აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?

აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი  თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?

25 აპრილს, youtube-ზეავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

გავრცელებულ ჩანაწერში ორი სატელეფონო საუბარია გაერთიანებული, რომელიც, ჩანაწერის თანახმად, მარტში შედგა და იგი youtube -ზე მომხმარებელმა cyber kmara - მ გამოაქვეყნა.

პირველი სატელეფონო დიალოგის დროს, ევტუშენკოვი ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც ვინმე “დავითი” ჩამოიტანდა საქართველოში. ასევე ახსენებს ვინმე ალი უეზდენოვს, რომელსაც თავის მოადგილედ მოიხსენიებს.

"ჩემი მოადგილე, უეზდენოვი, ხორბლის თაობაზე. ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესოა. თუ ამ საქმეში შენც ჩაეწერები, ამ საქმეზეც წავალ", - ამბობს ევტუშენკოვი ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც, ვიმეორებთ, დადასტურებული არ არის. მას ივანიშვილი პირდება, - ყველაფერს გავაკეთებთო...

მეორე საუბრის მიხედვით კი, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მისი წარმომადგენელი ალი უეზდენოვი პრემიერთან გაუშვა და ის მას უკვე ხვდება. თუმცა ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მას პირადად შეხვდეს. "ბორენკა, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, ალი, მითხარი გეთაყვა, შეგიძლია რამენაირად შეხვდე მას?" - მიმართავს ივანიშვილს ევტუშენკოვი.

  • ვინ არის ევტუშენკოვი?

ვლადიმერ ევტუშენკოვი - რუსი მილიარდერი და ოლიგარქი 1948 წელს დაიბადა. ის მსხვილი რუსული კორპორაცია “სისტემის” მფლობელია. 2020 წლის მონაცემებით, ის ამ კორპორაციის 59% -ს ფლობს. ვიკიპედიის თანახმად, ევტუშენკოვის ქონება 3,4 მილიარადს შეადგენს. ის წლების განმავლობაში, საინჟინრო საქმიანობისა და რამდენიმე საწარმოს დირექტორის მოადგილეობის შემდეგ, 1987 წელს მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მიწვევით, საქალაქო აღმასრულებელ კომიტეტში გადავიდა სამუშაოდ და 1990 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის საქალაქო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. 1991 წელს მის მიერ ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება "რეგიონი“ რუსულ–ამერიკული კომპანია "ორდინკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

1993 წელს ევტუშენკოვმა, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა სააქციო ფინანსური კორპორაცია "სისტემა“, რომლის საქმიანობამ ეკონომიკის ერთდროულად რამდენიმე სექტორი მოიცვა. სადღეისოდ ამ კორპორაციაში უამრავი სხვადასხვა საწარმო შედის, რომელიც ენერგეტიკით, ხე-ტყის გადამუშავებით, ფარმაცევტიკით, ტელეკომუნიკაციებით, ტურიზმით და სხვა სექტორული საქმიანობით არის დაკავებული. ევტუშენკოვი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და უმსხვილესი აქციონერია.

2005 წლიდან ევტუშენკოვი "ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედის. 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვზე პერსონალური სანქცია გასცა, რის შემდეგაც, მან, “როიტერსის” ინფორმაციით, მან “სისტემას” წილების ნაწილი შვილზე გადააფორმა.

  • სისხლის სამართლის საქმე

2014 წლის აპრილში, რუსეთში "ბაშნეფტის“ აქციათა მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ამ ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის სახელთან ერთად, ევტუშენკოვის კომპანია "სისტემაც“ ფიგურირებდა. 2016 წლის ოქტომბერში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ "ბაშნეფტი“ და რამდენიმე სხვა საწარმო ბაშკირეთში უკანონოდ იყო პრივატიზებული. "სისტემას“ "ბაშნეფტის“ აქციათა 81,67% ჩამოართვეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.

  • შეხვდა თუ არა რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი?

მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "სისულელე" უწოდა.

"აუდიოჩანაწერი არის სისულელე. კაცმა არ იცის, ავთენტურია თუ არ არის ავთენტური. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო წყარო "ტვ პირველისთვის“ რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც რეპრესირებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. თუ ვინმე შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ რეპრესირებული რუსი ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, არის ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენი.

როდესაც ასეთ დროს პირად საუბარს, მათი მტკიცებით, აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე და სტანდარტებზე. ღიმილის მომგვრელთან ერთად,ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით კი, გავრცელებული ჩანაწერი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

პაპუაშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.

"მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება "ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის - "სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის სასკოლო მაგალითი, სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, ამბის აგორება და წარმოჩენა ისე თითქოს, სკანდალებთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული მიზანი, რომ არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ, სამწუხაროდ, დღეს ჩუმად არიან.

ამასთანავე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია.

"რა ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? გარდა გამოძიებისა, არსებობს საღი აზრი და გამოცდილება. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტიკურია. თუკი საუბრებია, ამას ფაქტებიც ხომ უნდა მოჰყვეს? ასეთი არაფერი არ არის. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდება.

იხილეთ ასევე: