19 აპრილს, გამთენიისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. "დღეს უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ძალებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია ამ შეტევისთვის. რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ იქ, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ. ამას ყოველ დღე გავაკეთებთ. არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ, სხვისი კი უბრალოდ არ გვჭირდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ყველა ჩვენი გმირი ქალაქის დონბასში, მადლობელი ვარ მარიუპოლისა და ხარკოვის ოლქის ქალაქების, რომლებიც დგანან, რომლებიც იცავენ მთელი უკრაინის ბედს და დამპყრობელთა ძალებს აკავებენ “, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ომის მე-2 ფაზის წინ, რუსეთმა თავისი სამხედრო ძალები მნიშნელოვნად გადააჯგუფა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვლა სამხედრო ხელმძღვანელობაც.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარ რედაქტორთან ირაკლი ალადაშვილთან ომის მეორე ფაზაზე ინტერვიუს, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის პერსპექტივაზე საუბრით ვიწყებთ.
- 17-18 აპრილს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებების მეორე ფაზა. როდესაც რუსეთს 24 თებერვალს დაწყებული ბლიც კრიგი არ გამოუვიდა, მიხვდა, რომ ერთდროულად 6-7 მიმართულებით შეტევისთვის არ ჰყოფნიდა ძალები, ამიტომაც დიდი დანაკარგების შემდეგ, კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან გამოიყვანა ჯარები, გადააჯგუფა და 17-18 აპრილს ხელახალი შეტევა დაიწყო სამი ძირითადი მიმართულებით - ჩრდილოეთიდან ხარკოვზე, აღმოსავლეთიდან - დონბასიდან უკრაინის სიღრმისკენ და სამხრეთიდან ზაპოროჟიესკენ. პლუს ამას, რუსეთი ხერსონიდანაც ცდილობს შეტევას ოდესისკენ. რაც შეეხება მარიუპოლს, დიდი ხანია ალყაშია და საოცრებაა, რომ მისმა დამცველებმა აქამდე გაძლეს. ისეთი პირი უჩანს, დღე-დღეზე, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდება. მისი დამცველები არ ჩაბარდნენ ტყვედ, მათ იციან, რომ არ აიყვანენ და დახვრეტენ, ამიტომ იბრძვიან და იბრძოლებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მარიუპოლი უკვე დიდი ხანია არანაირ სტრატეგიულ ობიექტს აღარ წარმოადგენს, განადგურებულია. მარიუპოლის მნიშვნელობა, იდეა იყო იმაში, რომ მას უნდა შეეჩერებინა აღმოსავლეთიდან, დონბასიდან შემოტევა, რათა აზოვის სანაპირო გადაერჩინა. იმის გამო, რომ მოწინააღმდეგემ მოახერხა სამხრეთის მიმართულებიდან, ანუ მანამდე ანექსირებული ყირიმიდან შემოსვლა და სამ მხარეზე გაშლა, მარიუპოლს მიადგნენ არა აღმოსავლეთიდან (უკრაინელები ელოდნენ, რომ აღმოსავლეთიდან უნდა შეეკავებინათ მტერი), არამედ დასავლეთიდან. მარიუპოლი კიდევ დიდხანს იდგებოდა და იბრძოლებდა, მტერი ზურგიდან რომ არ მიდგომოდა. რუსებმა მარიუპოლის გვერდის ავლით, სახმელეთო დერეფანი ისედაც გაჭრეს - აზოვის ზღვის გასწვრივ, ყირიმამდე. ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს, რა თქმა უნდა, პუტინი არ დათანხმდება არაფერზე, თუნდაც მედვედჩუკის გაცვლაზე და სხვა პირობებზე იმიტომ, რომ მას 9 მაისს უნდა, წითელ მოედანზე "გამარჯვება“ იზეიმოს და განაცხადოს, უკრაინის ერთი დიდი ქალაქი მაინც ავიღეთო.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დიდი დანაკარგი და პრობლემა აქვს მომზადებული პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით? ომის მეორე ფაზაში, სავარაუდოდ, ეს დანაკარგი რეზერვისტებით და ნაკლებადგამოცდილი შემადგენლობით შეივსება, რაც არაეფექტური უნდა იყოს...
- ბლიც კრიგის დროს, რუსეთმა 6-7 მიმართულებაზე დაახლოებით 120, ან მეტი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი გამოიყენა, რომლის შემადგენლობაშიც თანამედროვე შეიარაღება და ყველაზე მომზადებული პირადი შემადგენლობა იყო. საერთო ჯამში, მოწინააღმდეგის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 20 ათასამდე ავა, პლუს ამას 2-3 ამდენი დაჭრილი. საერთო ჯამში, იქნება 50 ათასამდე სანიტარული დანაკარგი (არაბრძოლისუნარიანი - დაღუპული, დაჭრილი, დაშავებული), რაც უკვე ნიშნავს დაახლოებით 50 საბატალიონე- ტაქტიკურ ჯგუფს. ომის მეორე ფაზაში, რა თქმა უნდა, ეს დანაკარგი შეივსება უფრო ნაკლებად მომზადებული ძალებით, მაგრამ აქ მთავარი, რითაც რუსეთი გამოირჩევა, არის რაოდენობა. მესამე და მეოთხე ფაზას რუსეთი შეიძლება ვეღარც გაწვდეს და ახლა ყველაფერი დადებულია ვა ბანკზე. რუსეთი მთელი არტილერიით იბრძვის, რაც აქვს და რაც არ აქვს, ყველაფერი გამოიტანა საწყობიდან, ბომბავს ძველი საბჭოთა უზარმაზარი, ტონიანი ბომბებით, ყველაფერს ანადგურებს, მისთვის სულ ერთია ქალი, ბავშვი, მოხუცი, სახლი, თუ ბუნკერი. მან მთავარია, რაღაც გამარჯვებას მიაღწიოს 9 მაისამდე, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს - ეს არის პუტინის მიზანი და იდეაფიქსი.
- ოდესაზე იქნება შეტევა და რამდენად შესრულებადია პუტინის მიზანი - ორივე ზღვაზე გასასვლელის გარეშე დატოვოს უკრაინა?
- რუსეთის ერთ-ერთი მიზანი თავიდანვე იყო და არის როგორც აზოვის ზღვის სანაპიროები ჩამოაჭრა უკრაინას, ასევე შავ ზღვაზე გასასვლელიც მოუსპოს, ამასთანავე, გაჭრას სახმელეთო დერეფანი სეპარატისტული დნესტრისპირეთამდე, სადაც თავისი ბაზა აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთს ჯერ ერთი დიდი სადესანტო ხომალდი "სარატოვი“ ჩაუძირეს, მერე ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი "მასკვა“, მიმაჩნია, რომ დიდი საზღვაო დესანტის გადასხმის საშიშროება ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე ნაკლებად სავარაუდოა. მით უმეტეს, საზღვაო ქვეითების დანაყოფები, ხმელეთით არის შეყვანილი და ისინი 2-3 კვირაზე მეტია მარიუპოლთან იბრძოდნენ. ასე რომ, გამორიცხული არაფერია, მაგრამ შანსი - ნაკლები.
- როგორც ვიცით, დასავლეთიდან მძიმე შეიარაღების მიწოდება იზრდება, რა სახის იარაღის გადაცემაზეა ლაპარაკი და როდისთვის?
- გუშინწინ აშშ - ს პრეზიდენტმა, კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერებმა თქვეს, რომ უკრაინას ვაძლევთ შორი მოქმედების საარტილერიო დანადგარებსო, რაზეც აქამდე თავს იკავებდნენ და რაც შეცდომა მგონია. დასავლეთისგან უკვე მიღებული ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით, თუ საზენიტო სტინგერებით თავდაცვა უკვე ძნელია, ვინაიდან ისინი ახლო მოქმედების იარაღია. უკრაინას ახლა სჭირდება შორი მოქმედების იარაღი, რომ კონტრსაბატარეო ცეცხლით მოიგერიოს რუსეთის არტილერია, საპასუხო ცეცხლი გაუხსნას ჰაუბიცებით და რაც უფრო შორიდან, 20-30-40 კმ-ით გაუხსნის, მით უკეთესია. ამიტომ უკრაინას ამ ეტაპზე ჰაერივით სჭირდება არტილერია, რაც შეიძლება ბევრი ჭურვები - ჰაუბიცები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS). დასავლეთი კი აცხადებს, მივცემთ უკრაინას იარაღსო, მაგრამ იმედი მაქვს, ჭკუა ისწავლეს და განცხადების გაკეთებამდე რაღაც-რაღაცეები უკვე გადაცემულია და ჩასული.
1-2 კვირაში გადაწყდება, ვინ რას იზამს. ამასობაში უკრაინამ თუ გაუძლო და მოწინააღმდეგეს იქეთ დაარტყა, რუსებს მესამე ფაზისთვის არაქათი აღარ ექნებათ. ისინი უკვე ეცდებიან იმის შენარჩუნებას, რაც აქამდე დაიპყრეს და იქ ჩაატარონ რეფერენდუმები, გამოაცხადონ ხერსონის რესპუბლიკა და სხვა.
- მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, თუ - მასობრივი მობილიზაცია პუტინის მხრიდან (რაზეც პუტინი ჯერჯერობით თავს იკავებს)?
- ბოლო 4-5 დღეა გამოჩნდა ასეთი ტენდენცია, რომ უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ოლქებში - ბელგოროდსა და კურსკში, საზღვრისპირა სოფლებში რაღაცეები ფეთქდება, იწვის და ამას უკრაინელებს აბრალებენ, რითაც თითქოს მზადდება საფუძველი, რომ რუსეთმა ომი გამოაცხადოს, თქვას, აი, უკრაინა ჩემს ტერიტორიას ბომბავს და ა.შ. ანუ განმეორდეს დაახლოებით კე-გე-ბე-ს ის სცენარი, რომელიც ჩეჩნეთის ომის დაწყებისთვის გამოიყენეს 1999 წლის ზაფხულში, როცა რუსეთში კორპუსები ფეთქდებოდა, ეს ჩეჩნებს დააბრალეს და ამით რუსეთს მიეცა ომის დაწყების საბაბი. აქაც შეიძლება ასე იყოს - პუტინმა რუსეთის მოსახლეობას უთხრას, რომ ეს არის დიდი ომი, რუსეთს უკრაინა, ნატო და ა.შ. თავს დაესხა, ავდგეთ, ვმობილიზდეთ და სამამულო ომი დავიწყოთო. ახლა მეორე ფაზაც თუ ჩაეშალა, პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თვით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც. ტაქტიკური ბირთვული იარაღის საშიშროება უფრო მოსალოდნელია, მაგრამ მგონია, პუტინი ამას მაინც ვერ გაბედავს.
- ალბათ არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პუტინმა ისევ გასცეს კიევზე შეტევის ბრძანება...
- გამორიცხული არაფერია... უკრაინის დიდი პლუსი დღეს კიდევ ის არის, რომ მას ეხმარება მთელი დასავლეთის და ამერიკის დაზვერვა, რომელიც მას "ლაივში“ აძლევს ოპერატიულ ინფორმაციას სადაზვერვო თანამგზავრების საშუალებით, პლუს ამას, "ავაქსის“ თვითმფრინავები. როგორც კი რუსული თვითმფრინავი აფრინდება, წესით, ამაზე უკრაინის შტაბს უკვე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. რუსეთს შეუძლია კიევს შეუტიოს რაკეტებით, ან თვითმფრინავებით, მაგრამ სახმელეთო შეტევის რა მოგახსენოთ... რუსეთი რომ კიევისკენ შეიჭრას, ორი და მეტი დღე მაინც უნდა და ამასობაში ყველა დააფიქსირებს ამას. თვითონ რუსეთი მიხვდა, რომ კიევის აღებას ვერ შეძლებდა, კბილები მოემტვრა და ახლა უნდა ძალების კონცენტრაცია დონბასში მოახდინოს.
- დონბასთან საკმაოდ მძიმე ბრძოლებს ვარაუდობენ. პუტინის პროგრამა მაქსიმუმი იქ შესრულდება? - დონეცკი-ლუგანსკის სრულ კონტროლს ვგულისხმობ.
- მართლაც უმძიმესი ბრძოლები გველის წინ. პუტინის მინიმუმი არის 9 მაისისთვის წითელ მოედანზე აღლუმზე განაცხადოს, რომ რუსეთმა "სპეცოპერაციაში“ დიდ წარმატებას მიაღწია, მარიუპოლი აიღო, დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდა, მას რაც შეიძლება მეტი უნდა ჰქონდეს სათქმელი. ამ მომენტში უკრაინას არ აქვს იმის თავი, რომ დონბასი, ან ყირიმი გაათავისუფლოს, ახლა მათ შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ რამდენიმე დღეში თუ მოხერხდა რუსეთის ძალების მოგერიება და პირიქით, უკრაინელების კონტრიერიშზე გადასვლა, მაშინ რუსეთს ძალიან დიდი პრობლემები გაუჩნდება. ახლა მთავარი ამოცანაა რუსეთის ამხელა შეტევის მოგერიება. კონტრშეტევისთვის მომენტი უნდა შეიქმნას, უკრაინელებს შეიძლება ცოტა დანაკარგი ჰქონდეთ, რაღაც ადგილებიც დათმონ, მაგრამ რუსეთის ეს ტემპი უნდა შეაჩერონ, ამ ეტაპზე მთავარი რუსეთის შეჩერებაა.
იხილეთ ასევე: