ავტორი:

"ზოგჯერ ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთო... სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ - ჩვენ ხომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, როგორიც ომამდე ვიყავით" - ომის 100 დღე და უკრაინელი მოხალისის მონაყოლი

"ზოგჯერ ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთო... სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ - ჩვენ ხომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, როგორიც ომამდე ვიყავით" - ომის 100 დღე და უკრაინელი მოხალისის მონაყოლი

3 ივნისს უკრაინაში ომის დაწყებიდან ასი დღე გავიდა. მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა შეფასებები, თუ რას მიაღწია აგრესორმა რუსეთმა ამ დროის განმავლობაში, რისი შენარჩუნება შეძლო და რა გზას ადგას უკრაინა უთანასწორო ბრძოლაში;

უკრაინელი მოხალისის, დმიტრი ვოლოდიმოროვის თქმით, რუსული ავიაიერიშების ფონზე, ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი თითქმის არ არსებობს. ისინი პერიოდულად, ქაოტურად ბომბავენ სხვადასხვა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, სამოქალაქო ობიექტებს, რასაც იმით ხსნიან, რომ "იქ სამხედროები იყვნენ მობილიზებული".

AMBEBI.GE- სთან საუბარში ის ამბობს, რომ უკრაინელები ომის პირობებში, ბომბებში, ნაღმებში, საჰაერო განგაშის პირობებში ცხოვრებას შეეჩვივნენ.

- ხანდახან ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაშიც ვმონაწილეობთ. ჩვენთან არიან სტუდენტებიც. მათი ნაწილი ონლაინ ლექციას სანგრიდან, ტყეში გამაგრებული დანაყოფიდან, ფრონტის ხაზიდან, ბომბსაფარიდან ერთვება. ზოგი მათგანი საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლობენ და ომის გამო, ლექციებს ონლაინ ესწრებიან... მოხალისეებს შორის, არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც დაბომბვის შემდეგ, ჩვენთან ერთად ქუჩებს ასუფთავებენ. ყველანი ერთად ვდგავართ და ვცდილობთ, რუსულ ბოროტებას ჩვენებურად ვებრძოლოთ, ერთიანობით, გაუტეხლობით. რაშისტებმა უდიდესი ზიანი მოგვაყენეს, ახლობლები დაგვიხოცეს, ქალებსა და ბავშვებს არაადამიანურად უსწორდებიან, უდანაშაულო ადამიანების ხოცვას განაგრძობენ, მაგრამ ყველაზე მთავარი - ჩვენი გატეხვა ვერ შეძლეს. ვერასდროს დაგვამარცხებენ.

- რა ხდება ახლა თქვენს გარშემო?

- გააჩნია დღე-ღამის რომელ მონაკვეთზე მეკითხებით... დილით დანგრეული სახლების და დახოცილი ადამიანების დათვლა მომიწია. ვნახე ბავშვები, რომელსაც ბავშვობა წაართვეს. ჩვენ მათ სათამაშოები მივუტანეთ, ერთ-ერთ მათგანი, ასე 6-7 წლის გოგონა სათამაშოების დანახვაზე ჩვენკენ გამოიქცა, შემდეგ კი, შუა ოთახში გაჩერდა. მას ორივე კიდური იდაყვთან ჰქონდა მოწყვეტილი და ჩვენი მიტანილი თოჯინა ვერ აიყვანა.

ამ სამი თვის განმავლობაში, უამრავი სიკვდილი ვნახე, დავკარგე ახლობლები, მეგობრები, ბევრი მათგანი ეტლში ან ცალი ფეხით გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ პატარა ალინას თვალებზე მძიმე სანახავი არაფერი მახსენდება. დედამ ჩაისვა კალთაში და თოჯინასთან ერთად გულში ჩაიხუტა. გვითხრა, რომ ეს მისი პირველი სათამაშო იყო, მას შემდეგ, რაც ხელები დაკარგა. სიკვდილი მინდოდა...

ევროპაში მოლაპარაკებებზე, დიპლომატიაზე საუბრობენ. წარმოუდგენელია, რუსები და უკრაინელები მშვიდობიანი მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსეთმა ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგოს. ეს არ უნდა შერჩეს და არც შევარჩენთ. მხოლოდ პუტინი კი არა, მთელი ერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ხანდახან ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთ, სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ, ჩვენ ხომ ის ადამიანები არასდროს ვიქნებით, ვინც ომამდე ვიყავით....

სამთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკრაინის სამი ქალაქი, პოპასნაია, მარიუპოლი და ლიმანი აიღო. გააფთრებული იბრძოდა ხერსონის ოლქისთვის, მაგრამ უდიდესი ადამიანური და სამხედრო ტექნიკის დანაკარგის მიუხედავად, არაფერი გამოუვიდა. ბოლო რამდენიმე დღეა, მთელი ძალები მობილიზებულია სევეროდონეცკში, სადაც ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა არც იქ აქვთ. რამდენიმე დღე იქნება გადამწყვეტი... ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვიგერიებთ, რაღაც პოზიციებზე კონტრშეტევებზეც გადავდივართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი გვჭირდება რუსული ბოროტების დასამარცხებლად.

ვრცელდება ცნობები, რომ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობა ძალიან შეშინებულია. ამიტომ, დამხმარე ძალები ბელარუსიდანაც შემოჰყავთ. პუტინი ამ ომში მხოლოდ რუსების დახოცვას არ სჯერდება.

არცერთ ქალაქსა და რაიონში, რომელიც აიღეს, მყარი კონტროლი არ აქვთ. ყველანაირად ცდილობენ, დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურად იმუშაონ და აუხსნან, თუ რისთვის იღვრება უკრაინის მიწაზე მათი სისხლი. მარიუპოლის აღების შემდეგ, ჩემი ნათესავების ოჯახი ომმა გაყო. ძმა ხარკოვშია, და - თავიდანვე შვილებთან ერთად მარიუპოლში, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ დარჩენილ ადამიანებს რუსული პროპაგანდისტული მედიის გარდა, სხვა წყარო არ აქვთ. რუსები დროს არ კარგავენ, მათ გადაბირებას, პრიმიტიული იდეოლოგიით ცდილობენ.

თითქოს, ისინი, ვინც ახლა რუსებს სიცოცხლის ფასად უწევს წინააღმდეგობას, დასავლეთის, ამერიკის ბრძანებით მოქმედებენ, რადგან მათ, ამერიკელებს, ევროპელებს, ებრაელებსაც თურმე უკრაინის ტერიტორია სჭირდებათ სხვადასხვაგვარი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ლაბორატორიების ასაშენებლად. აჩვენებენ ვიდეოებს, თუ როგორ ბომბავდნენ ბანდეროვცები ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს...

- მუშაობს მათი მეთოდი?

- ვფიქრობ, უფროს თაობაზე, გარკვეულ გავლენას მოახდენს. მათ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, ევროკავშირზე, ნატოზე, დასავლეთზე. ჩემი ნათესავები ერთმანეთს შუამავლის საშუალებით უკავშირდებიან და ვიცით, რომ მცირე რაოდენობით საკვებს აძლევენ და ელექტროენერგიის აღდგენას ცდილობენ.

მშვიდობიანი მოსახლეობა კი, ქუჩა-ქუჩა დადის, ცხედრებს აგროვებს და მარხავს. ამბობენ, დაღუპულები დასახელებულ რიცხვზე ოთხი-ხუთჯერ მეტია... მაგრამ მაინც გავუძლებთ და სულ მალე მარიუპოლიც, ლიმანიც დონბასიც და ლუგანსკის რაიონები სრულად ჩვენი იქნება.