ავტორი:

კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი

კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი

"ცოფს ყრიან კომუნისტები,/ სისხლით ვეღარა ძღებიან./ მიწაზე ხალხი გაწყვიტეს,/ ცაში ღმერთს ემუქრებიან/ და მეც ამ სევდის ნახვაზე გულს ცეცხლი წამკიდებია./ ვხედავ რომ დღენი სიცოცხლის უსიამოვნოდ ქრებიან...“ - ამ სტრიქონების ავტორი ზოგიერთისთვის გმირი იყო, ზოგისთვის - მკვლელი და ყაჩაღი, მის ლექსებსა და ლეგენდად ქცეულ ამბებს კი დღესაც მოისმენთ ფშავის სოფლებში.

ფშაველი მელექსე გოგია ჭიჭოშვილი თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოდან იყო. უმაღლესი პედაგოგიური განათლება თბილისში მიიღო, მერე კი მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლადაც იმუშავა. 1939 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ უარი თქვა, - ამ ომში წამსვლელი არ ვარ, ეს რუსების დამპყრობლური ომია თავისუფალი ხალხების წინააღმდეგო, - და ტყეში, ყაჩაღად გავარდა. 10 წლის განმავლობაში მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გოგიამ კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა. იგი 1948 წელს ძალიან ახალგაზრდა, 29 წლისა, ღალატით მოკლეს.

ხელისუფლებამ გოგია თიანეთის მილიციის ეზოში დაამარხინა პატიმრებს, ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი არავის სცოდნოდა და მისი ხსოვნაც საბოლოოდ ჩაეკლათ, მოესპოთ.

თიანეთის სოფლებში ბევრს მოუსმენია ჩონგურზე დამღერებული ლექსი:

"ილტოვ, ცრემლებად ნადენო,/ სადრა-რა მიიჩქარია,/ თუ ბარი მოგწონ, ტიალო,/ მთებიც ხო შენი მხარია./ წაიღე ჩვენი ამბავი,/ ალხაზოვს ჩაუტანია,/ აჰყაროს შავი რაზმები,/ ჭულახევს მეომარია./ აქით არავინ წავიდეს/ ამ ამბის ჩამამტანია...“, რომლის ავტორად ხალხი გოგია ჭიჭოშვილს ასახელებდა და კარგ და შეუპოვარ ვაჟკაცად, ლამაზი ლექსების ავტორად და ნიჭიერ მხატვრად მოიხსენიებდა.

გოგია ჭიჭოშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება გოგიას სახელის ხსენებას 1941 წლიდან კრძალავდა, მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მაინც მღეროდნენ ქორწილებში, დღეობებში, სხვადასხვა თავყრილობაზე: "ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ,/ სოფელ ლიშოში მდგარია,/ ძმა-ბიჭის მოსიყვარულე,/ მეზობლის უწყინარია,/ გვერდით მყავს ბარის ლომები,/ დისწული-დედიძმანია,/ მეოთხე გვტანავ თომაი,/ ქორ-შევარდენი ჩქარია,/ მიზანში სწორად მსროლელი,/ ბიჭია ნაფრონტალია...“

ლექსებიდან და ხალხური წყაროებიდან ირკვევა, რომ მისი რაზმის წევრები არიან: თომა - გოგიას ბიძაშვილი, ივრისხეობელი გერმანიაში "ნაფრონტალი“ ახალგაზრდა, რომელიც დაჭრილი ჩამოვიდა ლიშოში; დედის ძმა ტოტიკო უნაფქოშვილი, ნასაბჭოსთავმჯდომარევი მოხუცი კაცი საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან და ახალგაზრდა დისშვილი მიტო, პატარძეულიდან. როგორც ჩანს, ჭიჭოშვილის წინააღმდეგობის რაზმში სხვადასხვა დროს ყოფილან ივრისხეობელი ფშაველი პავლე თუშიშვილი, ხევსური სანდრო ჩაჩაურაშვილი და ვინმე იუდაის შვილი, ლაფანყურელი ფშაველი. პირველი მალევე მოუკლავს ხელისუფლებას, მეორე - მოგვიანებით, მესამე კი - ან ჩამოშორდა რაზმს, ან მოკლეს.

  • გოგია ჭიჭოშვილი - გმირი, მკვლელი თუ ყაჩაღი

10 წლის განმავლობაში იარსება, თურმე, გოგიას რაზმმა და მხოლოდ მეათე წელს მოახერხა ხელისუფლებამ მისი განადგურება. ცნობილია, რომ ოთხეული ხშირად იცვლიდა ადგილმდებარეობას: ხან ივრის ხეობაში იყო, ხან ილტოს, არაგვის და ლოპოტის, ხან ალაზნის ველზე და ფშავისა და თუშეთის მთებში, პანკისიც მოუვლია, შირაქიც, ჭარ-ბელაქანიც და დაღესტანიც. როგორც ჩანს, თანამგრძნობი და სანდო ხალხი ყველგან ჰყავდა, თორემ ამდენ ხანს ვერაფრით გაძლებდა. ამბობენ, გოგიას თავისი აგენტურა შინსახკომის ადგილობრივ განყოფილებებშიც კი ჰყავდაო.

გოგიას რაზმის წევრები ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ და მოსახლეობას არაფერს უშავებდნენ. თუ ვინმეს კლავდნენ, მხოლოდ პარტიზანული რაზმების დევნის დროს. შეტაკებები, ძირითადად, თიანეთის რაიონში ხდებოდა. უბრალო ხალხს უყვარდა გოგია ჭიჭოშვილი - თავშესაფარს სთავაზობდა, სურსათ-სანოვაგეს უგზავნიდა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც ატყობინებდა.

მიხა ხელაშვილი

თიანეთის რაიონის მილიციის უფროს ლაცაბიძეს მისი შეპყრობა რომ განუზრახავს, გოგიას ლექსი გაუგზავნია მისთვის: "თიანეთს, ლაცაბიძეო,/ მარჯვენამც დაგმიწებია,/ ლიშოში ჩემი დაჭერა/ ტყუილად დაგიკვეხია./ ვისაც ჩემ სიკვდილს ავალებ,/ ჩემი ძმები და დებია,/ მოვლენ და მამახარებენ,/ რასაც შენ შაგპირდებიან“.

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლებამ გოგიას მასპინძლებში მაინც იპოვა მოღალატეები. ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში სწორედ მოღალატეებს დაახოცინეს პურისჭამაზე მსხდომი გოგია და თომა, თანაც ისე მოაწყვეს, თითქოს ერთმანეთი შემოაკვდათ! ამის ამბის შემდეგ, მალევე, ერწოს სოფელ მაგრანეთში, ასევე, ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს მიტო და ტოტიკო.

გოგიას რაზმი შინ არასდროს მივარდნია ვინმეს, შინსახკომელებსაც კი. გოგია ყოველთვის ელოდებოდა ამა თუ იმ კაცის გარეთ გამოსვლას, ანგარიში რომ გაესწორებინა. გოგია ჭიჭოშვილის სახელის ხსენება კომუნისტების დროს კი იკრძალებოდა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რამდენჯერმე გამოჩნდა პრესაში. პირველად მის შესახებ თამამად ედიშერ გიორგაძემ დაწერა და აღნიშნა, რომ სწორედ გოგიამ აიღო მიხა ხელაშვილის სისხლი - მიხას მკვლელობიდან 24 წლის შემდეგ მისი მკვლელი ლუკა მარცვალაშვილი მოკლა.

ხელაშვილის მკვლელები პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანაშვილი და ლუკა მარცვალაშვილი

გოგია კარგა ხანს ცდილობდა, თურმე, ლუკას ხელში ჩაგდებას. ბოლოს შირაქში, ტარიბანაში ყოფნისას წააწყდა. მწერალი და მეცნიერი ტრისტან მახაური იხსენებდა, გოგია იმხანად შირაქს აფარებდა თავს. ხელისუფლებამ ეს გაიგო და მწყემსები შეაიარაღა. ჯილდოსაც კი დაჰპირდა მისი სიკვდილისთვის. შირაქში გაჩნდა ლუკა მარცვალაშვილიც, - იმედოვნებდა, ხელაშვილის მკვლელობიდან წლების შემდეგ ჭიჭოშვილსაც მოუღებდა ბოლოს, მაგრამ მეგობარ მწყემსებს უკვე გაფრთხილებული ჰყავდათ გოგია. ისიც მარცვალაშვილს გზაზე ჩაუსაფრდა და მიახლოებულს გადმოუხტა, - შენ მოკალი ხელაშვილიო? იმანაც უნებლიეთ დაუდასტურა და თოფსაც წაეტანა, მაგრამ გოგიამ დაასწრო და სული გააფრთხობინა. მერე მწყემსების ბინაში ჩავიდა და უთხრა, - ტყეში ღორი მოვკალი, წადით და გაათრიეთო.

  • გოგიას გზა - ბეწვის ხიდზე სიარული

წლების წინ მწერალმა ვალერიან ჩეკურიშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა ქისტების ცხოვრებაზე, სადაც ასეთი ეპიზოდი ჩართო: გოგია ჭიჭოშვილი შევიდა ახმეტის სასადილოში, სადაც ისხდნენ მუსიკოსები და დამკვრელები. გოგიამ ჰკითხა, აბა, თუ იცით ჭიჭოშვილის რომელიმე ამღერებული ლექსიო? ამათ უთხრეს, როგორ არაო. მიაწოდა ფული გოგიამ, აბა, ეს ლექსი იმღერეთო. დაიწყეს სიმღერა და ამ დროს შევიდა სასადილოში ახმეტის შინსახკომის უფროსი რუბენ ალხაზოვი, მოისმინა სიმღერა და მეგარმონეები გააჩუმა, რას მღერითო? - რა ვიცი, უფროსო, შეგვიკვეთესო. გოგიამ და მისმა მეგობრებმა დაუძახეს, - მწყემსები ვართ, დაღლილები შემოვედით, სიმღერის მოსმენა გვინდოდა და, რა მოხდება, დაამთავრებინეთო. - თქვენცა მყევხართ ჩოლოყაშვილებიო, - მიუგო, თურმე, ალხაზოვმა. ცოტა ხანში სასადილოს ერთ-ერთ თანამშრომელს გაუხმია ალხაზოვი და რაღაც უჩურჩულია. გოგია და მისი მეგობრები მიხვდნენ, რომ ვიღაცამ იცნო, საშიშროება იგრძნეს და მშვიდობიანად გაეცალნენ იქაურობას. გოგია ხშირად ჩნდებოდა ნიღბით შუაგულ ახმეტაში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში. არსებობს გადმოცემები, როდესაც ერთხელ ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მის რაზმს პარტიზანებმა ალყა შემოარტყეს და ბრძოლა გაუმართეს, გოგიამ გადაიცვა ქალის ტანსაცმელი, მოიბურა თავშლით, აიღო პატარა კუნძი, ჩვრებში გაახვია და "ნანა, შვილოთი“ გამოვიდა გარეთ. - უი, ქალს არ ესროლოთო, - დაუწყიათ პარტიზანებს, ამასობაში გოგია მიხვეულ-მოხვეულებით სამშვიდობოს გავიდა და თავიც გადაირჩინა.

ერთხელ პოეტმა ერეკლე საღლიანმა მიამბო:

- ბოლშევიკებმა ადამიანს არჩევანი არ დაუტოვეს: ან უნდა შეჰგუებოდა იმ საშინელებას, ქედი მოეხარა ყველაფრის წინაშე, ან რაღაც ფორმით გაეპროტესტებინა. გამოხატვის მრავალი გზა არსებობდა და ერთ-ერთი იყო გოგიას გზა - დაპირისპირება ვეებერთელა თვითმპყრობლურ აპარატთან. მარტო კაცი იბრძოდა და მისი ცხოვრების ყოველი დღე ბეწვის ხიდზე სიარული იყო. არსენა ოძელაშვილის სიტყვები ხომ გახსოვთ? – "7 წელი ყაჩაღად ვარ, კაცის ცოდვა არ მაძევსო“, - გოგიას ამის საშუალებაც არ მიეცა. გარემო არ აძლევდა სხვაგვარად მოქცევის საშუალებას. თუნდაც დიდი მიხა ხელაშვილი როგორ მოკლეს! კავკასიური ეთიკის მატარებელი კაცი, მტერიც რომ ყოფილიყო, ასე ვერ მოკლავდა. სტუმრად მყოფ, შენთან ერთად ნაქეიფარ მძინარე კაცს რომ ტყვიას დაახლი, აი ეგ არის ჩვენთვის სიკვდილი და არა ის, რომ ვიღაც ვიღაცის დავალებას ასრულებს. გოგია ჭიჭოშვილმაც აღასრულა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო. ეს კაცი იყო მახვილი მესიისა, უფლისგან ამ ქვეყანაზე გამოგზავნილი. რა თქმა უნდა, უფალს ბოლომდე უნდა მივენდოთ, მაგრამ როდესაც ადამიანის გარყვნა და გახრწნა სწრაფად ხდება, თვალის დახამხამების საშუალება რომ აღარ გაქვს, ხანდახან ცოდვაც კი უნდა იტვირთო: "სისხლი, სისხლი და სიავე!/ - დრო არის აჩქარებისა!“, - უთქვამს გოგიას. მეც მიმაჩნია, ამ დროს ცოდვის აღება უფრო დიდი ვაჟკაცობაა, უფლის წინაშე ნაკლები დანაშაულია, ვიდრე - შეგუება იმ უზნეობასთან, ამ კაცის ირგვლივ რომ მძვინვარებდა. დღეს ვინმემ, პარკეტის სუნით გაჯერებულმა მელექსემ რომ თქვას, "მე ჭიჭოშვილი როდი ვარ, შვილი ვარ მყინვარებისაო“, - სიცილით მოკვდები, იმიტომ, რომ სიტყვებს მიღმა უკვე იქნება ის კაცი, რომელსაც ხეირიანად მთაც კი არ უნახავს. გოგიამ ღია ცის ქვეშ გაატარა ცხოვრების ნახევარი, იცოდა, რა იყო მთების შვილობა, კაცობა, ყოველი გასროლილი ტყვიის ფასი: "ბევრ თქვენგანს ავალოკინებ ჩემი "ტურენცკის“ ტყვიასაო“. პირდაპირი კაცი იყო, ღიად, დაუფარავად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. გარკვეულწილად, დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სულიერ მემკვიდრედაც მესახება გოგია ჭიჭოშვილი, იმიტომ, რომ ყაზბეგიც მარტო იყო იმ ბრძოლაში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ყაზბეგი კალმით იბრძოდა, ეს - იარაღით... გოგია ჭიჭოშვილის სახელის წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მჯერა, სწორედ მისმა და მისნაირების ეთიკამ უნდა იხსნას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რომ იმ სულის მატარებლები ვიყოთ, გოგიას რომ ჰქონდა, დღეს საქართველოში ეს მდგომარეობა არ გვექნება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე