ავტორი:

"ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ, მკვლელები, მძარცველები, ჯალათები" - ზელენსკი ბუჩაში, მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროების დედებს მიმართავს

"ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ, მკვლელები, მძარცველები, ჯალათები" - ზელენსკი ბუჩაში, მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროების დედებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში რუსული ჯარებისგან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს "რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ".

ზელენსკი ამბობს, რომ ნატოს სამიტი ბუქარესტში შანსი იყო, რომ რუსეთი არ მისულიყო უკრაინაში.

"ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილს, 14 წლის წინ. პრევენციის შანსი იყო, რუსეთი რომ არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა. ეს რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ. ნახეთ რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები", - წერს ზელენსკი და შესაბამის ფოტომასალას ურთავს.

ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების შესახებ ზელენსკიმ CBS News-ის გადაცემა "Face the Nation" - შიც ილაპარაკა.

  • "ეს არის გენოციდი" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ეს არის მთელი ერისა და ხალხის ლიკვიდაცია. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები. აქ 100-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს - ეს ყველა ამ ეროვნების განადგურებას ეხება. ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში და ეს არის მთელი ერის წამება", - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინას არ სურს დაემორჩილოს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას და ეს არის მიზეზი, რის გამოც "უკრაინელებს ანადგურებენ“.

"ჩვენს მიწას კონცენტრირებული ბოროტება ეწვია. მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები და მარადიორები, რომლებიც საკუთარ თავს არმიას უწოდებენ, იმის შემდეგ, რაც გააკეთეს მხოლოდ სიკვდილს იმსახურებენ" - ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც ქალაქ ბუჩაში გადაღებულ უმძიმეს კადრებს გამოეხმაურა, რომელშიც რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა ჩანს, რომელთა ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული ჰქონდა.

ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებით მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

"მინდა ყველა რუსი ჯარისკაცის დედამ ნახოს ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში დაღუპული ადამიანების ცხედრები. Რა გააკეთეს, ეს ადამიანები რატომ მოკლეს? რა გააკეთა იმ კაცმა, რომელიც ველოსიპედით ქუჩაში მიდიოდა? რატომ მოკლეს წამებით მშვიდობიანი მოქალაქეები ჩვეულებრივ მშვიდ ქალაქში? რატომ ახრჩობდნენ ქალებს მას შემდეგ, რაც ყურებიდან საყურეები ამოაგლიჯეს?როგორ შეიძლება ქალების გაუპატიურება და მოკვლა ბავშვების თვალწინ? რატომ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა მათ სხეულებს სიკვდილის შემდეგაც კი? რატომ გაჭყლიტეს ადამიანები ტანკებით? რას გააკეთა უკრაინის ქალაქმა ბუჩამ თქვენს რუსეთში? როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

  • რუსო დედებო! თქვენი შვილები მარადიორებად რომც გაგეზარდათ, როგორ გახდნენ ისინი ჯალათები? შეუძლებელია არ გცოდნოდათ რა იყო თქვენს შვილებში. შეუძლებელია არ შეგემჩნიათ, რომ ისინი ადამიანურობას არიან მოკლებულნი. მათ სული და გული არ აქვთ.

ისინი განზრახ და სიამოვნებით კლავდნენ.მინდა რუსეთის ფედერაციის ყველა ლიდერმა ნახოს, როგორ სრულდება მათი ბრძანებები. ეს არის შეკვეთა და ასეთია მათი შესრულება. ამაზე პასუხისმგებლობა ერთობლივია - ამ მკვლელობებისთვის, წამებისთვის, აფეთქებებით მოწყვეტილი ხელებისთვის, რომლებიც ქუჩებში დევს, შეკრული ადამიანებისთვის კეფაში სროლისთვის. რუსეთის ხელისუფლება ახლა ასე იქნება აღქმული. ეს თქვენი სახეა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: