პარტნიორები:
    ავტორი:

    “ბოლო პერიოდში ვნახეთ ინფორმაციები, იმის შესახებ, თითქოს პარლამენტის წევრებს “დარბაისლები“ უნდა დაერქვათ..." - რას ამბობს პაპუაშვილი მოქალაქის საკანონმდებლო წინადადებაზე

    “ბოლო პერიოდში ვნახეთ ინფორმაციები, იმის შესახებ, თითქოს პარლამენტის წევრებს “დარბაისლები“ უნდა დაერქვათ..." - რას ამბობს პაპუაშვილი მოქალაქის საკანონმდებლო წინადადებაზე

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს, პარლამენტში მოქალაქეთა მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები კეთილსინდისიერად გააშუქონ და იმდაგვარი შთაბეჭდილება არ შექმნან, რომ თითქოს საკანონმდებლო წინადადება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის.

    სპეციალური განცხადება მედიის მისამართით შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიუროს პარლამენტს დაქვემდებარებული ჟანდარმერიის შექმნის შესახებ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება წარედგინა.

    როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ასეთი საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტის დისკრედიტაციის საბაბი ხდება.

    “ბოლო პერიოდში ვნახეთ ინფორმაციები, იმის შესახებ, თითქოს პარლამენტს - “დარბაზი“, ხოლო პარლამენტის წევრებს “დარბაისლები“ უნდა დაერქვას. მინდა მედიას ვთხოვო, ასეთი ინფორმაციის გაშუქებისას იყვნენ კეთილსინდისიერი იმ კუთხით, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება იმისა, თითქოს არის რაღაც საკანონმდებლო ინიციატივა რომელიმე პარტიის მხრიდან. საკანონმდებლო წინადადებით მომართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ეს წინადადებები განსახილველად კომიტეტებს ეგზავნება, კომიტეტები მსჯელობს და თუ წინადადებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, შემდგ მას საკანონმდებლო ინიციატივად აქცევს. მანამ სანამ საკანონმდებლო წინადადება ინიციატივად არ იქცევა, ეს არის მოქალაქის ჩვეულებრივი მოსაზრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

    პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ კარგია საკანონმდებლო წინადადებებით მოქალაქეთა აქტიურობა, მაგრამ მათაც მიმართა, პარლამენტის ფუნქციონირებას სერიოზულად მიეპყრან.