ავტორი:

"თუ ოფისში არ გამოცხადდებით, ჩავთვლი, რომ სამსახურიდან წახვედით" - მასკი თანამშრომლებს გათავისუფლებით ემუქრება

"თუ ოფისში არ გამოცხადდებით, ჩავთვლი, რომ სამსახურიდან წახვედით" - მასკი თანამშრომლებს გათავისუფლებით ემუქრება

Tesla-ს დირექტორს, ილონ მასკს , როგორც თვითონ ამბობს, ეკონომიკასთან დაკავშირებით "გული ცუდს უგრძნობს" და სურს, რომ თავის კომპანიაში 10%-ით შეამციროს სამუშაო ადგილები. მან ეს ცვლილება აღმასრულებლებს იმეილის საშუალებით შეატყობინა. მასკმა Tesla-ში დასაქმებულ ადამიანებს ულტიმატუმი წაუყენა: ან ოფისიდან უნდა იმუშაონ, ან სამსახური დატოვონ. 2021 წლის ბოლოსთვის, ოფიციალური მონაცემებით, მასკის კომპანიამ 100 000-მდე ადამიანი დაასაქმა, მაგრამ ამჟამად, მასკის მოთხოვნის თანახმად, მათ მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერეს მუშახელის დაქირავება.

მან თავის პირველ ელექტრონულ წერილს, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნა, სახელად დაარქვა "დისტანციური მუშაობა აღარაა მიღებული". ის წერს:

"რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა ადამიანი, მით უფრო ხშირად უნდა ჩანდეს სამუშაო ოფისში. სწორედ ამიტომ ვმუშაობდი ქარხანაში ამდენს, თანამშრომლებს უნდა ენახათ, რომ მათთან ერთად ვმუშაობდი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, Tesla დიდი ხნის წინ გაკოტრდებოდა".

ილონ მასკი წერილში მოთხოვნას უყენებს დაქირავებულ ადამიანებს: "ყველას ევალება, რომ Tesla-ს ოფისში კვირაში მინიმუმ 40 საათი გაატაროს. თუ ოფისში არ გამოცხადდებით, ჩავთვლი, რომ სამსახურიდან წახვედით", - წერს მასკი.

ხუთშაბათს მასკი თვითერზე კამათშიც ჩაერთო ავსტრალიელ ტექნოლოგიურ მილიარდერთან, სკოტ ფარკუჰართან, რომელიც მასკის დირექტივას დასცინოდა და 1950-იანი წლების მსგავსად მიიჩნევდა. მასკმა უპასუხა: "რეცესია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წმენდას ემსახურება".

მაისის ბოლოს, "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, ეკონომიკა რეცესიას ხომ არ უახლოვდებაო, ამაზე მასკმა უპასუხა: "დიახ, მაგრამ ეს სინამდვილეში კარგი რამაა. სულელებს ფული წვიმასავით აცვივათ. ზოგიერთს გაკოტრება მოუხდება. კოვიდის პერიოდში სახლიდან მომუშავეებმა სხვები დაარწმუნეს, რომ სულაც არაა საჭირო თავდაუზოგავი მუშაობა. უხეში გამოღვიძება გელით!"

იხილეთ ასევე:

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა