ავტორი:

პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრეზიდენტმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

"ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს. ჯილდო გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას",- აღინიშნა დაჯილდოების ცერემონიაზე.

სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი გაუტეხლობის სიმბოლოდ ითვლება. მისი სახელის ხსენება თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო აკრძალული. მისი ლექსების დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო შედევრებს, რომლებიც ხალხმა უსახელოდ, როგორც ხალხური პოეზიის მარგალიტები, ისე შემოინახა. გავიდა დრო და ამ ლექსებს მიეწერა ავტორის სახელი და გვარი, ველის პოეტი - მიხა ხელაშვილი.

მან, როგორც მეომარმა, აჩვენა, რომ შეიძლებოდა მარტოს ეტვირთა თავისი კუთხის, მთელი ქვეყნის ღირსება და მარტო შებმოდა უზარმაზარ იმპერიას საბჭოთა კავშირს.

სახალხო გმირისა და პოეტის ცხოვრება და სიკვდილი (გარდაიცვალა 25 წლის ასაკში), საქართველოს ისტორიის ნაწილია. მის სახელს ქართულ ისტორიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის სახელით წააწყდებით.