ავტორი:

"სიმონიანმა მეუღლე ტიგრან კეოსაიანი იმ ავადმყოფობით დააავადა, რომელსაც ტვინის გამოცლა ჰქვია" - რას პასუხობენ ყაზახები მარგარიტა სიმონიანის ქმრის მუქარას?

"სიმონიანმა მეუღლე ტიგრან კეოსაიანი იმ ავადმყოფობით დააავადა, რომელსაც ტვინის გამოცლა ჰქვია" -  რას პასუხობენ ყაზახები მარგარიტა სიმონიანის ქმრის მუქარას?

რამდენიმე დღის წინ კრემლის პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის ქმარი ყაზახეთში 9 მაისის აღლუმის გაუქმებას ვიდეოთი გამოეხმაურა და მეზობელ ქვეყანას ღიად დაემუქრა. "მეგობრობის თამაში დასრულდა - შეხედეთ უკრაინას...“ - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში რეჟისორი. ტიგრან კეოსაიანმა ყაზახეთის მოსახლეობას "უმადური ძმები“ უწოდა, თუმცა ვიდეოში ასევე ამბობს, რომ ეს მისი, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადი აზრია.

"დააკვირდით უკრაინას. დაფიქრდით სერიოზულად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პასუხისმგებელმა პირებმაც უნდა გადახედონ ურთიერთობებს ყაზახეთთან. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ეშმაკობა, ცდებით, მატარებელი მიდის, მაგრამ ყაზახეთს მაინც შეუძლია ბოლო ვაგონში გადახტომა. ასე ვერ მოგვატყუებთ, მეგობრობის თამაში დასრულდა. ახლა გადარჩენის საკითხია. დღეს ორი დიდი იდეის, ორი დიდი ქვეყნის ომი მიდის. ოღონდ მეორე ქვეყანა უკრაინა კი არა, ამერიკა და ნატოა“, - ამბობს კეოსაიანი და დასძენს, რომ მტრების სიაში შეიძლება მოხვდნენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში "ორაზროვან სიგნალებს" აგზავნიან.

"ტიგრან კეოსაიანის ოჯახის რუსეთის ხელისუფლებასთან სიახლოვის გათვალისწინებით, ეს შეიძლება კრემლის ოფიციალურ პოზიციად ჩაითვალოს", - წერს ყაზახური მედია და აღნიშნავს, რომ მისი სიტყვები "შეურაცხმყოფელი და მიკერძოებულია".

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტიგრან კეოსაიანი შესაძლოა მოხვდეს იმ პირთა სიაში, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. კეოსაიანის გამოსვლას ასევე უპასუხა ყაზახმა სამოქალაქო აქტივისტმა არმან შურაევმა. მისი თქმით, მეუღლემ მარგარიტა სიმონიანმა კეოსაიანი იმ ავადმყოფობით დააავადა, რომელსაც ტვინის გამოცლა ჰქვია. შურაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ყაზახი ელოდება უკრაინის რუსეთზე გამარჯვებას!

"და ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს... კეოსაიანმა თავისი განცხადებებით უხერხულ მდგომარეობაში დააყენა ყაზახეთის სომხური დიასპორა", - ამბობს ვიდეომიმართვაში ის.

შეგახსენებთ, რომ ტიგრან კეოსაიანი სომხური წარმოშობის რეჟისორია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. მისი მამაც ასევე რეჟისორი იყო, შვილზე გაცილებით პოპულარული გახლდათ და სწორედ მას აბრალებენ უნიჭო შვილის "გაქაჩვას,“ რომელივ "ვგიკში“ ჩაბარებისას პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრა.

ტიგრან კეოსაიანის ვიდეოს გამოქვეყნებამდე ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ 7 და 9 მაისს სამშობლოს დამცველისა და გამარჯვების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები წელს არ გაიმართება. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილება საბიუჯეტო თანხის დაზოგვასა და "სხვა პრობლემების გადაჭრის“ აუცილებლობას უკავშირდებოდა.

ყაზახეთი, რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ქვეყანაა, თუმცა მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ყაზახეთი "ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს. აპრილში ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ, ტიმურ სულეიმენოვმა EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

იხილეთ ასევე: