ავტორი:

"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური

"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური

28 აპრილს, მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში წირვა-ლოცვა მეუფე სტეფანემ აღავლინა. ცნობილია, რომ სასულიერო ცხოვრებიდან განკვეთილი პირები უპირისპირდებიან მეუფეს, შესაბამისად, მონასტრის ტერიტორიაზე მის გამოჩენას ხმაური მოყვა.

"განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა? იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით", - განაცხადა მეუფე სტეფანემ წირვის დასრულების შემდეგ.

თავად ამ ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი, რომელიც ამჟამად განკვეთილია, ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ გუშინ მათ დაპირისპირება ჩოხოსნებთან მოუხდათ.

"უდიდესი დღესასწაული გვაქვს დღეს ჩვენ და მოვიდნენ გაუფრთხილებლად აქ ჩოხოსნები და მოინდომეს ჩვენი გაგდება. ხატები, სანთლები დალაგებული გვქონდა მაგიდაზე და ძირს დაგვიყარეს ხატები და ყველაფერი. ძალაზე არიან გადასულები, ამიტომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მათ საკადრისი პასუხი გავეცით", - გვითხრა მან.

მის განცახდებას გამოეხმაურა საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური ზვიად სეხნიაშვილი და კატეგორიულად უარყო ჩოხოსნებთან ამ პირების რაიმე ფორმით დაპირისპირება.

ზვიად სეხნიაშვილი:

- რაც მოხდა იქ, იმას ვერცერთ შემთხვევაში კონფლიქტს ვერ დავარქმევთ. სტატიაში, რომელიც "ამბებზე" დაიდო ლაპარაკი იყო, რომ თითქოს სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის იყო ხელჩართული ჩხუბი. ამის ერთი ფაქტიც არ არსებობს, ეს არის აბსოლუტური სისულელე. სასულიერო პირები ესენი არ არიან, რაც მშვენივრად ვიცით. მამა დანიელი არ არსებობს, ის ახლა არის ტარიელ გვილავა. არანაირი ხატები ჩვენ არ ჩამოგვიყრია. საერთოდ როგორ კადრულობენ ასეთ რამეს? უნდათ, რომ შებღალონ ჩვენი ავტორიტეტი და რეპუტაცია. ჩვენთან სულ მორწმუნე ადამიანები არიან. ბოლო ბოლო საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეული ვართ, მაგათ გინებაზე და შეურაცხყოფაზე პასუხსაც არ ვცემთ. რაც მაგათმა იკადრეს ჩვენს მიმართ, ამისთვის სიტყვიერადაც კი არ გაგვიცია პასუხი, იმიტომ რომ მონასტერში ვიყავით და ვიცით, იქ არ შეიძლება არც ლანძღვა და არც გინება. ისინი კადრულობენ მთელ უბედურებას, ანაფორები ისევ აცვიათ და ილანძღებიან. რომ გაჩვენოთ კადრები, თმები ყალყზე დაგიდგებათ. არ შეიძლება მაგათი სასულიერო პირებად მოხსენიება.

- თქვენ კონფლიქტს საერთოდ უარყოფთ?

- არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ჩვენ მივედით წირვაზე მეუფის კურთხევით მანამდე, ვიდრე მეუფე მობრძანდებოდა. ისინი განდგომილები გახლავან და დაყვანილი არიან საერო პირებამდე, მათ არაფერი ესაქმებათ იქ, მაგრამ გამოიტანეს თავიანთი ხატები, სანთლები... როგორ შეიძლება საერო პირმა უნებართვოდ, ეპარქიის მმართველის კურთხევის გარეშე გამართოს სავაჭრო დახლები მონასტრის ტერიტორიაზე, თქვენ თვითონაც გააკეთეთ დასკვნები. ამიტომ ვუთხარით, რომ მათი ადგილი არ იყო იქ და უნდა დაეტოვებინათ იქურობა, მორჩა, თვითონვე ჩამოალაგეს და ჩააწყვეს თავიანთი სანთლები და ხატები. ვინ დაუყარა ძირს ხატები? ეს არ შეესაბამება სიმართლეს და სიცრუეა.

არასწორია ის ინფორმაციაც, რომ თითქოს ჩოხოსნები მარტვილის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. არ ცხოვრობენ, არც სალხინოს ტაძრის ტერიტორიაზე. როცა ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ეს არის ცილისწამება. კი ბატონო, სისტემატურად მეუფე სტეფანეს გვერდში ვდგავართ კურთხევის თანახმად, ხაზს ვუსვამ, არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგია კურთხევის გარეშე. ჩვენ ვართ საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება, ვმოქმედებთ მხოლოდ კურთხევით და ამ შემთხვევაშიც ვიყავით კურთხევით ჩასულები და მაქსიმალურად ვიცავდით წესრიგს, რომ არაფერი მომხდარიყო.

თქვენ გახსოვთ, რა დღეში აგდებდნენ ესენი მეუფეს, როცა ჩვენ არ ვიყავით, ერთხელ ლამის ხელი მოსტეხეს. მას შემდეგ რაც ჩვენ ჩავედით, ასეთ შეურაცხყოფებს ვერ აყენებენ მეუფეს, დგანან და ვერ წარმოიდგენთ, რა სიტყვებით ილანძღებიან მონასტრის ტერიტორიაზე, ეს ბერების ლექსიკა არ არის. თუმცა ისინი ხომ ბერები არ არიან. უბრალოდ ანაფორა აცვიათ... იწყევლებიან, ოჯახებს გვიწყევლიან ჩვენ და პოლიციელებს, ასეთი თავგასულები არიან და კიდევ აქეთ გვაბრალებენ ამ უბედურებას.

- პოლიცია აკონტროლებდა სიტუაციას?

- როცა არის დიდი დღესასწაული და პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ მეუფე მიბრძანდება, ისინი იცავენ წესრიგს, რადგან კარგად იციან, რომ ეს ჯგუფი მეუფეს უპირისპირდება. ასევე ლანძღავენ ისინი პატრიარქსაც, წმინდა სინოდის წევრებსაც, დედა ეკლესიას, ყველას, ვინც თვალში არ მოსდით. ჭეშმარიტება რომ ერთია, ჩვენ კარგად ვიცით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ პოლიციელები რა ენითაუღწერელ შეურაცხყოფას იტანენ ამ მამაძაღლებისგან. ამის კადრებიც გვაქვს და ეს რომ ნახოთ, მივხდებით რა სექტასთან გვაქვს საქმე. ასე არ გამოდის საქმე?

- როგორც ვიცი, განკვეთის მიუხედავად ისინი ცხოვრობენ ისევ წაჩხურუს მონასტერში, იქ სადაც ადრე იყვნენ და სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან. თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რატომ არიან მონასტერში? რატომ არ უშვებენ იქიდან? ამბობთ, რომ ერობის სახელებით მოვიხსენიოთ, როცა ადამიანი ადის მონასტერში და იქ ხვდებიან ისევ ანაფორით ისინი, ხომ არ შეიყვანს ეს მრევლს შეცდომაში?

- მაგათ იქიდან გამოყრას არაფერი უნდა, მაგრამ ესეც მეუფის დიდსულოვნებაა და ეძლევათ დრო მონანიებისთვის, ალბათ სინოდის მორიგ სხდომამდე, თორემ მათ წირვა-ლოცვის უფლება არ აქვთ. კი ცხოვრობენ იქ და სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან, მაგრამ ამის უფლებაც არ აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხდება მეუფის დიდსულოვნების გამო, მან მისცა ამის საშუალება. რომ იძახიან ჩოხოსნები მოდიან და ჩვენი გამოყრა უნდათო, ვის რად უნდა მათი გამოყრა? ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კურთხევით. ხალხი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. ესენი ბერები აღარ არიან, არიან საერო პირები, განკვეთილი ბერობიდან.

ხალხმაც უნდა იცოდეს ეკლესიური წესები, ის, რომ ბერული ცხოვრება წყევლა, კრულვა და გინება არ არის. მუდმივად ასეთ ცირკს დგამენ და თბილისში მიტინგებზე დადიან. ამ დროს ლანძღავენ ჩოხოსნებს. სრული აბსურდია ის, რომ ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა. მაშინ დაგვიდონ კადრები. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, 28 აპრილს წაჩხურუში ჩხუბი არ ყოფილა, თუ გარეთ ვიღაცამ იჩხუბა, ეს ჩოხოსანი არ ყოფილა. ერთი ვიდეოკადრი ვიღაცამ დამიდოს და თუ ეს დადასტურდება, მე მივდივარ ჩოხოსნების ხელმძღვნელობიდან. ეს არის ცრუ ბრალდება. ბინძური ცილისწამება. 10 -12 კაცი აბზრიალებდა მარტვილის რაიონს. დაშინებული ჰყავდათ ხალხი, ახლა რომ ვერ აკეთებენ ამას, ამიტომ არიან გაცოფებულები. ჩოხოსნები პატრიარქის გინებას არავის არ შევარჩენთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს. უწმინდეს თუ არ ემორჩილები, წადი იქიდან. მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ, თან ვიდეო ფაქტებით.