ავტორი:

"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება

"სახლში გაზი არ ჰქონდათ, ვირთხები დარბოდნენ" - ორი ქორწინება და გზა კრემლის პროპაგანდისტობამდე - როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება

მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ასე მოიხსენიებს რუსული მედია პუტინის მეხოტბეს, კრემლის მხარდამჭერსა და ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს, სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.

მისი პერსონა აქტუალური განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ გახდა, რადგან სიმონიანის განცხადებები შეურაცხმყოფელია უამრავი ადამიანისთვის.

რუსები მისი ცხოვრების გზას "სამაგალითოს" უწოდებენ. რიტა, როგორც მას ეძახიან, კრასნოდარში დაიბადა. მის ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, არ იყო გაზი, წყალი და ოთახებში ვირთხები დარბოდნენ.

სახლი, სადაც სიმონიანი ცხოვრობდა

ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ სიღარიბეს გაქცეოდა და მომავალში სიმდიდრეში ეცხოვრა, რაც საბოლოოდ რუსი ფიურერის, პუტინის ერთგულებითა და მხარდაჭერით შეძლო...

"პუტინს იმხელა მუხტი აქვს, მისი სიტყვით გამოსვლისას, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთის კოცნას იწყებს", - ამბობს მარგარიტა სიმონიანი

სკოლაში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში წავიდა. ახალი ცხოვრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, საცხოვრებლად შტატებში დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთში დაბრუნდა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოსცა ლექსების კრებული, რომელზეც ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი გააკეთა. რიტა ამბობდა, რომ მისი ოცნება ჟურნალისტობა იყო. ამის შემდეგ მიიწვიეს სტაჟირებაზე ადგილობრივ არხზე და ასე დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა, პოეტური კრებულის წყალობით. მისი, როგორც მწერლის კარიერა, ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით დაწერა წიგნი, რომლის სიუჟეტი მის ბიოგრაფიას ჰგავს. რიტა დღემდე წერს კულინარიულ სტატიებს ერთ-ერთი რუსული ჟურნალისთვის.

მიუხედავად ნანატრი პოპულარობისა, მარგარიტა ყოველთვის ცდილობდა, რომ პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დამალული ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დაახლოებით 6 წელი ცხოვრობდა ჟურნალისტ ანდრეი ბლაგოდირენკოსთან.

ანდრეი ბლაგოდირენკოსთან ერთად

მათ ურთიერთობაში ბზარი მარგარიტას კარიერული წინსვლის პერიოდში გაჩნდა. მოგვიანებით ამბობდა, რომ იმდენად იყო კარიერაზე ორიენტირებული, რომ ქორწილსა და ურთიერთობების დაკანონებაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მას ეს არ სურდა.

იმ მომენტში სიმონიანისთვის თავისუფალი ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო და ფიქრობდა, რომ ქორწინების მოწმობა ამ ყველაფერს გააფუჭებდა. მის არაოფიციალურ მეორე ნახევარს კი ოჯახური კომფორტი სურდა. წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, ყველაფერი მარტივად მოხდა, რადგან მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ.

2012 წელს მარგარიტას ცხოვრებაში ტიგრან კეოსაიანი გამოჩნდა. ამ დროისთვის ტიგრანი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო. ტიგრანი მშობლების კვალს გაჰყვა, რადგან მამამისიც ცნობილი რეჟისორი იყო, დედა კი მსახიობი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან იცოდა, რომ ფილმების გადაღება სურდა და სცადა VGIK-ის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაზეთები წერდნენ, როგორ ცდილობდა ცნობილი რეჟისორი ყველა საშუალებით გაეხადა თავისი უნიჭო შვილი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი.

ახლა რეჟისორი რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმისა და კლიპის ავტორია. კეოსაიანმა თავისი პირველი სიყვარული სარეკლამო რგოლის გადაღებისას გაიცნო. ალენა ხმელნიცკაია, მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში.

შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა, ერთი წლის შემდეგ კი ალექსანდრას მშობლები გახდნენ. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მაშინ ხმელნიცკაიამ საკუთარი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ტიგრანი და ალენა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ წყვილად, რუსული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახად ითვლებოდნენ. მაგრამ ყველაზე იდეალურ ურთიერთობასაც კი დასრულება ელოდა. 2011 წლიდან ყველაფერი აირია და მალე განქორწინება გადაწყვიტეს. ტიგრანმა და ალენამ მოახერხეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.

ტიგრან კეოსაიანი პირველ ცოლთან და შვილთან ერთად

სწორედ მაშინ გამოჩნდა ტიგრანის ცხოვრებაში მარგარიტა. დიდი ხნის განმავლობაში ქალი ვერ იჯერებდა, რომ ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორიც კეოსაიანი იყო, მისით დაინტერესდა. მამაკაცი მასზე 15 წლით უფროსია.

მალე წყვილი ერთობლივმა ბიზნესმა გააერთიანა. ტიგრანმა სოჭში რესტორანი "ჟარკო“ გახსნა. მალე გაირკვა, რომ მარგარიტას და ტიგრანს ერთმანეთი შეუყვარდათ და მათ ქალიშვილი მარიანა შეეძინათ. რიტა ამჯერადაც მალავდა მეორე ნახევარს. საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ მარგარიტა უკვე მეორე შვილს ელოდებოდა. ამჯერად ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაგრატი დაარქვა. მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტეს ტიგრანმა და მარგარიტამ, რომ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ.

შვილების გაჩენის შემდეგ მარგარიტამ კარიერა მიატოვა, მაგრამ ეს იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ სცენარების წერაზე გადაერთო, რომლის მიხედვითაც მისი ქმარი სერიალს იღებდა.

სიმონიანი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ახლო მეგობარია.

პუტინის ფავორიტი აშუქებდა ჩეჩნეთის ომს, ბესლანის ტერაქტს, აგვისტოს ომს და მცდარი ინფორმაციების გავრცელების მასტერკლასს ატარებდა.

მას მიღებული აქვს პუტინისგან არაერთი ჯილდო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მარგარიტა და მისი ქმარიც მოხვდნენ დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში.