ავტორი:

"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?

"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე?

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა არის, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს, თუკი, ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

AMBEBI.GE თამთა თოდუას დაუკავშირდა, რომელიც სასამართლოს განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს და როგორც ამბობს, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს:

"სასამართლოზე ბატონმა ილიამ ბრძანა, ჩემს დისკრედიტაციას ცდილობდნენო. დიდი ბოდიში და, ამით ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? სასაცილოა, სატირალი რომ არ ყოფილიყო მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადება, "თამთას პოპულარობა უნდოდაო“. პოპულარობის განმარტება იცის, საერთოდ, რას ნიშნავს? ასეთი პოპულარობა ვის სჭირდება? პირიქით, ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა, ადამიანებო!

ბატონი ილია იმასაც ამბობს, ოჯახი მყავსო. დიდი ბოდიში მომითხოვია და, მე გასათხოვარი გოგო ვარ და ცხოვრება მაქვს ასაწყობი, ყველაფერი დასალაგებელი მაქვს და თან ვცხოვრობ საქართველოში. ამ ამბით თუ ვინმე დაზარალდა, ეს მე ვარ. იმის გარდა, რომ ამ ადამიანმა იძალადა ჩემზე და სხვანაირი ტკივილი მომაყენა, პირდაპირი მნიშვნელობით, ამავდროულად, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ამდენი ვიბრძოლე და კუბლაშვილი ამბობს, რომ მე ეს ყველაფერი პოპულარობისთვის მინდოდა. სირცხვილია, მართლა, ძალიან დიდი სირცხვილი!

ხვალ პრესკონფერენცია იქნება და ყველაფერს ვიტყვი. ზოგადად, არასათანადო მტკიცებულებები კი არა, წეღან პროკურორმაც აღნიშნა ჟურნალისტებთან, რომ საქმეში არის იმაზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე არის მსგავს მუხლზე. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ცემის ფაქტს. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მაია ნიკოლეიშვილი არ ადასტურებს ცემის ფაქტსო და ამ ქალბატონ ექსპერტს არც ვუნახივარ, ჩემი სხეული არც კი დაუთვალიერებია, რომ რამე დასკვნა დაედო. დიდი ბოდიში და, ადამიანი თუ არ დაათვალიერე, ასე, სურათებით ვერავინ დადებს დასკვნას. კაბაზე არის მოძალადის დნმ, ჩემი სისხლის ლაქები და სხვა.

ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ერთობლივად ქმნის მთლიან ჯაჭვს. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, მას აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში. პირდაპირ გეტყვით, ასეთი გადაწყვეტილება ამ სასამართლოსგან არც გამკვირვებია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, როგორ გამოაცხადეს განაჩენი - ქალბატონმა ლიანა ორკოდაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე თქვა, შაბათ-კვირა დამჭირდება, განაჩენს 20-ში არ გამოვაცხადებო. არა და, ის სათათბიროდ არც კი გასულა, ალბათ ძალიან შეეცოდა ილია ჯიშკარიანი, როცა მან ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ თვითონ არის მსხვერპლი. მართლა სირცხვილია! ამდენი მტკიცებულებაა და მაინც კაცს ამართლებ?

და ქალბატონი ლიანა იმ ქალებს რას ეუბნება, ვინც ძალადობის და შევიწროების მსხვერპლნი არიან და ხმას ვერ იღებენ?! როგორც გავიგე, ამ ქალბატონს სულ გამამართლებელი განაჩენები აქვს, იმაზეც საუბრობდნენ, ადამიანები ციხეში გასაშვებად ეცოდებაო. დაახლოებით ეს ნაწილი იყო ახლაც. თვითონ ქალბატონი რას ეუბნება ქალებს? იმედი მაქვს, სააპელაციო აუცილებლად გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ასე არ იქნება, ამ საქმეს სტრასბურგში წავიღებ, სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, არ გავჩერდები!" - ამბობს თამთა თოდუა.

ასევე წაიკითხეთ: