იკურნება თუ არა ეპილეფსია?

იკურნება თუ არა ეპილეფსია?

ეპილეფსია უძველესი დაავადებაა. საუკუნეების განმავლობაში მას ხან "ჰერკულესის დაავადებას" უწოდებდნენ, ხან "ღვთაებრივს", ხან - "ვარსკვლავურს", საქართველოში კი "ავი ზნის", "ბნედის" სახელით იხსენიებენ. მედიცინის, კერძოდ ნევროლოგიის განვითარებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და მითი იმის შესახებ, რომ ეპილეფსია უკურნებელი სენია, გააქარწყლა. გვესაუბრება ეპილეფტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნევროლოგიისა და ნეირო-ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი სოფიო კასრაძე:

- სამედიცინო განმარტებით, ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას და ადეკვატურ სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მეთვალყურეობას. ერთჯერადი ეპილეფსიური გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას, რადგან ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (ძირითადად, ბავშვებში ვირუსული ინფექციის დროს), შიმშილის, უძილობის, ორგანიზმში მინერალური ბალანსის დარღვევის, ინტოქსიკაციის ფონზე და სხვა. ამიტომ ეპილეფსიის დიაგნოზი უნდა დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევებით გამოვლინდა ეპილეფსიისთვის ჩვეული სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც უნდა შეაფასოს სათანადო სპეციალისტების ჯგუფმა (ეპილეფტოლოგი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ნეიროვიზუალური კვლევის სპეციალისტი) შესაბამისი კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე.

ეპილეფსიის ძირითადი კლინიკური სიმპტომია გულყრა, რომელიც შეიძლება იყოს კრუნჩხვითი და არაკრუნჩხვითი. კრუნჩხვითი გულყრა გარეგნულად ადვილი შესამჩნევია, მაგრამ არაკრუნჩხვითი შესაძლოა გამოგვეპაროს, რადგან ხანმოკლეა და გარეშე პირთათვის თითქმის შეუმჩნეველი. ამასთანავე, კრუნჩხვითი გულყრა შეიძლება იყოს როგორც ეპილეფსიური, ისე არაეპილეფსიური. არაეპილეფსიური შეტევების ყველაზე ხშირი მიზეზი კარდიოლოგიური, ფსიქიკური და სხვადასხვა ფსიქოლოგიური, სტრესული თუ ემოციური მდგომარეობაა. ასეთ შემთხვევებში თუ შეცდომით დაისვა დიაგნოზი და პაციენტს ანტიეპილეფსიური მკურნალობა დაენიშნა, იგი, რა თქმა უნდა, უეფექტო იქნება.

- როგორია ამ დაავადების სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოში?

- 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ეპილეფსიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიგისა და ბიუროს ეგიდით მიმდინარე "საქართველოში ეპილეფსიის სადემონსტრაციო პროექტის" ფარგლებში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევით გამოვლინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი 1000 მოსახლიდან ეპილეფსია აღენიშნება 8-9 ადამიანს, ანუ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 40000-მდე აქტიური ეპილეფსიის მქონე ადამიანი, რომლებსაც ესაჭიროებათ ადეკვატური დიაგნოსტიკა და ხანგრძლივი, საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა. ზემოაღნიშნული კვლევით ასევე გამოვლინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეპილეფსიის მქონე ადამიანების 62% ან საერთოდ არ ყოფილა ექიმთან, ან ვერ მკურნალობს, ან მკურნალობს არასწორად.

სამწუხაროდ, ეპილეფსიის მკურნალობა საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, ხოლო დაავადებულთა უმეტესობა სოციალურად უმწეო ადამიანია.

ეპილეფსიის დიაგნოზის დასმისას შეცდომა ძალიან ხშირია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც, როგორებიც არის ინგლისი და აშშ. ამიტომ, დღეისათვის მთელ მსოფლიოში დიდი ყურადღება ექცევა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების საკითხებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობის ეფექტიანობას, პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეამცირებს ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ ზარალს. დღეს ეპილეფსიისგან განკურნება რეალობაა. სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, შესაბამისი რეჟიმისა და ფსიქოსოციალური გარემოს შემთხვევაში დაავადებულთა 80%-ს სრულიად უწყდება გულყრები და მათი 70-75% სრული განკურნების კანდიდატია.

- რით მკურნალობენ ეპილეფსიას?

- ეპილეფსიის სამკურნალო ძირითადი მეთოდი ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობაა. თუ ეპილეფსიის დიაგნოზი სწორად დაისვა, მკურნალობისათვის შერჩეულია შესაბამისი პრეპარატი ადეკვატური დოზითა და რეჟიმით, პაციენტი ასრულებს ექიმის მითითებებს, - შემთხვევათა 80%-ში მიიღწევა გულყრების სრული ბლოკირება. იშვიათად (ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში), განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე ეპილეფსიური სინდრომისას, მკურნალობისთვის საჭიროა ორზე მეტი პრეპარატის გამოყენება ან სპეციალური დიეტა (კეტოგენური დიეტა). თუ ამ მცდელობის შემდეგ გულყრების სრული ბლოკირება ვერ მოხერხდა, მიმართავენ ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის მეთოდს.

- ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე რას გვეტყოდით?

- ეპილეფსია არის მულტიეტიოლოგიური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. იგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდიდან ღრმა მოხუცებულობის ჩათვლით. მაგალითად, ნაყოფის თავის ტვინის ჩამოყალიბების პროცესში ნებისმიერმა უარყოფითმა ზემოქმედებამ (დედის ტრავმა, ინფექცია, ინტოქსიკაცია და სხვა) შესაძლოა ხელი შეუწყოს ეპილეფსიური გულყრების აღმოცენებას; სამშობიარო ტრავმები, ნეიროინფექციები, ახალშობილთა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა და სხვა ეპილეფსიური გულყრების განვითარების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

ახალგაზრდა ასაკში ეპილეფსიური გულყრების ყველაზე ხშირი მიზეზებია თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია.

ხანში შესულთათვის ეპილეფსიური გულყრების ყველაზე ხშირი მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, (ინსულტი), დიაბეტური ენცეფალოპათია და სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებები.

რაც შეეხება გენეტიკას, ეპილეფსია არ არის ერთმნიშვნელოვნად გენეტიკური დაავადება; არსებობს რამდენიმე ეპილეფსიური სინდრომი, რომლებსაც დაავადების გენეტიკურად გადაცემის უნარი აქვს და ასეთი სინდრომები შემთხვევების დაახლოებით 6-7%-ს შეადგენს.

- ბავშვებს ხშირად ისეთი გულყრები აქვთ, რომლებიც საკმაოდ ძნელადშესამჩნევია, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ეს დაავადება გამოუვლინდა?

- ეპილეფსიური გულყრები სხვადასხვა მოქმედებით ვლინდება, მაგალითად, ბავშვი მოკლე ხნით აშტერებს მზერას, დაბნეულია, ან გაურკვევლად მეტყველებს, შემდეგ კი მოთენთილია; თავს უეცრად ჩაქინდრავს; კუნთების ტონუსი უეცრად უქვეითდება ან სხეული უდუნდება; სიარულის ან სირბილის დროს უეცრად "მუხლები ეკვეთება" და ვარდება; აქვს ხელების ან ფეხების უნებლიე მოძრაობები (კრთომები, ქუთუთოების სწრაფი ხამხამი). ასეთი შეტევები, ძირითადად, დღის პირველ ნახევარში ხდება, როდესაც ბავშვი სკოლაში იმყოფება. თუ მასწავლებელმა არ იცის, რომ ეს მოქმედებები, შეიძლება ეპილეფსიური შეტევები იყოს, იგი ყურადღებას არ მიაქცევს მათ და არც მშობელს ამცნობს მათ შესახებ. ასეთი შეტევები, შეიძლება რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს და ყურადღება მიექცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად გახშირდება, გართულდება და გამოვლინდება გენერალიზებული კრუნჩხვითი გულყრების სახით. ამიტომ მშობლებისა და სკოლის მასწავლებლების განათლება ეპილეფსიის საკითხებში საგრძნობლად აადვილებს ეპილეფსიის დროულ გამოვლენას და სწორი მკურნალობის პირობებში იძლევა გამოჯანმრთელების შედეგს.

- ეპილეფსიით დაავადებულ ქალს თუ შეუძლია ოჯახის შექმნა?

- საზოგადოებაში ეპილეფსიის შესახებ გავრცელებული მრავალი ცრურწმენის მიზეზით დაავადებულ ადამიანებს დღესაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ სწავლის, დასაქმების, ოჯახის შექმნის და სხვა საკითხებში. ეპილეფსიით დაავადებულ ქალს, რა თქმა უნდა, შეუძლია ოჯახის შექმნაც და ჯანმრთელი შვილების ყოლაც. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, ორსულობის მართვის საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს ეპილეფტოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და გინეკოლოგის კოორდინირებული მეთვალყურეობით. ეპილეფსიით დაავადებული ქალის ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდების სწორი მართვის პირობებში ასეთი ქალების შვილთა 95% ფიზიკური და გონებრივი განვითარებით ჯანმრთელები არიან.

პირველადი დახმარების პრინციპები კრუნჩხვითი გულყრის დროს

ეპილეფსიური გულყრის დროს არ შეიძლება პაციენტისთვის სახეზე შავი ნაჭრის გადაფარება, კბილების ძალდატანებით გახსნა ხელით ან რაიმე საგნით (მაგალითად, კოვზით, დანით, ჯოხით და სხვა), არ შეიძლება პაციენტის წამოყენება, წამოჯდომა, წამლისა და წყლის მიწოდება, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. ამ ქმედებებით მხოლოდ გაახანგრძლივებთ შეტევის მიმდინარეობას და საფრთხეს შეუქმნით მის სიცოცხლეს.

როდესაც ადამიანს აქვს ეპილეფსიური გულყრა, დააწვინეთ გვერდულად, თავი გვერდზე გადაუწიეთ და თავქვეშ ამოუდეთ რბილი საგანი (ბალიში ან სხვა), რათა თავიდან ააცილოთ ქალა-ტვინის ტრავმა.

დაიმახსოვრეთ (უმჯობესია, თუ ჩაიწერთ) შეტევის დაწყების, მიმდინარეობის, დამთავრებისა და შემდგომი პერიოდის ყველა უმნიშვნელო ნიშანიც კი: რით დაიწყო, თავი რომელ მხარეს მიაბრუნა, შეტევა რამდენ ხანს გაგრძელდა, რა ქმედებებს აკეთებდა, თვალები გახელილი ჰქონდა თუ დახუჭული და ა. შ.

თუ ადამიანს შეტევა გაუხანგრძლივდა ხუთ წუთზე მეტხანს, კუნთებში (და არა ინტრავენურად) გაუკეთეთ დიაზეპამი (10 მგ/2მლ: ბავშვებს - 5მგ/1მლ). თუ კრუნჩხვის შემდეგ დაავადებულმა არ აღიდგინა სუნთქვა და განუვითარდა მეორე შეტევაც, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვათა შორის

ცნობილი ადამიანებიდან ეპილეფსია სჭირდათ - იულიუს ცეზარს, თეოდორ დოსტოევსკის, გუსტავ ფლობერს, ვინსენტ ვან გოგს, ჯორჯ ბაირონს, ფრიდრიხ ნიცშეს, ჩარლზ დიკენსს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი