ავტორი:

"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?

"რკინის გენერალი" - ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რას ამბობდა ის რუსეთის შესაძლო შეჭრაზე?

ვაშინგტონს, მოსკოვს და მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში გაანადგურებდა უკრაინის სამხედრო ძალებს. მაგრამ ასე არ ფიქრობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ხელმძღვანელობს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. მისი თავკაცობით უკრაინის არმიამ უდიდესი ზარალი მიაყენა რუსეთის ჯარს და აიძულა ოკუპანტები, უკან დაეხიათ (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობების მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა).

თუკი შესაძლებელია, რომ ერთ ადამიანს მივაწეროთ უკრაინის სამხედრო წარმატება, კიევისა და სხვა დიდი ქალაქების ეფექტიანი დაცვა დაბომბვების ფონზე - ეს არის ვალერი ზალუჟნი, 48 წლის გენერალი, რომელიც სამხედროთა ოჯახში დაიბადა და უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2021 წლის ივლისში დანიშნა.

მას უკრაინაში გმირს, "რკინის გენერალს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ის თანამედროვე თაობის სამხედრო, ახალი ეპოქის ჯარის ნაწილია.

ზალუჟნი გაურბის პოპულარობას და ცდილობს, საზოგადოებაში ნაკლები ილაპარაკონ მასზე, როგორც სახელგანთქმულ გენერალზე.

  • ეს არის კაცი, რომელსაც თვითონაც უომია, რომელმაც ბრძოლის გამოცდილება დონბასის 8-წლიან ომში მიიღო, გავლილი აქვს სწავლება ნატო-ს ჯართან ერთად. ზალუჟნის უკავშირდება უკრაინის სამხედრო ძალების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, რეორგანიზაციის პროცესში, ის პირები გაათავისუფლა, რომლებიც ძველებური, საბჭოთა მიდგომის მომხრეები იყვნენ და ასეთები უკრაინის ჯარს მრავლად ჰყავდა.

ზალუჟნი ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად ფორმირებული იმ უკრაინელ პროფესიონალ ოფიცერთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც მიისწრაფვოდნენ დასავლური სტანდარტებისკენ და დეცენტრალიზაციისკენ.

  • "მე შემიძლია ვილაპარაკო ზალუჟნიზე, როგორც უკრაინელი სამხედროების ახალი თაობის წარმომადგენელზე“, - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი, ოლექსი მელნიკი.

2021 წლის სექტემბერში, ორი თვით ადრე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიწყებდა ხმამაღალი გაფრთხილებების გაცემას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზაციაზე და რუსეთის შეჭრის გეგმის შესახებ, ზალუჟნი უკვე მუშაობდა მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიებაზე.

2021 წლის სექტემბერი, წრთვნა ლვოვის მახლობლად

"ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობდი მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა დავიკავე. ჩვენი, როგორც შეიარაღებული ძალების ამოცანაა, არ ველოდოთ ზეციურ მანანას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვატარებთ წვრთნებს, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ნატოს წევრებთან და ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს ნაკლებად მოუნდეს მსგავსი სცენარით მოქმედება (შემოჭრა)“, - ამბობდა უკრაინის ჯარის მეთაური.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად

  • მალე რუსეთის "სრულმასშტაბიანი აგრესიის“ სცენარი რეალობად იქცა და 24 თებერვალს, რუსული ტანკები კიევისკენ დაიძრნენ, ასევე დაიწყო რუსეთის სარაკეტო იერიშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სამიზნეებზე.

დონბასში უშუალოდ ბრძოლის ველზე მიღებულმა გამოცდილებამ, ნატოს-თან ერთად ჩატარებულმა წვრთნებმა უკრაინის ჯარების პატარა ქვედანაყოფების მეთაურებს რუსული შენაერთების დიდი ნაწილის პარალიზების საშუალება მისცა და აიძულა რუსი გენერლები ფრონტზე გასულიყვნენ, სადაც რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც. მსგავს წარმატებას ვალერი ზალუჟნის გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარს და გამოცდილებას მიაწერენ.

  • კაცი, რომელიც ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობდა

ზალუჟნი 1973 წლის ივლისში, ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში, ჟიტომირის ოლქში დაიბადა. მისი მამაც სამხედრო იყო. სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტსა და კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რის შემდეგაც მუშაობდა სხვადასხვა პოსტებზე, მათ შორის, ის იყო მექანიზებული ბრიგადის მეთაური.

ეკლესია ქალაქში, სადაც ვალერი ზალუჟნი დაიბადა

ხელმძღვანელობდა ბრიგადას, რომელიც 2014 წლის აგვისტოში განლაგდა დებალცევეში. ეს იყო რუსი დამპყრობლების მთავარი სამიზნე. აქ ყველაზე სისხლიანი ბრძოლები გაიმართა.

  • 2019 წელს ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის სამხედროების ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის უფროსად, რომელიც განლაგებულია ჩერნიჰოვში, ეს დედამისის მშობლიური ქალაქია ბელარუსის საზღვართან ახლოს, სადაც ზალუჟნის ბავშვობის დიდი დრო აქვს გატარებული.

2020 წელს ArmyInform-თან ინტერვიუში თავისი ბავშვობა აღწერა და თქვა, რომ მისი ოცნება ჯარისკაცობა იყო, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ უმაღლესი მეთაური გახდებოდა.

"ჩემი დაწინაურება ჩვეულებრივად მოხდა, როგორც აწინაურებენ ჩვეულებრივ ჯარისკაცს. მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს გენერალი გავხდებოდი და უმაღლეს წოდებას მივიღებდი“, - თქვა მან.

ზალუჟნის მთავარსარდლად დანიშვნა უკრაინის სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების ნაწილი იყო. ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რყევის შემდეგ და დაემთხვა სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციას. "პრეზიდენტს სურს, დაინახოს სინერგია თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის", - თქვა მან დანიშვნისას.

თებერვლის ბოლოს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ, ზალუჟნი თავს არიდებს ინტერვიუებს, მისი საჯარო გამოსვლებიც შედარებით იშვიათია. მცირე განცხადებებს ავრცელებს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, რომლებიც მოკლე და ინფორმაციულია და ომის მიმდინარეობას შეეხება. ომის დროს, მისი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ლიდერებისგან ის იყო, რომ ჯარისკაცებისთვის თავიანთი საქმის კეთების საშუალება მიეცათ და ომის მიმდინარეობის შესახებ რაიმე ეჭვები არ გაეჩინათ საზოგადოებაში.

ზალუჟნი ცოლთან ერთად

ზალუჟნი დაქორწინებულია ოლენა სტეფანივნაზე. ცნობილია, რომ მის ცოლს ჰყავს ქალიშვილი არინა ჰენადივნა. უცნობია, ჰყავთ თუ არა მათ საერთო შვილები. მისი პირადი ცხოვრების დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

იხილეთ ასევე: