასშტაბით, ეუთოს სამიტი 11 წლის შემდეგ პირველად იმართება.
მანჯგალაძის თქმით, რუსეთმა, თავის დროზე, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მანდატის დაბლოკვით, ამ ორგანიზაციას მძიმე დარტყმა მიაყენა.
"საქართველო აპირებს რამდენიმე კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხიც დააყენოს ეუთოს სამიტზე, მათ შორის სამშვიდობო და სადამკვირვებლო მანდატის აღდგენის შესახებ. როგორი შედეგებით დასრულდება სამიტი, ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ ნატო-ს ლისაბონის სამიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სამიტზე იქნება წარმოდგენილი ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, კონცეფციაში აღნიშნული იქნება ის, რომ მიუღებელია გავლენის სფეროებად დანაწილების საკითხი.
"რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველოს კურსი და პრინციპი უცვლელი რჩება, თუმცა გზა, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიდის, საკმაოდ რთული და გრძელია. მთავარია, რომ საქართველოს პრინციპები უცვლელი რჩება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.