- კი მარა, ეს იმერელი ჟურნალისტები იმერელ რესპონდენტებს ირჩევთ სულ, თუ როგორაა თქვენი საქმეო, იკითხა ვასო ფხაკაძემ, ერთ კილოკავზე მოსაუბრე ნიკა არაბიძე და ჟურნალისტი რომ დაინახა დერეფანში. არადა, იმერელ დედას გეფიცებით, გაქანებული კახელი ვარ. უბრალოდ, ცოტაოდენი თეატრალური მონაცემი თუ გაქვს, ნიკასთან სხვანაირად ვერ ილაპარაკებ. - არ ხარ ოფისში შემოსაშვები, ახლა რაღა დროის მოსვლა იყო, დამთავრდა შესვენებაო, კი მომამადლა, მაგრამ მაინც შემიშვა. არანაკლები იუმორი აქვს მის მეგობარს, კობა ბარათელს. ნიკა მისი შვილის ნათლიაცაა თურმე.
მეგობრები, წესისამებრ ცალ-ცალკე ჩავწერეთ იმის გასარკვევად, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს. ინტერვიუს დაწყებამდე ემუქრებოდნენ კიდეც ერთმანეთს, იმისთანები უნდა ვილაპარაკო შენზეო...
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
ნიკა:
- ის დღე დაიწვა, მე და კობამ რომ ერთმანეთი გავიცანით. ეს ისტორიული მოვლენა მოხდა 1992 წელს, ქუთაისის უნივერსიტეტში, მე მივდიოდი, კობა მოდიოდა. შევხედეთ ერთმანეთს, მე მივხვდი, რომ ის ის იყო და კობა მიხვდა, რომ მე მე ვიყავი. იქიდან იწყება ამ ორი ფილარმონია ადამიანის ურთიერთობის ამბავი.
კობა:
- ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვნახე ნიკა პირველად. დაახლოებით 1992 წელი იქნებოდა, მაგ დროს ჩააბარა მაგ საცოდავმა ზემოხსენებულ ინსტიტუტში.
- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე? როგორ გგონია, მას რა შეხედულება გაუჩნდა შენზე პირველ ხანებში?
ნიკა:
- კობასთან შედარებით პატარა ვარ. იმ პერიოდში კობა და მისი მეგობრები უკვე "კა-ვე-ენ"-ში თამაშობდნენ, "შარახვეტია" ერქვა მათ გუნდს. ძალიან მომწონდა ეს ბიჭები და მათთან ურთიერთობა მინდოდა. კობაზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა და ძალიან მიხარია, რომ არ გამიცრუვდა იმედები. თუმცა ხანდახან ნერვებს მიშლის... მასაც კარგი შთაბეჭდილება უნდა შექმნოდა თავიდანვე, სულ თავდახრილი ველაპარაკებოდი და...
კობა:
- ძალიან მეცოდებოდა თავიდან, ქერა რომ იყო. მასაც ვეცოდებოდი, მაგრამ იმის გამო არა, თმა რომ არ მქონდა, მაშინ ხუჭუჭა ვიყავი, მასზე ნერვიულობამ გამამელოტა.
- რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?
ნიკა:
- ჯუჯღუნაა ძაან, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერი. მე უნივერსალური ადამიანი ვარ, ჩემი ყველაფერი უნდა მოსწონდეს.
კობა:
- ყველაფერიც მომწონს, იმნაირი ადამიანია, ისეთი თვისება რომც ჰქონდეს, რაც სხვა ადამიანში არ მოგეწონება, მასში არ გაგაღიზიანებს. მგონია, რომ მასაც ყველაფერი მოსწონს ჩემში.
- სულ ტყუილად გგონია, იმდენი რამ ჩამოთვალა...
- ჩამოთვლიდა, შურიანი და ბოღმა ადამიანია (იცინის)! არადა, რომ გამოვიდა ამ ოთახიდან (პირველი ნიკა "დავკითხე" - ავტ.) მითხრა, იმნაირი კაი რაღაცები ვილაპარაკე შენზე, ვინ გყავს მეორე ჩემისთანაო! ახლა გამახსენდა, ალბათ სიმთვრალე არ მოსწონს ჩემი, სიმთვრალეში მისი საპატრონო ვარ და იმიტომ. მიწაზე მუშაობა რომ არ მიყვარს სოფელში, არ მგონია, ეგ აღიზიანებდეს ნიკას, არც თვითონ იკლავს თავს.
- ადვილად სწყინს? შენ?
ნიკა:
- კი, რამეზე რომ ვეკაიფებით ან "შუტკას" ვუჩალიჩებთ, არ მოსწონს, ბრაზდება და მთელი დღე ამაზე ჯუჯღუნებს. ჯუჯღუნი მეც ვიცი.
კობა:
- კი, ბუზღუნაა ცოტა, შეიძლება, უცბად გაღიზიანდეს. მე ჯუჯღუნა ვარ. რომ ვიტყვი, დიეტაზე ვარ-მეთქი და მერე ცოტა დიდ ულუფას დამინახავენ თეფშზე, დამცინიან. მე მთელი გულითა და სულით ვცდილობ, წონაში დავიკლო და იმის ნაცვლად, რომ სტიმული მომცენ, სასაცილოდ მიგდებენ. პიცის დიეტაზეაო, ასე ამბობენ.
- რა ჟანრის მუსიკას უსმენს? შენ?
ნიკა:
- ძირითადად საქეიფო სიმღერებს უსმენს. კობას კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ქეიფიდან რომ მოდის მანქანით, მაინცდამაინც კლასიკის გუნებაზე არ არის. მე ყველაფერს ვუსმენ კარგს. მაგალითად, მიყვარს მომღერალი სტინგი. როკს ვერ ვუსმენ, არ მომწონს.
კობა:
- უსმენს ნიკა რამეს? მე ყრუ მგონია და... რა გითხრა აბა, ყველაფერს უსმენს, ნორმალურს. მეც ასე ვარ, კაი რაც არის, მომწონს.
- მისი საყვარელი ქართული სიმღერა? შენი?
ნიკა:
- მაგალითად, "ჩაკრულო", ჩაინიკას "გამოკრულო" უყვარს (იცინის).
კობა:
- არ ვიცი. მე ვერ დაგისახელებ ჩემს საყვარელ სიმღერას, ერთი რომ ვთქვა, მეორეს ეწყინება. საერთოდ, რესტორანში ვისმენთ ძირითადად სიმღერებს, ზოგჯერ ვმღერით კიდეც. ასაკი არ მიწყობს ხელს, თორემ, "ჯეოსტარს" არ გავმაზავდი.
- რა მუსიკაზე ცეკვავს? შენ?
ნიკა:
- ცეკვა კლასიკაზე უჭირს, ჩვენ მაინც ქართველები ვართ და ქართულ ცეკვებს ვცეკვავთ. ისე, კობას ყველაფერი გამოსდის, თავისებური ინტერპრეტაციით ასრულებს და თან ფიზიკური მონაცემებიც უწყობს ხელს, იხდენს ყველაფერს. განსაკუთრებით აჭარული გამოსდის კარგად. მე ნიჭიერი ვარ ძაან, ბავშვობაში ოთხი წელი ვცეკვავდი, მოსკოვშიც ვიყავი გასტროლებზე, მედალიც მაქვს, არ ვიცოდი, დღეს ამ თემაზე თუ მომიწევდა ლაპარაკი, თორემ გულზე მედლით გეახლებოდით ინტერვიუზე.
კობა:
- აჭარული გამოსდის საუკეთესოდ. მეც აჭარული მიყვარს, ხაჭაპურიც და ცეკვაც. მიმაჩნია, რომ აჭარული არის ერთადერთი ქართული ცეკვა, რომელიც ჩემი გაბარიტების ადამიანსაც უხდება. ამიტომ ვბედავ და ვცეკვავ. თუმცა მშვენივრად გამომდის "ჩაჩაჩა", "სამბა" და "ბრეიქდანსი".
- მისი საყვარელი სადღეგრძელო? შენი?
ნიკა:
- კობას საყვარელი სადღეგრძელო იქნება საქართველოს სადღეგრძელო. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, წარმოშობით ზესტაფონიდან არის, მერე ცხოვრობდა ტყვარჩელში, მერე ქუთაისში სწავლობდა, ახლა თბილისში მუშაობს. ერთი სიტყვით, ყველგან ნამყოფია და ყველგან კარგად გრძნობს თავს. ასე რომ, ჩვენს კუთხე-კუნჭულებს გაუმარჯოს, შეუცვლელია კობასთვის. მე ყველა ქართული სადღეგრძელო მიყვარს, ნორმალურად თუა ნათქვამი, მაგრამ განსაკუთრებით დედის სადღეგრძელო მიყვარს და ქუთაისის.
კობა:
- ახლა, რაც მამა გახდა და ეს სიყვარულიც შეიგრძნო, პატარების სადღეგრძელო შეუყვარდა, თუმცა იყო დრო, როცა დედის სადღეგრძელო უყვარდა. მე, ვალია ბარათელის შთამომავალი, ხასიათის მიხედვით ვარჩევ სადღეგრძელოებს.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
ნიკა:
- არ მახსოვს, ალბათ გლობალურ დათბობაზე ან ბირთვულ ფიზიკაზე.
კობა:
- ნიკა ამბობდა, ბარაქ ობამა მეგრელიაო, მე გურულობას ვწამებდი. ბოლოს ნიკა გრიგოლიამ გაიმარჯვა, სვანი ყოფილა ობამა.
- პუნქტუალურია? შენ?
ნიკა:
- პუნქტუალურები ვართ ორივე, არ ვაგვიანებთ სამსახურში. ჩვენთან ეს საკითხი საკმაოდ მკაცრად არის დაყენებული, დიდი საყვედური და რიგ შემთხვევაში ჯარიმაც შეიძლება გერგოს წილად.
კობა:
- მე და ნიკა ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მოვდივართ სამსახურში. მიზეზი ისაა, რომ ოფისთან ახლოს დავაყენოთ მანქანა. თუ დააგვიანე, აქ იმდენი მანქანა გროვდება, შეიძლება, ისე შორს მოგიხდეს გაჩერება, იქიდან ტაქსი დაგჭირდეს სამსახურში მოსასვლელად.
- როგორი ნებისყოფა აქვს, მაგალითად, შეუძლია დიეტა დაიცვას? შენ?
ნიკა:
- ექიმის დანიშნულ დიეტას ზედმიწევნით იცავს, ეშინია ჯანმრთელობის შერყევის. თავის დანიშნულ დიეტას წონის დაკლების მიზნით ხშირად არღვევს, შეუძლია, ორი დღის შიმშილი ერთ დღეში წყალში ჩაყაროს. მე უფრო მაქვს ამ მხრივ ნებისყოფა. ერთხელ დავიცავი ძალიან მკაცრი დიეტა, მართალია, ტანჯვა-წამებაში გავატარე ეს ათი დღე, მაგრამ მამაცურად გავუძელი. ახლა ამ ახალ სტუდიაში სასადილო არ გვაქვს და კი ხედავ, დავემსგავსე ფარჩხზე გადასაკიდებელს.
კობა:
- მაგაში მჯობია ნამდვილად. თუ იტყვის, გააკეთებს. მე ფიქსირებული დიეტა არასდროს დამიცავს. შეიძლება, ცომეული ამოვიღო და ამას დავარქვა დიეტა.
- რას ვერ იმახსოვრებს? შენ?
ნიკა:
- ფულს რომ ვასესხებ, ავიწყდება ხოლმე. სამაგიეროდ, მე არ მავიწყდება და მალ-მალე ვახსენებ. მე ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ.
კობა:
- გულმავიწყი არ არის, რამდენჯერაც მასესხა ფული, იმდენჯერ მომთხოვა. მეც მღალატობს ბოლო დროს მეხსიარება. დავუშვათ, მივდივარ სამზარეულოში წყლის დასალევად. შევალ და არ მახსოვს რისთვის შემოვედი და სანამ უკან არ გამოვალ, ვერც გავიხსენებ. მაღაზიაში ფულს ვიხდი და პროდუქტებს ვტოვებ დახლზე.
- მისი ფეხის ზომა...
ნიკა:
- 43 გვაქვს ორივეს.
კობა:
- ჩემი გამონაცვალით დადის სულ, 42 გვაქვს ორივეს.
- მისი წელის გარშემოწერილობა? შენი?
ნიკა:
- ახლა, ცოტა მარტივი კითხვები დამისვი, თუ შეიძლება! სტანდარტი ვიცი 90/60/90, კობას სტანდარტი იქნება 100/120/110. ჩემი წელის გარშემოწერილობა ნამდვილად არ ვიცი. როგორც კი დამირეკავენ სილამაზის კონკურსიდან ან რომელიმე სამოდელო სააგენტოდან, მაშინვე მოგახსენებთ.
კობა:
- ჩემია - 118. ნიკასი იქნება - 106.
- რა აღიზიანებს ქალში? შენ?
ნიკა:
- კობას ქალში არაფერი არ აღიზიანებს, კობა და ქალი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. მე არ მომწონს ბილწსიტყვაობა ქალის მხრიდან. არ მომწონს შტერი ქალები. ნაზი არსება უნდა იყოს, ქალური.
კობა:
- სამსახურის გოგონებში აღიზიანებს ის, რეპეტიციაზე რომ აგვიანებენ, შეკრავს ხოლმე წარბებს, სად არიან ახლა, რატომ არ არიანო, ჯუჯღუნებს. ზოგადად რა აღიზიანებს ქალში, არ ვიცი, არ მიმხელს. მე სულელი და ვაჟკაცური ქალები არ მომწონს. ამას წინათ ვიღაცამ მომწერა, როგორ ხარ, ჯიგაროო. ქალმა ჯიგარო რატომ უნდა გითხრას, ვერ ვხვდები. სულ დამეკარგა წარმოდგენა იმ ქალზე ამ ფრაზის შემდეგ, მიუხედავად მისი მომხიბვლელი გარეგნობისა.
- მისი საყვარელი კერძი, შენი?
ნიკა:
- კობას საყვარელ კერძებს ამოიკითხავთ ნებისმიერი ქართული რესტორნის მენიუში, არაფერზე არ ამბობს უარს პირველი გვერდიდან დაწყებული, ბოლო გვერდით დამთავრებული. ჩინურ კერძებზე და ჭიანჭველებზე არ გიჟდება ნამდვილად. მეც ქართული სამზარეული მიყვარს, მწვადს ვაღმერთებ. კობას "ხალადეცი" უყვარს ყველაზე მეტად ან მუჟუჟი.
კობა:
- სამ კერძს ვაღმერთებ: კუპატი, ხინკალი და ქაბაბი. ნიკას მწვადი უყვარს, თევზიც.
- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ნიკა:
- ტყუპისცალები არ ვართ, მაგრამ კარგი მეგობრების კვალობაზე ბევრი რამ ვიცით ერთმანეთზე.
კობა:
- არ დაემთხვევა და ქვა უხლია თავში ნიკაია არაბიძეს (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)