"ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!" - ამ სიტყვების წარმოთქმა და ნაფიცი მსაჯულის ურთულესი მისიის შესრულება, შესაძლოა, ყოველ ჩვენგანს მოუწიოს.
ახალი ინსტიტუტი - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უკვე ამოქმედდა. მსაჯულის შერჩევა ერთიანი საარჩევნო სიიდან მოხდება და მოქალაქეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ სასამართლო საქმის განხილვაში. თუ ადამიანი უარს იტყვის განხილვაში მონაწილეობაზე, სამოქალაქო ბეგარის გადახდა მოუწევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური დარბაზი უკვე გამოყოფილია, სადაც ნაფიცი მსაჯულები პროცესებს გამართავენ. მსაჯული ვერ გახდება ნასამართლევი; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; ძალოვანი; შეიარაღებულ ძალებში მომუშავე; სასულიერო პირი; ფსიქოლოგი; ფსიქიატრი და იურისტი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში იმუშავებს და 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს განიხილავს. მოგვიანებით მათ განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეების განხილვა მოუწევთ.
განსასჯელის ბედს 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს. მათი ვერდიქტი მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს მოკვლეულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. ჯერ კენჭი უნდა უყარონ გამამართლებელ ვერდიქტს, შემდეგ - გამამტყუნებელს. ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთას თუ უსჯიან, ვერდიქტი ერთხმად უნდა მიიღონ; გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება. სხდომის თავმჯდომარეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება და ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შესარჩევად სხდომის დანიშვნა შეუძლია. გამამტყუნებელი განაჩენი კოდექსით გათვალისწინებული წესით, მხარეს შეუძლია ერთჯერადად, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
ისტორია
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად საფრანგეთში 829 წელს, წმინდა ლუდოვიკოს მმართველობის დროს შემოიღეს, მაგრამ იურისტთა უმრავლესობას მის სამშობლოდ ინგლისი მიაჩნია. ერთ-ერთი ვერსიით კი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ კიდევ ალფრედ დიდის დროს, მეცხრე საუკუნეში ჩამოყალიბდა. არის სხვა ვერსიაც, რომ ეს ინსტიტუტი ინგლისში მეთერთმეტე საუკუნეში ჩაისახა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან კი იგი კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთშიც ამოქმედდა.
თომას ჯეფერსონის "დამოუკიდებლობის დეკლარაციაში" აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირად ახდენდა ზეწოლას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე.
1734 წლიდან, ამერიკელმა კოლონისტებმა "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს პოლიტიკური დატვირთვა შესძინეს", რის გამოც, იგი იურიდიულ-პოლიტიკურ ინსტიტუტად იქცა და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის დამოუკიდებლობის მოპოვებაში...
ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მე-19 -მე-20 საუკუნეებში განვითარდა. ამ ინსტიტუტს დღეს საერთო სამართლის ქვეყნებში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არ გაამართლა და გაუქმდა. კერძოდ, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ლუქსენბურგში, იტალიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, იტალიაში...
გამოტანილი ვერდიქტები
ამერიკაში სიმპსონის საქმეს "საუკუნის პროცესად" მოიხსენიებენ. ამ სკანდალური პროცესის გამო ამერიკამ 25 მილიარდზე მეტი დაკარგა. მოსახლეობა მასიურად ტოვებდა სამსახურს, რათა ამ პროცესის პირდაპირი ტრანსლაციისთვის თვალი ედევნებინა.
ფეხბურთის ვარსკვლავს, სპორტული კომენტატორს და მსახიობს, შავკანიან სიმპსონს თეთრკანიანი ცოლის, ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონისა და მისი მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. პროცესი 20 მილიონი დოლარი დაჯდა. სიმფსონს 11 ძვირად ღირებული ადვოკატი იცავდა. ბრალდება სიკვდილით დასჯას ითხოვდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სიმპსონი გაამართლა, მაგრამ მას 9 მლნ დოლარის კომპენსაციის და 25 მლნ დოლარის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა. ერთხელ დახვრეტას გადარჩენილი სიმპსონი წლების შემდეგ ისევ დააკავეს. 2008 წლის 4 სექტემბერს ლას-ვეგასის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სიმპსონი შეიარაღებულ თავდასხმაში, ძარცვაში, ძალადობასა და ორი ადამიანის გატაცებაში ცნო დამნაშავედ. ის სასამართლომ ყველა მუხლით დაადანაშაულა. 47 წლის სპორტსმენს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ამერიკის მართლმსაჯულებაში გახმაურებული იყო ჯონ ჰინკლის საქმეც. ის 1981 წლის 29 მარტის ინციდენტის გამო დააპატიმრეს. ვაშინგტონში, სასტუმრო ჰილტონიდან გამოსული ამერიკის პრეზიდენტი როლანდ რეიგანი მანქანისკენ მიდიოდა, როცა ჰინკლიმ პრეზიდენტს რამდენჯერმე ესროლა: პრეზიდენტის თანაშემწეს ერთი ტყვია თავში მოხვდა, მეორე ტყვიით პოლიციელი დაიჭრა, მესამემ - შენობის კედელი დააზიანა, მეოთხე ტყვია პრეზიდენტის პირად დაცვას გულში მოხვდა, მეხუთემ - პრეზიდენტის მანქანის მინა დააზიანა, მეექვსე გასროლით კი თავად პრეზიდენტი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. სასამართლოზე გაირკვა, რომ ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ჰინკლიმ გამოსამშვიდობებელი წერილი მსახიობ ჯუდი ფოსტერს მისწერა, რომელზეც ის თავდავიწყებით იყო შეყვარებული. წერდა, რომ მოაწყობდა თავდასხმას პრეზიდენტზე, რათა ჯუდის ყურადღება მიექცია. პროცესზე განსასჯელმა მსახიობის მოწმედ მიწვევა მოითხოვა. მანაც დაადასტურა განსასჯელის მონათხრობი. დაკითხვისას ჯუდი პოსტერს არცერთხელ არ შეუხედავს მასზე შეყვარებული განსასჯელისთვის, რამაც ის გაანაწყენა, მსახიობს ფანქარი ესროლა და დაემუქრა, პირველივე შესაძლებლობისას სასტიკად გაგისწორდებიო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰინკლი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ იგი ფსიქიურად დაავადებულად მიიჩნია.
ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ წარუმატებელ მაგალითად ფილოსოფოს სოკრატეს მიმართ გამოტანილ ვერდიქტი მოჰყავთ. მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. პროკურორი სოკრატეს ათენის ახალგაზრდა თაობის კორუფციაში ჩართვასა და ღვთაებათა უპატივცემლოდ მოხსენიებაში ადანაშაულებდა. სავარაუდოდ, 30 მსაჯული იღებდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობას. თანამოაზრეებმა სოკრატეს გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ფილოსოფოსმა პრინციპულად უარყო შეთავაზება, განაჩენი მიიღო და მისთვის განკუთვნილი შხამით სავსე ფიალა შესვა...
როგორი იქნება ქართული რეალობა
რას მოგვცემს ახალი ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში და რამდენად გაამართლებს იგი? უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ამ ინსტიტუტმა ბევრ ქვეყანაში არ გაამართლა: "ჩვენთან გადმოღებულია ნაფიც მსაჯულთა ინგლისურ-ამერიკული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხარეები სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ.
ადამიანებს ურჩევნიათ მათი საქმე პროფესიონალ მოსამართლესთან მოხვდეს და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ. როცა ამ ინსტიტუტის შემოღებაზე საუბარი დავიწყეთ, მოტივაცია იყო, რომ სასამართლო ხელისუფლებას ნდობა არ ჰქონდა. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, სასამართლო ხელისუფლებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება გადაწყდა. ჩემი სამოსამართლეო საქმიანობის დროს სასამართლოს მიმართ ნდობა ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ მართლმსაჯულება ხალხის მონაწილეობით აღსრულებულიყო. ამავდროულად საზოგადოება მზად უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანის გასამართლების შემთხვევაში, შეცდომებიც მოსალოდნელია”.
შეცდომები ჩვენი რეალობისთვისაც არ იქნება უცხო: ვერდიქტი, რომელსაც მსაჯულები გამოიტანენ, ხშირად შეიძლება სამართლიანი არ იყოს. ”ჩემი აზრით, იმ საზოგადოებაში, სადაც სამართლებრივი ნიჰილიზმი, სასამართლოსადმი ტოტალური უნდობლობაა, ერთადერთი გამოსავალი პროფესიონალ მოსამართლეთა კორპუსია, რომელიც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, როგორც უცხოეთის ბევრ ქვეყანაში და საერთო სამართლის ქვეყნებში, ბევრი ნაკლი და უპირატესობა აქვს. უპირატესობა ის არის, რომ გამამართლებელი ვერდიქტი არ საჩივრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატის როლი იზრდება და უთანაბრდება პროკურორის როლს. ეს იდეა კოდექსში ჩადებულია. ბრალდების მხარე ისედაც ძლიერი მხარეა, სახელმწიფოა, აქვს უამრავი ბერკეტი, ეფექტურად რომ იმუშაოს. სახელმწიფომ ადვოკატსაც ნორმალური მუშაობის პირობები უნდა შეუქმნას", - ამბობს ნინო გვენეტაძე.
ნაფიც მსაჯულებს იურიდიული განათლება არ ექნებათ, ბუნებრივია, ისინი როგორც პროფესონალი მოსამართლეები, ვერ იმსჯელებენ. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე მათ მხოლოდ განმარტებებს მისცემს.
"ნაფიც მსაჯულთა კორპუსი მომზადებული უნდა იყოს ამ საქმისთვის. საპროცესო კოდექსით, ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებას კანონიერი მტკიცებულების შეფასებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე გამოიტანს, მაგრამ ძალიან ძნელია მიხვდე, რით იხელმძღვანელა ნაფიცმა მსაჯულმა, რადგან ვერდიქტი არ საბუთდება. ჩვენთან არ არის საზოგადოებაში მართლშეგნების მაღალი დონე, რაც უამრავ პრობლემას შექმნის და ეს ყველაფერი არასწორი განაჩენის გამოტანას გამოიწვევს. თუმცა პოზიტიური მხარეა ის, რომ გამამართლებელი ვერდიქტი არ საჩივრდება, მაგრამ ისიც უსამართლობა იქნება, დამნაშავე ადამიანს თუ გაამართლებენ", - ამბობს ნინო გვენეტაძე. მისი თქმით, ამ ინსტიტუტის შემოღებით სასამართლო ხელისუფლების მიმართ უნდობლობის კომპენსირებას ცდილობენ.
მისი აზრით, ქვეყანა რისკზე მიდის, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემოაქვს. კარგია, რომ სიფრთხილეს ვიჩენთ და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ეს ინსტიტუტი მხოლოდ თბილისში იმუშავებს.
მედიის როლი
მსაჯული იზოლირებული უნდა იყოს მედიისაგან. "თუ მედია ზეგავლენას მოახდენს დამატებით მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც არ იქნება გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე, ბუნებრივია, ამან შეიძლება მსაჯულს შინაგანი რწმენა შეურყიოს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩვენს რეალობაში, რომ დავიცვათ ნაფიცი მსაჯულები ასეთი ზეწოლისაგან. ვისურვებდი, რომ მედიამ თავი შეიკავოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან", - ამბობს ნინო გვენეტაძე.
შოუ თუ მართლმსაჯულება?
ნაფიც მსაჯულთა პროცესი დადგმული შოუა, სადაც მხარეები პოზირებენ, ისე როგორც სპექტაკლის დროს: მხარე უნდა გამოირჩეოდეს რიტორიკით, ქცევის მანერით, მეტყველების კულტურით. "ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღება პრობლემა იქნება. არ მესმის, რატომ ანდობენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს მსაჯულებს. გარდამავალ დებულებებში დამატებულია ორი მუხლი - გაუპატიურება და მკვლელობა, ჩადენილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. ეს ისეთი კატეგორიის დანაშაულებია, რომელსაც სპეციფიკური გამოძიება სჭირდება", - ამბობს ნინო გვენეტაძე.
მისი აზრით, სჯობს შევძლოთ ისეთი მაღალპროფესიონალი სასამართლო კადრის მომზადება, რომელსაც ექნება არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ მყარი შინაგანი რწმენა, პრინციპები და პირობები, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.
"ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ნათესაურ-მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობებით. თუ სამართლიან გადაწყვეტილებებს დღემდე პროფესიონალი მოსამართლეები ვერ იღებდნენ, ძალიან ძნელია, უბრალო ადამიანებს სამართლიანობა მოსთხოვო", - დასძინა გვენეტაძემ.
უახლოეს პერიოდში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესები ღია იქნება. ვნახოთ, რამდენად გაართმევენ თავს რიგითი მოქალაქეები ამ ურთულეს საქმეს და დაუბრუნებს თუ არა ეს ინსტიტუტი სასამართლოს ხალხის ნდობას.
თეა ხურცილავა