ბანკების ე.წ შავი სიები უქმდება. შესაბამისი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, "კრედიტინფო საქართველოსა" და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა.
კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ მხოლოდ "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, არ იქნება მსესხებლისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
"მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და კრედიტინფო მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე. პრინციპულად იცვლება მიდგომა კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი. აღარ იარსებებს ცალკე ე.წ. შავი სიები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მსესხებლის შესახებ იქნება ერთი საკრედიტო ისტორია, რომელშიც ერთიანად აისახება მსესხებლის მიერ შესრულებული ან ვერშესრულებული ვალდებულებები.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენი უახლოესი პერიოდის მთავარი პრიორიტეტია. ამ ამოცანის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. დღევანდელი მემორანდუმი პირველი დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით ", - მიაჩნია ქადაგიძეს.
მსესხებლის საკრედიტო ისტორია შეინახება 7 წლის განმავლობაში, რაც შეეხება შეუსრულებელ ვალდებულებებს, მისი შენახვის ვადა 7-დან 5 წლამდე შემცირდა.