თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან ათი წლის გასვლის თარიღთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა.
"10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო."
ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება!დიდი გამოწვევაა პარტიისთვის გარე მტრისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება, დიდი ტვირთია შინაურ მტერთან პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველმხრივ გააზრებული პოლიტიკის გატარება და ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა.
ამავდროულად, დიდი სტიმულია ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება-უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის!" - დაწერა კალაძემ.
დედაქალაქის მერის პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი კომენტარებში დაუწერა, რომ "გარე მტერი რუსეთია და რუსეთი ოკუპანტია."
"გარე მტერი არის რუსეთი. და საზეპიროდ და თხრობით გაქვთ დავალება, რომ გაიაზროთ: რუსეთი ოკუპანტია! ქართველობას ევროპა არ გვართმევს, არც ამერიკა! ევროპული არჩევანი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, რასაც თქვენ უშლით ხელს", - წერს ის კალაძის პოსტის კომენტარებში.
მას თბილისის მერმა ასე უპასუხა: "კარგი, დეიდა, მადლობა."
კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს სხვა დროსაც პასუხობს ხოლმე და ისიც აღსანიშნავია, რომ ის კომენტარის ავტორებს სხვა დროსაც მიმართავს ხოლმე სიტყვით - "დეიდა."
ნახეთ ასევე: "რა დაგიშავეთ, დეიდა?!" - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს ეხმაურება