რუსი ოკუპანტების განცხადებები მარიუპოლის მოახლოებული დაცემის შესახებ არ დასტურდება - თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ უკრაინის ჯარი ქალაქის ბლოკადის გარღვევას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ ჟურნალ SPIEGEL-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე რუსმა ოკუპანტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქალაქი აღებულია, რაც ჯერ არ მომხდარა.
"მარიუპოლი არის ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების გმირობის ძეგლი და მაგალითი. ქალაქის დაცემაზე კარგა ხანია საუბრობენ - რუსები ჯერ ამტკიცებდნენ, რომ ქალაქი უკვე აიღეს, შემდეგ თქვეს, რომ მისი აღება გარდაუვალი იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს თვეზე მეტია არ მუშაობს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლი გაუძლებს და არ დაეცემა.
ბუდანოვი ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ „რაღაც მომენტში უკრაინის ჯარი ბლოკადის გარღვევას შეძლებს“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლში იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა, რაზეც უკრაინელებმა ოკუპანტებს უარი უთხრეს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქამდე განაცხადა, რომ თუ რუსეთი მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებს გაანადგურებს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება.
იხილეთ ასევე: