ავტორი:

"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე

"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარების "განკარგულება" შეაჩერა.

მანამდე ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმის" ჩასატარებელი ფული არ ჰქონდა, თუმცა სრულად უჭერს მხარს "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას".

მანვე გასცა "განკარგულება", დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ.

  • "რეფერენდუმი" გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა, მას შემდეგ დანიშნა, რაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა. რუსეთთან შეერთება მისი საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში ბიბილოვის ინიციატივას მხარდამჭერები გამოუჩნდა, თუმცა, იმავდროულად ისიც ითქვა, რომ რუსეთის სურვილის შემთხვევაში, ის ქვეყანას ისედაც მიიერთებს, მაგრამ ახლა მაგისთვის არ სცხელა.

"ახლა მთლიანად უკრაინაზეა გადართული, თუმცა ისიც იცის, რომ არსად ეჩქარება და ამ თემას მაშინ მიუბრუნდება, როდესაც მოისურვებს..." - წერენ ისინი სოციალურ ქსელებში.

დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

"თვალყური უნდა ვადევნოთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. ახლა რუსეთი უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციას ატარებს და ვფიქრობ, საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ გვიღირს..." - განაცხადა ზატულინმა.

"მართლა არ მესმის, არჩევნების შემდეგ, რა საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთებისთვის, რადგან რამდენიმე დღის წინ რუსეთში ხელი მოაწერეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლია. რეფერენდუმი რა საჭიროა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ხელფასს რუსეთი მაძლევს. სხვა შეღავათებითაც თუ ვისარგებლებთ და მოსახლეობის სოციალური ფონი შეუმსუბუქდებათ, ძალიან კარგი იქნება..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიოლა ქელეხსაევა.

სხვების თქმით, ახლა სანქციების გამო, რუსეთის მოსახლეობას თავადაც ძალიან უჭირს და კეთილდღეობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ...

"რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია, მაგრამ წაიკითხეთ რა ხდება უკრაინის ომში, 70-ზე მეტი ოსია დაღუპული. ისედაც ძალიან ცოტანი ვართ... გაერთიანებული ალანია ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ჯერჯერობით არც ჩრდილოეთ ოსეთს და ვჭირდებით და არც დანარჩენ რუსეთს" - მიაჩნია ვლად ფუხავს.

"სინამდვილეში ეს რეფერენდუმი ბიბილოვს გაგლოევის სამართავად სჭირდებოდა. სურდა მოსახლეობისთვის დაენახვებინა - აი, მე ასეთი დიდებული საქმე წამოვიწყე, მაგრამ თქვენ ვინც აირჩიეთ, მან ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე, შედეგები კი თქვენ თავს დააბრალეთო... არადა, იცოდა, რომ არჩევნების შემდეგ, რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული არ გვქონდა ქვეყანაში, ეს იგივეა, ხელახლა ჩაატარო არჩევნები.

საჭირო ფული ახლად არჩეულ გაგლოევს ისევ რუსეთისთვის უნდა ეთხოვა, რაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. მასაც აქვს თავისი თავმოყვარეობა და საერთოდ უარი თქვა, დროებით მაინც. თუ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით დასჭირდება თემის გააქტიურება, აგერ შემოთავაზება სინზე უდევს და გააქტიურებს" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი იანა კოჩიევა.