ავტორი:

"ვიფიქრე, ჩემი ქმარი იქაა, როგორი ცოლი ვარ, მე თუ აქ დავრჩები?!“ - ქართველი მებრძოლი ქალები უკრაინაში: რას წერს მათ შესახებ the Time-ი?

"ვიფიქრე, ჩემი ქმარი იქაა, როგორი ცოლი ვარ, მე თუ აქ დავრჩები?!“ - ქართველი მებრძოლი ქალები უკრაინაში: რას წერს მათ შესახებ the Time-ი?

ბრიტანული გამოცემა The Time ვრცელ სტატიას უძღვნის იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. სტატიაში საუბარია ქართველ მებრძოლ ქალებზეც - ნანა ტომარაძესა და დარეჯან მაისურაძეზე.

“უკრაინაში ბევრი უცხოელი ქალი იმყოფება, რადგან ისინი არ მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მამაკაცებმა უნდა იბრძოლონ. თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, 31 წლის ქართველი, ნანა ტომარაძე თბილისში, სახლში, თავის 8 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. მისი უკრაინელი ქმარი კი სამშობლოში იყო და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა“, - წერს Time-ი.

"ვიფიქრე, როგორი ცოლი ვარ, აქ რომ ვიჯდე?! შეიძლება ის იქ მოკვდეს. ამ ყველაფერს შორიდან ვუყურო?“, - ამბობს ტომარაძე. მან შვილი ბაბუასთან დატოვა და ქართველთა იმ ავტობუსის მგზავრი გახდა, რომლებიც უკრაინის დასაცავად გაემგზავრნენ.

"იქ იყვნენ ყოფილი ჯარისკაცები, ბარმენები, მხატვრები და რამდენიმე პოეტიც კი. ჩვენ ვიცით, რა განცდაა რუსეთთან ომი“, - ამბობს ტომარაძე და იხსენებს 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

ნანა ტომარაძე ქმართან, ევგენისთან ერთად

თავდაპირველად, ის უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდა, სადაც გაიარა სწავლება, თუ როგორ უნდა ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. შემდეგ ქმარს შეხვდა და მასთან და მეგობართან ერთად უკრაინის დედალაქის გარეუბნებში განაღმვითი სამუშაოების შესრულება დაიწყო.

"რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ჩართულია. ჩვენი ენერგია რაღაც კარგისთვის უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდეს“, - ამბობს ტომარაძე.

"ქართველებს უკრაინელების უფრო მეტად ესმით, ვიდრე სხვა ვინმეს მსოფლიოში“, - ამბობს მოძრაობა "სირცხვილიას“ დამფუძნებელი მარიამ გეგუჩაძე Time-თან. მისი თქმით, ის სულ ცოტა, 10 ქართველ ქალს იცნობს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

ერთ-ერთი მათგანია 63 წლის დარეჯან მაისურაძეა, რომელიც 2008 წელს საქართველოდან საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და ჩერნივციში სალონი გახსნა.

მაისურაძე ახალგაზრდობისას, ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯარში მსახურობდა, სნაიპერი იყო. ამბობს, რომ კვლავ იარაღის აღება გადაწყვიტა, როდესაც ბუჩადან ევაკუირებული ბავშვები ნახა. "მათი თვალები შუშისგან შექმნილს ჰგავდა, პუტინმა მათი ბავშვობა გაანადგურა, ამიტომ ახლა მე უნდა ვიბრძოლო“, - ამბობს ის.

მაისურაძე როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძალების ნაწილი, ახლა ჩერნივცის საგუშაგოებს იცავს.

"რუსეთი ბოროტების იმპერიაა და ბოროტება უნდა დასრულდეს“, - ამბობს 63 წლის ქართველი მებრძოლი ქალი.