ავტორი:

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს.

"ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს, თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული.

ეს ხდება, მეტი არაფერი. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, რომ დავით ხიდაშელმა, რომელიც, როგორც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული მისივე განცხადებიდან ირკვევა, ამ ურთიერთობების მონაწილეა ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი მისივე გავლით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს.

ასევე, ბატონი დავითი ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე", - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, 25 აპრილს, youtube-ზე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

გავრცელებულ ჩანაწერში ორი სატელეფონო საუბარია გაერთიანებული, რომელიც, ჩანაწერის თანახმად, მარტში შედგა და იგი youtube -ზე მომხმარებელმა cyber kmara - მ გამოაქვეყნა.