"ამ ადამიანების მუშაობის პრინციპი შპს-სას უფრო ჰგავს, ვიდრე პარტიისას"

"ამ ადამიანების მუშაობის პრინციპი შპს-სას უფრო ჰგავს, ვიდრე პარტიისას"

შპს-ები და არა პარტიები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში გადანაწილებული რამდენიმე ღირსეული პოლიტიკოსი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული დაბალანსებილი ქართული პოლიტიკა და ერი, რომელიც საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდა, - ასეთია პოლიტიკოს მამუკა გიორგაძის თვალით დანახული რეალობა. იგი კონკრეტული პირების დასახელებას ერიდება, თუმცა ოპოზიციას უთავმოყვარეობას აბრალებს და ამბობს, რომ მათ ხალხთან მისასვლელი გზები თავად მოიჭრეს.

- იმას, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, პირდაპირ შეიძლება მართვადი პროცესი ვუწოდოთ...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ეს ყველაფერი არ არის შიდა პოლიტიკური დუღილი. ბოლო დროს, თითო-ოროლა ადამიანს თუ არ ჩავთვლით, ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნე ლიდერების დეფიციტია. რუსული და საერთაშორისო სცენარების მიხედვით მიმდინარეობს ცხოვრება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს... დღევანდელი ქართული პოლიტიკის სპექტრის წევრები საქართველოსთვის კი არა, ხელისუფლების მოპოვებისთვის იბრძვიან. ამით სარგებლობენ რუსული სპეცსამსახურები.

- თქვენ პოლიტიკური პარტიების დეფიციტი ახსენეთ, თუმცა ბოლო დროს ახალი-ახალი პარტიების პრეზენტაციის მომსწრენი ვართ...

- მათი მუშაობის პრინციპი შპს-სას უფრო ჰგავს, ვიდრე პარტიისას. ამ ხალხს კონკრეტული დავალებები აქვთ მიღებული და იმას ასრულებენ. მათი მუშაობა, ვითომ ბრძოლა, გამოსვლები და სხვადასხვა ქმედება, სხვა არაფერია, თუ არა, ბიზნესი, რომელსაც ბოლო დროს რატომღაც ქართული პოლიტიკა ჰქვია... კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ სამი წელია ამათ ვუყურებ და ვერ გავიგე, რა უნდათ. მგონი, თვითონაც არ იციან. ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვისაც მათი სჯერა... ახლა, რაღაც ახალი შეფუთვით უნდათ წარდგნენ ხალხის წინაშე და ამბობენ, საქართველოს კეთილდღეობა რუსეთზე არის დამოკიდებულიო, ანუ თავს იზღვევენ, ხვალ რომ რუს პოლიტიკოსებსა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ გახდეს ცნობილი, არ უნდა გაგვიკვირდეს. გვეტყვიან, ამის შესახებ ხომ ღიად ვაცხადებდითო... ერთი სიტყვით, ხან ერთად არიან, ხან ერთმანეთს დაუნდობლად ლანძღავენ და სამი წელია ერთ ადგილს ტკეპნიან. ამ სამწლიანი მუშაობის შედეგი ნახა ვინმემ?!

- ბოლო დროს რადიკალური ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, ისინიც ძალადობით უპასუხებენ. ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა...

- უბედურება ის არის, რომ ცარიელი და ზოგადი ფრაზებით ლაპარაკს მივეჩვიეთ. არც ერთი ოპოზიციური ძალა, მათ შორის, "სახალხო კრება" აზრზე არ არის, რა უნდა გააკეთოს ხვალ... როგორ უპასუხებენ ძალადობით, შეიარაღებული ფორმირება ჰყავთ თუ კომბლებს თლიან და ჭერში აწყობენ?! მათ ლიდერებიც არ ჰყავთ, რომ საკუთარ თავზე რაიმე პასუხისმგებლობა აიღონ და არც პროცესების მართვის უნარი აქვთ... 1990-იან წლებში, როცა აქციებზე ვიდექით, პირველ რიგში, ჩვენ, ლიდერებს გვიჭერდნენ და არა უბრალო ადამიანებს. ახლანდელი ლიდერები კი დღისით ყვირიან, ღამე კი მიშას ცხელ ჩაიზე სტუმრობენ... ვინმეს უნახავს, რომელიმე ლიდერი დარჩენილიყო და ღამე კარავში გაეთია?! თავის შეწუხება არ უნდათ. ასე საქმე ვერ გაკეთდება. ადამიანი იქ იმიტომ მოდის, რომ შენი სჯერა, იმ საქმის სჯერა, რომელსაც აკეთებს, რაზეც ყვირი და როცა იძახი, ბოლომდე, თავგანწირვამდე ვიბრძოლებთო, უნდა დაამტკიცო. იციან, რას ნიშნავს საქმისთვის თავგანწირვამდე ბრძოლა?!. ერთხელ შეიძლება, შეცდომა მოგივიდეს, ორჯერაც გაპატიებს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ მიმტევებელია, მაგრამ როცა კონკრეტულ თარიღს ასახელებ, ამ დღეს უნდა დამთავრდეს ხელისუფლებაო და დღეში ცხრაჯერ იმუქრები, მაგრამ დაპირებულიდან ვერაფერს ასრულებ, ამით უკვე ხალხთან მისასვლელ გზას იჭრი...

- საზოგადოებაში იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ოპოზიციის ნაწილმა "ხალხთან მისასვლელი გზების მოჭრაში" ხელისუფლებისგან დიდი ფული აიღო...

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ასეა, უფრო უარესი მათთვის. ამ ქვეყანაში ხომ უნდათ ცხოვრების გაგრძელება...

- და მაინც, ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ეს ვითარება პოლიტიკური ცვლილებების საფუძველი გახდეს?

- გააჩნია პოლიტიკურ ცვლილებებს... ასეთი მოუმზადებელი და გაუთვლელი ნაბიჯებით შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ასე იწყებოდა 1990-იან წლების პროვოკაცია. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ოპონენტები კი არა, მისი ხელისუფლებიდან წამოსული ხალხი იბრძოდა, ისე, როგორც შევარდნაძის ჩანაცვლების სპექტაკლში მონაწილეობდნენ მისივე წრიდან წასული ადამიანები. ახლაც იგივე ხდება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როგორც გითხარით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში რუსეთის სპეცსასამხურები ერეოდნენ.

- ბატონო მამუკა, მუდმივად ახსენებთ რუსულ სპეცსამსახურების ჩარევას, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- 1980-იან წლებში რუსეთს საქართველოში 30 ათასზე მეტი აგენტი ჰყავდა. რუსული "კაგებეს" წრის გარღვევა და მისი გავლენიდან გათავისუფლება ოც წელიწადში ვერ მოხდება... 200-წლიანმა რუსულმა მმართველობამ თავისი გავლენა მოახდინა და ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნება უჭირს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს... ნუ გვავიწყდება, რომ საგმირო საქმეების პარალელურად, ხდებოდა ისეთი ფაქტები, რომლის გამოაშკარავება არც ისე საამაყოა, მაგრამ ჩვენი წარსულის ნაწილია. მაგალითად, 1932 წლის შეთქმულებიდან ხუთი წლის შემდეგ, როცა საქართველოში რუსეთის იმპერატორი ჩამოვიდა, აქაურმა დიდებულებმა პატივისცემისა და ერთგულების დასამატკიცებლად მას ლოგინში მაიკო ორბელიანი ჩაუწვინეს... 1956 წლის 9 მარტის ამბებიდან მესამე თუ მეოთხე დღეს კი, რუსთაველის თეატრში "პეპო" ანშლაგით ჩატარდა... ანუ იქიდან წამოსულ ძალადობაზე პროტესტი კონკრეტულ პიროვნებებში იყო, მაგრამ მას მასშტაბური სახე არ შეუძენია. სამწუხაროა, მაგრამ მას შემდეგ ქართული საზოგადოების აზროვნება ბევრად არ შეცვლილა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე