ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერს "ტვიტერში" ეხმიანება.
"ქართული ოცნებისგან" ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?” - წერს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი აზიარებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ "ევგენი ევტუშენკოვმა, სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა, რომელიც რუსული არმიისთვის სამხედრო დრონებს ამზადებს, დაადასტურა, რომ მეგობრობს ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, როგორც ისმის, პრემიერ ღარიბაშვილს ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრას ავალებს".
ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.
გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. გავრცელებულ ჩანაწერში ორი სატელეფონო საუბარია გაერთიანებული, რომელიც, ჩანაწერის თანახმად, მარტში შედგა და იგი youtube -ზე მომხმარებელმა cyber kmara - მ გამოაქვეყნა.
პირველი სატელეფონო დიალოგის დროს, ევტუშენკოვი ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც ვინმე “დავითი” ჩამოიტანდა საქართველოში. ასევე ახსენებს ვინმე ალი უეზდენოვს, რომელსაც თავის მოადგილედ მოიხსენიებს.
"ჩემი მოადგილე, უეზდენოვი, ხორბლის თაობაზე. ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესოა. თუ ამ საქმეში შენც ჩაეწერები, ამ საქმეზეც წავალ", - ამბობს ევტუშენკოვი ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც, ვიმეორებთ, დადასტურებული არ არის. მას ივანიშვილი პირდება, - ყველაფერს გავაკეთებთო...
მეორე საუბრის მიხედვით კი, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მისი წარმომადგენელი ალი უეზდენოვი პრემიერთან გაუშვა და ის მას უკვე ხვდება. თუმცა ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, მას პირადად შეხვდეს. "ბორენკა, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, ალი, მითხარი გეთაყვა, შეგიძლია რამენაირად შეხვდე მას?" - მიმართავს ივანიშვილს ევტუშენკოვი.