ავტორი:

"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ

"დააგროვა ბიბილოვმა ქონება და დონეცკელ ცოლთან ბედნიერად იცხოვრებს... მისი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ჩვენები ომში იხოცებიან" - ცხინვალში არჩევნებს აფასებენ

"შეცდომები მმართველობაში, მაგრამ არჩევნების ღირსეული დათმობა... წააგო, აღიარა, წავიდა" - ასე აფასებს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც პოლიტიკური პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა ხმათა 54,2-ით გაიმარჯვა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ახლა მთავარია, როგორ ურთიერთობას განავითარებს ან შეინარჩუნებს ის რუსეთთან.

"ალან გაგლოევი მოსკოვური დროით" - ასეთი სათაურით ეხმაურება გამოცემა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ არჩევანს. მათივე ცნობით, ეს იყო რეპუტაციების კონკურსი.

ალან გაგლოევი არც ისე დიდი ხნის წინ, ცხინვალის რეგიონში არც ისე ცნობილი პერსონა იყო. ბიბილოვთან შედარებით, მისი მთელი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ე.წ. ცხინვალის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი, რუსეთში გააგრძელა კვალიფიკაციის ამაღლება...

ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სახელს უკავშირდება, ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდას ინალ ჯაბიევის საქმის გარშემო აქტიურობა. გაგლოევის მხარდაჭერით, დაზარალებულის ოჯახი რამდენიმე ხნის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს ატარებდა, რის შედეგადაც რამდენიმე მილიციელი დააპატიმრეს, ორი კი, "ხელწერილის" საფუძველზე გაუშვეს. მაშინ ცხინვალის მოსახლეობა წერდა, რომ ეს პარტია "ნიხასის" (ალან გაგლოევის პარტია) დამსახურება იყო.

რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვს, მას რეგიონის მოსახლეობა არაერთს განზრახ თუ გაუაზრებლად ჩადენილ საქმეებში ადანაშაულებს. ამ მხრივ გამორჩეულია, წნელისის საგუშაგოს თემა, რომლითაც მან ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლაციაში მოაქცია.

ბიბილოვმა ახალგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსნიდა, თუ მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან წნელისის საგუშაგოს აღება მოითხოვდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია... მის ახირებას რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გაუსაძლისი პირობების გამო დაიცალა სოფლები და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

სხვათა შორის, ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას უაზრო ახირებად მიიჩნევდნენ თავად ოსებიც, რომელთაც ასევე მოუწიათ სახლ-კარის დაკეტვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდნენ...

"ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული სიკეთეებით სარგებლობდნენ ოსები და ეს იზოლაცია მათაც შეეხოთ. ცხინვალამდე შორი გზაა, ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადიოდა, იქამდე წასასვლელი ფული ყველას არ ჰქონდა, მით უფრო, რომ იქ ყველაფერი ძვირია... ეს ყველაფერი ვერ გაითვალისწინა ბიბილოვმა, ლენინგორის მოსახლეობის მიმართ მიღებულმა არაჰუმანურმა გადაწყვეტილებამ მის წაგებაში დიდი წვლილი შეიტანა" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი თამარა ფუხაევი.

"კიდევ ორი დიდი შეცდომა, რაშიც ბიბილოვს ადანაშაულებენ არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის რუსეთისთვის მიერთება. ბიბილოვი მაშინ ირწმუნებოდა, რომ ოს სამხედრო კონტრაქტორებს ქვეყნის დატოვება არ მოუწევდათ, სამხედრო მომზადებასაც გაივლიდნენ და ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურებაც ექნებოდათ. თუმცა ასე არ მოხდა, უკრაინის ომში უკვე დაიღუპა რამდენიმე ოსი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, თუმცა ე.წ. პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია და საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები ინტენსიურად მართავდნენ რუსეთის მხარდამჭერს აქციებს, სლოგანით - "პუტინ, ჩვენ თქვენთან ვართ!" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც ოსი სამხედროები ბიბილოვს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხდება!.. ადგილობრივების თქმით, ამის პარალელურად, უკრაინაში ოსი კონტრაქტორები მაინც მიჰყავთ.

"ჩვენი ხელისუფლება უსინდისოდ ითხოვს, რომ ოსმა სამხედროებმა სამხედრო პროფესიონალიზმი და გამოცდილება ფრონტის წინა ხაზზე გამოიყენონ... ანუ საკმარისი არ არის, კიდევ უნდა დაიხოცონ ჩვენი ბიჭებიო, ამას ამბობდა ბიბილოვი, თავად კი, თავის დონეცკელ ცოლთან ერთად აპირებს იქ გადასახლებას, რომ ბედნიერად იცხოვროს. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი ქონება დაუგროვებია და თურმე იმის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ წაგება აღიარა?.. პასუხისმგებლობა მოიხსნა, ჯარი გააუქმა, რის გამოც ჩვენი ბიჭები უკრაინის ომში იხოცებიან.. მე წინააღმდეგი არ ვარ რეფენფუმის, რომელიც რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს, მაგრამ რაღაცები უნდა გავიაზროთ, რომ გადავრჩეთ..." - წერს სოციალურ ქსელში იანა ხუბაევა.

დღეს, უკრაინაში მცხოვრები, წარმოშობით ვლადიკავკაზელი ოსის მიმართვა გავრცელდა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა და ოსებს მოუწოდა, არ წავიდნენ ომში. ყაზბეგ თედეევი kavkazr.com-თან საუბარში ჰყვება, რომ უამრავი ოსი უგზავნის ახლობლის, შვილების, ქმრების ფოტოებს და სთხოვენ ცხედრების გადმოსვენებაში დაეხმარონ.

"ვცდილობ დავეხმარო მათ და კონტაქტები მივაწოდო. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტება – პუტინი მოკვდება და მე იქ დაბრუნებას შევძლებ. ძალიან მიყვარს ოსეთი და ძალიან მენატრება" - ამბობს თედეევი. ამ მიმართვის შემდეგ, მის ოჯახს ვლადიკავაზში სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და მოუწოდეს, "რომ თედეევი გონს მეგოს".