ავტორი:

"ახლა მტერი ჩვენ უფრო გვებრძვის, ვიდრე სამხედროებს... რუსეთო და რუსებო, არასოდეს გაპატიებთ, რომ ამ ტრაგედიაში გვაცხოვრებთ!" - გზავნილები უკრაინიდან

"ახლა მტერი ჩვენ უფრო გვებრძვის, ვიდრე სამხედროებს... რუსეთო და რუსებო, არასოდეს გაპატიებთ, რომ ამ ტრაგედიაში გვაცხოვრებთ!" - გზავნილები უკრაინიდან

18 აპრილის საღამოს, რამდენიმედღიანი ძალთა გადანაწილების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე კიდევ ერთი, ახალი მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინის ძალებსა და ასევე, ასობით სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში წამოიწყე, რომელშიც საჰაერო და სარაკეტო ძალები, არტილერია, თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები მონაწილეობდა.

კიდევ ერთხელ, მთავარი სამიზნე იყო საპორტო ქალაქი მარიუპოლი, კერძოდ "აზოვსტალის" ქარხანა, სადაც სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადაა გამაგრებული.

უკვე რამდენიმე დღეა, რუსი სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის სრულად აღება დროის საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქი, სადაც რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები იმყოფებიან, მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევს.

დღეს შუადღეს კიდევ ერთხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე არიან, იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვეს.

"აზოვსტალის" მეტალურგიულ კომბინატში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის, ასევე წმინდა ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით, დაყარეთ იარაღი და სიცოცხლის შენარჩუნება გარანტირებულია", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. "აზოვსტალს" ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, კერძოდ, 36-ე საზღვაო ბრიგადა და აზოვის პოლკი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა რუსული მხარე იქ მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნას სიცრუეს უწოდებს.

  • ცნობისთვის, რუსეთი მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით უხსნის გზას. შესაბამისად, უკრაინული მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი ასტრახანში, ტამბოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გადაასახლეს. მათი ნაწილი სპეციალურ ბანაკებში გადაიყვანეს...

ომის 55-ე დღე და უკრაინელების მძიმე ყოფა - AMBEBI.GE-ს ხარკოველი სვეტლანა ჩუბარევა უყვება, რომ თითქმის 2 თვის განმავლობაში ყველა დღე ერთმანეთს hგავდა - სროლა, დაბომბვები, შიში...

"ჩვენ ახლა ომსა და მშვიდობას შორის ცხოვრებას ვეჩვევით. მშვიდობაა კი, დღე-ღამის განმავლობაში დროის ის მცირე მონაკვეთია, როდესაც რუსები არ გვესვრიან, არ გვბომბავენ და არ გვცხრილავენ. ზოგჯერ კი, ამოსუნთქვას, ოჯახის წევრებისთვის იმის თქმასაც ვერ ვასწრებთ, რომ ცოცხლები ვართ. აქ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ სროლებისა და დაბომბვის ინტენსივობის მიხედვით ვასხვავებთ.

ფოტო: Ukraine UA

მეკითხებიან, რას აპირებ? არსად წასვლას არ ვაპირებ. როდესაც შვილებს ვურეკავ, ვეუბნები, შეეჩვიეთ იმას, რომ შეიძლება ერთ დღესაც ვერ დაგირეკოთ, ან თქვენს ზარს არ ვუპასუხო. ომია, ასპროცენტიანი გადარჩენის გარანტია არავის აქვს. არავინ იცის გამხეცებული მტერი რას მოიფიქრებს, რას მოიმოქმედებს. ახლა ჩვენ უფრო გვებრძვის, ვიდრე სამხედროებს, მათგან თავდაცვას ცდილობენ, ჩვენ გვებრძვიან, რომ გაგვტეხონ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ხარკოველი სვეტლანა ჩუბარევა.

"ჩემი ირპინელი თანამშრომელი, რომელიც თავად ქალაქთან ახლოს სოფელში ცხოვრობს, ყოველდღე ფეხით დადიოდა ირპინში, ოჯახის წევრების ცხედრების მოსაძებნად. თუ ვინმე გზაში შეხვდებოდა, იმას მიჰყვებოდა ან მოჰყვებოდა, ზოგჯერ ღამე რომელიმე სარდაფში ჩერდებოდა, რომ დილით ძებნა გაეგრძელებინა. ყველას ეკითხებოდა მათ შესახებ, ახლად გაჭრილ სასაფლაოებზე დადიოდა, ან უბრალოდ ქალაქში მათ გვარ-სახელებს იძახდა, სადმე ხომ არ იყვნენ მისი ოჯახის წევრები.

ფოტო: Ukraine UA

ერთ დღეს მაღაზიასთან ვიპოვე, კუთხეში იყო მიკუნჭული, ეტყობა ჭურვის ნამსხვრევები ან ნანგრევებში მოჰყვა... ამდენი დღის შემდეგ, ახლა ვიპოვეთ, ზედ ნანგრევები ეყარა. არც მისი ოჯახის წევრებზე ვიცით რამე. ეს არის ტრაგედია, რომელიც გრძელდება და რომელშიც რუსული სამყაროს დამსახურებით ვცხოვრობთ. არ შერჩებათ, ეს ზუსტად ვიცი..." - წერს სოციალურ ქსელში კიეველი ნინა ხომენკო.

"როგორც იქნა მივაღწიე ჩემს სახლამდე, უფრო სწორად მის ნარჩენებამდე, რომელიც რუსი გამანადგურებლებისგან დარჩა. ომამდე კიევის გარეუბანში პატარა სახლი გვქონდა მოწყობილი. გაძარცვული, დამსხვრეული, გავერანებული დამხვდა...

თუმცა ამ ომთან, ბავშვების სიცოცხლესთან, არაადამიანურ უბედურებასთან ჩემი სახლი რა მოსატანია. თუმცა, მაინც - ამას არასდროს დაგივიწყებთ რუსეთო და რუსებო, არასდროს გაპატიებთ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით, გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება, დიდება უკრაინას" - წერს კიეველი ვიტალი ვორონინი.

მთავარი ფოტო: Ukraine UA