"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი მოწამლეს"

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი მოწამლეს"

"ხელისუფლებას ვეკითხები: გჭირდებათ შეშინებული ბიზნესი? დაშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააყვავებს!" - განაცხადა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე და სააკაშვილის მთავრობასა და მას შორის დაპირისპირების პირველი ნიშნებიც მაშინ გამოჩნდა. პატარკაციშვილმა მის მიმართ ზეწოლაზე ილაპარაკა და ის 160 მილიონი ლარიც ახსენა, რაც ბიზნესმენებს პროკურატურის ფონდში გადაახდევინეს: "არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია "იმედმა" გაახმაურა.

სწორედ ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს. ბიზნესმენებს ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გვაქვს გადახდილი. ერთ-ერთი ასეთი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია 160 მილიონი ლარი. ეს იყო ბიზნესმენებისგან ხარკის სახით აღებული თანხები. თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც ეს საკუთარ თავზე არ იწვნია." ბიზნესმენის ამ გამოსვლაზე ხელისუფლებამ საპასუხო განცხადებები გააკეთა... მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. დაძაბულობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის დღითი დღე იზრდებოდა, შემდეგ იყო 2007 წლის საპროტესტო აქციები, დარბეული, ხოლო შემდეგ წართმეული ტელეკომპანია "იმედი"... საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პატარკაციშვილიც მონაწილეობდა... 2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში თავის სახლში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები ბევრი იყო მაშინაც და არის ახლაც. წელს, 31 ოქტომბერს, ბადრი პატარკაციშვილს 55 წელი შეუსრულდებოდა...

"ყველამ თავის გულში ჩაიხედოს"

ნათელა პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილის დედა:

- ჩემს შვილს საქართველო ძალიან უყვარდა, აქაურობის გარეშე ვერ ძლებდა, რუსეთში წასვლის შემდეგაც თვე არ გავიდოდა, არ ჩამოსულიყო. მოგვინახულებდა და ისევ თავის საქმეზე მიდიოდა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი შვილი ისე გარდაიცვალა, ვითომ საქართველოს მტერი იყო. არადა, ეგ ბადრის ფიქრსა და გულში არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა. მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ საქართველოს გარეთ, სადაც მოისურვებდა, იქ ეცხოვრა, მაგრამ არ უნდოდა. ამბობდა, ისე კარგად ვერსად ვგრძნობ თავს, როგორც თბილისშიო. თავიდანვე კეთილი ბავშვი იყო, ყველას გაჭირვება გულთან მიჰქონდა, სხვისი ტკივილის გამო ისეთი დარდი იცოდა... ჩვიდმეტი წლის იყო "მაუდკამვოლში" მუშაობა რომ დაიწყო, ხელფასი 105 მანეთი ჰქონდა.

მახსოვს, ერთ-ერთი ხელფასით კოჯრის ბავშვთა სახლისთვის შეიძინა რაღაცები, ზოგი რამ მე გავუმზადე და ბავშვებს აუტანა. საშინლად მტკივა გული, ასე უბრალოდ რომ დაიღუპა. ვერც ვიტირე ჩემი შვილი, მოთქმა და ვაი-ვიში ისედაც არ შემიძლია. თანაც, რომ ვუყურებდი, ჩემი შვილები რა დღეში იყვნენ, ჩემს რძალს რამდენი საშინელება დაატყდა ერთბაშად თავს, ისე გაამწარა შინაურმა თუ გარეულმა, ისევ მე უნდა გავმაგრებულიყავი და მათთვისაც მიმეცა ძალა. არადა, მტერს არ ვუსურვებ იმ სიმწარეს, არც ერთ დედას, რაც მე განვიცადე. თუმცა ამქვეყნად იმდენი კარგი ადამიანია, სრულიად უცხო ხალხი ისეთ თანაგრძნობას მიცხადებს, ისე ცდილობს მანუგეშოს, ზოგჯერ სიამაყით მევსება გული, ეს ხომ ჩემი შვილის დამსახურებაა... თუმცა გულისტკენაც ბევრისგან მივიღეთ..

- იქნებ თქვენი ბოლო შეხვედრა გაიხსენოთ...

- თითქმის ორთვე-ნახევარს ვიყავი მასთან ლონდონში, 2003 წლის პირველ თებერვალს წამოვედი საქართველოში. არ უნდოდა, რომ წამოვსულიყავი, მეხვეწებოდა, დარჩიო..

- ჯანმრთელობას თუ უჩიოდა?

- არა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო. 20 თებერვალს ჩემი რძლის დაბადების დღეა, ბადრის დავპირდი, ქართული კერძები ხომ გიყვარს, ჰოდა, იქიდან ჩამოვიტან ყველაფერს და 20-ში აქ ვიქნები-მეთქი... მაგრამ თურმე შეხვედრა აღარ გვეწერა.. 12 თებერვალს, გათენებისას დავიღუპე.

- საქართველოსა და აქ მომხდარ ამბებზე თუ ლაპარაკობდა, ხომ არაფერს წუხდა....

- ისეთი კაცი იყო, დარდსა და წუხილს არ დაგანახვებდა. მით უფრო, თავის საქმეებზე ოჯახის წევრებს არასდროს გველაპარაკებოდა. ვიცი, რომ იმ საშინელ 7 ნოემბერს ყველაზე მეტად ის ეწყინა, ვიღაც-ვიღაცები ქუჩაში რომ გაიძახოდნენ, "ბადრის რაო" და დედას რომ უხსენებდნენ უდიერად... ეს ვერაფრით მოინელა.

- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში წასვლით შეცდომა ხომ არ დაუშვა?

- კი, დაუშვა. პოლიტიკა მაგის საქმე არ იყო. არც მზად იყო პოლიტიკისთვის და არც უნდოდა, მაგრამ აიძულეს... თანაც ხედავდა, რომ ბევრი რამ ამ ქვეყანაში ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო, ეს ვერ აიტანა. მხოლოდ ის მახარებს, რომ კარგი შვილები და ოჯახი დატოვა. ახლა მისი დაბადების დღისთვის ჩამოვლენ. უმცროსი გოგო ფეხმძიმედაა, ბიჭს ველოდებით. ახალი სიხარული გაჩნდება ჩვენს ოჯახში. თვითონ ბადრი მხოლოდ ერთ შვილიშვილს მოესწრო.

- ვაჟიშვილი დავითიც ხომ არ ჩამოვა?

- არ ვიცი, ვურთიერთობთ, მაგრამ ისე ინტენსიურად - ვერა. 17 წლის არის. ჩემმა რძალმა ინამ მისი არსებობის შესახებ ბადრის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, ვერ წარმოიდგენთ, რა გაგებით შეხვდა ამ ამბავს. ინა არაჩვეულებრივი ადამიანია, გონიერი, განათლებული.

- ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ზურაბ ჟვანია მოკლეს, ისევე როგორც ბადრი პატარკაციშვილიო...

- კი, ნამდვილად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი მოწამლეს. ვინ და რატომ, არ ვიცი. როცა ზუსტად არ იცი, რა და როგორ მოხდა, ძნელია, ვინმეზე ეჭვით ლაპარაკი.

- ხელისუფლებასთან თუ გაქვთ კითხვები?

- არა. ღმერთმა განსაჯოს ყველა და განსჯის კიდეც. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თავის თავს დაუსვას კითხვები.

- მათ, ვინც თქვენს შვილს უღალატა, თქვენ მიუტევეთ?

- სხვა რისი გაკეთება შემიძლია? ღმერთმა მიუტევოს ყველას!

- საქართველოში ბევრ ადამიანს გაუკეთა სიკეთე, თქვენ თუ დაგხვდათ წინ მისი გაკეთებული სიკეთე...

- სამწუხაროდ, უმეტესწილად არა. თუმცა არავის ვძრახავ, ყველამ თავისი საქმისა იცის. უბრალოდ, ბადრი იყო უანგარო და არავისგან არაფერს ითხოვდა. ვფიქრობ, ჩემს რძალსა და შვილიშვილებს მშვიდი და დალაგებული ცხოვრება თუ ექნებათ, ეს იქნება ბადრის სიკეთის დაბრუნება.

- ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაზე სიახლე ხომ არაფერია?

- როგორც ვიცი, ჩემმა რძალმა ერთი მნიშვნელოვანი პროცესი უკვე მოიგო, მაგრამ ამ ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება.

- ჯოზეფ ქეიზე რას იტყვით? როგორც ამბობენ, მას ბატონ ბადრისთან სიცოცხლეშივე გაუფუჭდა ურთიერთობა...

- სიცოცხლეში რა იყო, არ ვიცი, ბადრი თავის საქმეებში არ გვახედებდა, მაგრამ სიკვდილის მერე რომ უღალატა, ეგ ყველასთვის ცხადია. ამ ამბების შემდეგ მე შევხვდი, ვფიქრობდი, მისი სინდისი გამეღვიძებინა და "იმედზე" მაინც ეთქვა უარი, მაგრამ...

- ხელისუფლება ახალი ინიციატივით გამოვიდა, ამბობენ, რომ ტელევიზიების მფლობელთა ვინაობა გამჭვირვალე უნდა გახდეს, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ამ პროცესების შედეგად დაიბრუნოთ ტელეკომპანია?

- თუ მთავრობა გადაწყვეტს და მოინდომებს, დაგვიბრუნოს "იმედი", დავიბრუნებთ. თუ არა და, ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ჩემი რძალი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს...

- დღეს თუ უყურებთ ხოლმე "იმედს"?

- კი. ჩემს შვილს ისე უყვარდა, ვერ ველევი, მაგრამ ეს ის "იმედი" აღარ არის. ისე, გულდასაწყვეტია, რომ არც ერთ 31 ოქტომბერს ბადრის დაბადების დღე არ გახსენებიათ. ბოლოს და ბოლოს, ეს არხი ხომ ამ კაცმა შექმნა...

- თვითონ როგორ აღნიშნავდა დაბადების დღეს?

- ბავშვობაში მეგობრების ვიწრო წრეში აღვუნიშნავდით ხოლმე. 50 წლის იუბილე ძალიან კარგად აღნიშნა. მანამდე გამოაცხადა: საჩუქრები არ მომიტანოთ, რაც ჩემთვის გემეტებათ, ბავშვთა სახლებს გადაეცითო. ასეც მოხდა. მახსოვს, ბადრის დაკრძალვის დღეს ხალხი მოდიოდა პატარა ბავშვებით, ზოგი სასკოლო ჩანთითაც კი იყო, ვიკითხე, ვინ არიან-მეთქი? მითხრეს, ეს ის ბავშვებია, ბადრიმ რომ გადაარჩინაო. ღმერთმა ყველა მათგანი ჯანმრთელი და ბედნიერი გაუზარდოს დედას. კიდევ უამრავი სიკეთის გაკეთება შეეძლო ამ ქვეყნისთვის, მაგრამ არ დასცალდა.

მერაბ კარტოზია, ბადრი პატარკაციშვილის ბავშვობის მეგობარი:

- ერთ უბანში ვცხოვრობდით, მეხუთე კლასში ვიქნებოდით, ერთმანეთი რომ გავიცანით. ერთ სკოლაშიც ვსწავლობდით, ჩემზე ერთი წლით იყო პატარა. მაგრამ სულ ერთად ვიყავით. სკოლიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი მთავარი გაჩერება ლაღიძის წყლებთან იყო, იქ "დავაბირჟავებდით" მერე ან შინ მივდიოდით, ან ფეხბურთის სათამაშოდ. მე ვცხოვრობდი ზემელზე, ჩემთან ახლოს ცხოვრობდა მიშა სალარიძე, რომელიც ბადრიმ მერე მოსკოვში წაიყვანა და იქ დააწყებინა მუშაობა. ერთი ჩიპო გვყავდა, კიღურაძე, ლევან ბაქრაძე, ტუღო ჟღენტი, ცხონებული თემურ რუხაძე, სანდრო ნაკაიძე. მოკლედ, ერთი ფეხბურთის გუნდი ვიყავით. ბადრი კარში დგებოდა ხოლმე. მსუქანი ბავშვი იყო, კარგად ფარავდა კარებს და ცოტა ბურთს უშვებდა. წესიერი ბავშვი იყო, მაგის ჩხუბი არ მახსოვს. ყოველთვის ისეთი იყო, თუ რამეს სთხოვდი და შეეძლო დახმარება, სულს ამოიღებდა და დაგეხმარებოდა. მალე მოსკოვში წავიდა. იმხანად მეც ხშირად მიწევდა მოსკოვში ჩასვლა, ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. კარგი ქალაქელი კაცი იყო, ვერავინ დამაჯერებს, რომ მას საქართველოსთვის ცუდი უნდოდა.

- ჯოზეფ ქეისაც იცნობდით?

- ვიცნობდი, თუმცა კარგად - არა. ვიცოდი, რა კაციც იყო. კრიმინალურ სამყაროსთან თუ ვინმეს ჰქონდა კავშირი, ერთ-ერთი ეგეც იყო. როგორც მახსოვს, მოსკოვში დაჭერილიც იყო, ბადრიმ გამოიყვანა და სამსახური თავისთან დააწყებინა. ამ ქვეყნისთვის ბადრიმ ბევრი რამ გააკეთა და რომ დასცლოდა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ