საქართველოს ხელისუფლებამ, პარლამენტმა დღემდე ვერ მიიღო კანონი "სახელმწიფო ენის შესახებ". ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმასაც ამტკიცებდა, ეს კანონი ეროვნულ უმცირესობებს მოქალაქეობის მიღებაში შეუშლის ხელსო...
ქართული ენის, ქართული ლიტერატურის როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენს საზოგადოებაში გვესაუბრება ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი თემურ ქორიძე.
- ქართული ენის, ერის სულიერი საგანძურის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს არ არის ეროვნულ ცნობიერებაზე აღმოცენებული ხელისუფლება. მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ყველა ერი უპირველესად, თავის ენას, დედაენას სცემს პატივს და ეფუძნება. როცა აბსოლუტური მონარქიის პირობებში,
ლუდოვიკო XIV-ის სკიპტრის ქვეშ იყო გაერთიანებული მთელი საფრანგეთი, კარდინალები - რიშელიე, მაზარინი და მათი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ ძლიერი არმია, შეურყეველი ტახტი არ იყო საკმარისი ერის გასაერთიანებლად და ფრანგული ენის აკადემია დააარსეს, რომელიც დღეს უკვდავთა აკადემიის სახელით არის ცნობილი. ქართული ენის ისტორიული მისია შესანიშნავად ჩანს ჰიმნოგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშში - იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომელსაც არაერთი გამოკვლევა მიუძღვნეს ჩვენმა მკვლევრებმა და მათ შორის გამორჩეულია ზვიად გამსახურდიას თვალსაზრისი, სადაც იგი მრავალრიცხოვან ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით, ასკვნის, რომ ცნებები - ერი და ენა ჩვენში იდენტური იყო და არის.
აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ხელყოფა ენისა, ერის გულსა და ცნობიერებაში ჩაცემული ლახვარია. იმის შედეგს, რაც ახლა ხდება, ახლო მომავალში მოვიმკით... ამგვარი მცდელობები ადრეც ყოფილა... გასული საუკუნის დასაწყისშიც ჰქონდა ზოგიერთებს მცდელობა, ახალი მსოფლიო ენის შექმნისა, ერთხანს ესპერანტოს საერთაშორისო ენად გამოცხადება სურდათ, ამბიციას აყოლილი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ისინი სამყაროს გადაატრიალებდნენ და ერებისა და კულტურათა სათავეში მოექცეოდნენ... სამწუხაროდ, ამჟამად ეს პროცესი განახლდა.
- რას იტყვით დღევანდელი პოლიტიკური ელიტის სამეტყველო ენაზე, გამართულად ლაპარაკობენ ისინი? წინა მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა იხუმრა: ჩემი კოლეგები მხოლოდ სახელობით ბრუნვაში მეტყველებენო...
- არა მხოლოდ პარლამენტის წევრები... აღვნიშნავ, რომ მენტორის როლში ყოფნა ჩემთვის უცხოა, ამას მხოლოდ გულისტკივილი მალაპარაკებს. მათი მეტყველება, საუბრის მანერა კრიტიკას ვერ უძლებს. ეს კი გონებრივი სიმწირის გარდა, ეროვნული ცნობიერების რღვევის ნიშანია. აი, თუნდაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრაზა:
"თბილისი და ერევანი ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ საქართველო და სომხეთი უნდა იყვნენ ერთმანეთის დამატება და გაგრძელება" (!) რა ლექსიკაა, რა სინტაქსი, ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია! აი, რას ამბობს პრეზიდენტი ამჟამად ისეთ ანგაჟირებულ თემაზე, როგორიც საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებია: "ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, დაბოლოება და ერთი ორგანიზმის ნაწილები".
მეტყველება ადამიანის, მით უმეტეს, პოლიტიკოსის არა მხოლოდ ინტელექტისა და აზროვნების, მის ღირებულებათა სისტემის სარკეა. ამ შემთხვევაში, მეტყველება ისეა დანაწევრებული, ამდენ "დაბოლოებებსა" და "გაგრძელებებში" აზრის გამოტანაც კი ჭირს. შეიძლება ითქვას, ბნელმეტყველების ნამდვილი ნიმუშია.
მიხეილ სააკაშვილს არც სხვა პოლიტიკოსები ჩამორჩებიან. აი, თუნდაც გია მაისაშვილის ასეთი მარგალიტი: "სააკაშვილმა მარტო მე კი არ გამომიყენა, მთელი ქვეყანა გამოიყენა და ქვეყანა კატასტროფაშია. მე მოკლევადიანად გამომიყენა, მაგრამ ქვეყანა გრძელვადიანად დაღუპა..."
- კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი ამბობს: ქართული ენის დასაცავად ბიუროკრატიული სტრუქტურის, ანუ ენის სახელმწიფო პალატის არსებობა საჭირო არ არისო... თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დღევანდელი რთული ვითარებისგან თავის დაღწევა?
- ცალკე, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. ქვეყნის ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დასაცავად უნდა იბრძოდეს, და არა სხვებისთვის თავმოსაწონებლად. სააკაშვილის ხელისუფლება კი არასრულფასოვნების კომპლექსით არის შეპყრობილი და თავის გადარჩენის, სკამის შენარჩუნების ერთადერთ გზად უცხოეთის, განსაკუთრებით, დასავლეთის მხარდაჭერას აღიქვამს.
- პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ქართული ენის გავრცელების არეალი მცირეა და უცხო ენის, ინგლისურის ცოდნის გარეშე პროგრესს ძნელად თუ მივაღწევთო...
- ახლახან საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მიტერანმა განგაშის ზარი შემოჰკრა: ჩვენს ქვეყანას კულტურული ანექსია ემუქრება, რომელიც ყველა ანექსიაზე საშინელი და სასტიკიაო... ცხადია, არავინ არის კარისა და საზღვრების ჩაკეტვისა და იზოლაციის მომხრე, მაგრამ ის კი მოგვეთხოვება, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილს უყვარს ხოლმე თქმა, ჩვენი "ეგზისტენციური გაქრობა არ დავუშვათ".
ზოგიერთს ეს შეიძლება ნაკლებად მტკივნეულ პრობლემად მოეჩვენოს იმ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მაგრამ ილიას მხოლოდ ლოზუნგებზე წასაწერად არ უთქვამს: "მამული, ენა, სარწმუნოება", მტერი ხან ხმლით მოდის, ხან - ტკბილეულითა და ძღვენით...
- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ქართველი ბავშვები პირველი კლასიდანვე არ ისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი ნაკლებკონკურენტუნარიანნი აღმოჩნდებიან მსოფლიო ბაზარზე...
- დიდმა კლასიკოსმა იაკობ გოგებაშვილმა თითქმის დღევანდელობაზე თქვა: "საყველპურო ცოდნა უცხო ენისა საბაზროდ თუ გამოდგება, თორემ განათლებისთვის ყოვლად უძლურია... სიკვდილის გზას ადგია ყოველი ენა, რომელიც გამეფებული არ არის ოჯახსა და სკოლაში"... კარგი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფალნი კლასიკოსებს რომ ეკითხებოდნენ რჩევას.
რაც შეეხება "ენის გავრცელების მცირე არეალს", ჩვენ მართლა არ გვყავს მონათესავე ხალხები, ქართულად მხოლოდ ისტორიული ქართველი ერი წერს და მეტყველებს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რას ნიშნავს მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთის პატრონობა. განა შეიძლება ასეთი ენისადმი ნიჰილისტური, უფრო მეტიც, მკრეხელური დამოკიდებულება? თუნდაც საკითხის ასე დაყენებაშია უკვე ჩადებული ნაღმი.
ყველა ნებისმიერ კულტურულ, თავმოყვარე ქვეყანაში მხოლოდ ამ განცხადების გამო დააყენებდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს... თვითონ ეს დაპირისპირება, აჟიოტაჟიც ხელოვნურად გამოიწვიეს: ქართველი კაცი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, შვილს უცხო ენა ასწავლოს, მაგრამ ცხადია, ეს არ უნდა მოხდეს მშობლიური ენის ხარჯზე.
განა რომელიმე ხელმწიფე-იმპერატორმა უბრძანა კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძეს თუ ტიციან ტაბიძეს, უცხო ენები ესწავლათ? რის მიღწევას ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ენების შეფარული დაპირისპირებით? ხომ ასე ამაყობს პრეზიდენტი, ჩემმა ხელქვეითებმა უცხო ენები იციანო, შექმნეს კი მათ რაიმე ღირებული თუნდაც ამ ენებზე? იციან, რამდენი წლის იყო ილია ჭავჭავაძე, როცა რუსეთიდან დაბრუნებულმა "მგზავრის წერილები" დაწერა? რატომ შთააგონებენ ახალგაზრდობას, რომ მხოლოდ ენების ცოდნაა წარმატების ფორმულა?
რა განსაკუთრებული ინტელექტი აქვთ გოკა გაბაშვილსა და დავით ბაქრაძეს, რომლებმაც უცხო ენები იციან, მათი თაობის იმ წარმომადგენლებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება, უცხო ენა ესწავლათ და რომლებიც ბრწყინვალედ იცნობენ დასავლურ ფასეულობებს. თუნდაც ახალგაზრდა ფილოსოფოსი გოჩა გვასალია, რომელსაც ბრწყინვალე ქართველმა მოაზროვნემ, ლიტერატორმა, ენების მცოდნე ბაჩანა ბრეგაძემ "სასიამოვნო აღმოჩენა" უწოდა და არაერთი საქებარი სიტყვა უძღვნა...
თავის დროზე დიდი ხმაური მოჰყვა, მართლაც თქვა თუ არა გიგი თევზაძემ, რომ ინგლისური სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდეს. სხვა რა არის სააკაშვილის ნათქვამი, რომ მომავალი წლიდან ვერც ერთი ახალგაზრდა მიიღებს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, თუ ინგლისურში გამოცდას არ ჩააბარებს? ეს სხვა არაფერია, თუ არა ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადება... ახლახან ერთი კურიოზიც მოხდა:
ვერა ქობალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (?!) მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილე, ვინმე ქარქუსოვი, იმის გამო, რომ მას, თურმე სახელმწიფო ენა არ სცოდნია და ეს იმ დროს, როცა თვითონ ქობალია ისე სცოდავს ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით, რომ ხშირად გაუგებარია, რისი თქმა უნდა, რომ მისთვის ქართულად მეტყველება ტანჯვაა. ასე რომ, არ ღირს პარლამენტის შეწუხება რომელიმე უცხო ენის სახელმწიფო ენად გამოსაცხადებლად, ეს ისედაც მშვენივრად ხორციელდება...
- მთავრობის დადგენილებით, რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიუერთეს. ამბობენ, რომ მათ ბედს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიც გაიზიარებს, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთებენ...
- შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე, დავამთავრე ასპირანტურა, დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია... იქიდან 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წამოვედი. ინსტიტუტში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, ბედნიერება იყო მუშაობა აკაკი გაწერელიასთან, ზვიად გამსახურდიასთან.
ეს ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იკვლევს, პატრონობს, ქომაგობს ქართულ ლიტერატურას, სხვა ტაძარი ქართულ ლიტერატურას, 15-საუკუნოვან მწერლობას არ გააჩნია. სასწაული რომ მოხდეს და მთელ საბერძნეთს ამნეზია დაემართოს, ელინურ ლიტერატურას მკვლევარი და გულშემატკივარი მსოფლიოში არ დაელევა. ჩვენი ლიტერატურის პატრონები კი მხოლოდ ჩვენ ვართ.
ინსტიტუტის შესვლა საუნივერსიტეტო სტრუქტურაში, შესაძლოა, დროის მოთხოვნა იყო, მაგრამ ლიტერატურის ინსტიტუტი ერის სულიერების ისეთი დედაბოძია, რომლისთვისაც არამცთუ ხელის შეხება, სულის შებერვაც არ შეიძლება, იგი ერთ-ერთი იმ ფუნდამენტთაგანია, რომელსაც ჩვენი ეროვნული მეობა ეფუძნება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ლიტერატურამ, მწერლობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი ერის ისტორიაში, ამიტომ მისი ხელყოფა დიდ მკრეხელობად მიმაჩნია...
P.S. დავუკავშირდით შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექციას. ინსტიტუტში მიმდინარე ცვლილებებზე დირექტორმა, ირმა რატიანმა საუბარი არ ისურვა და გვირჩია, ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიგვემართა. განათლების სამინისტრომ კი კითხვაზე:
იგეგმება თუ არა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გვიპასუხა: "ამ ინსტიტუტის ინტეგრაცია (მარტივი ენით რომ ვთქვათ, მიერთება) სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკვე მოხდა".
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)