რუსეთის მიერ კიევზე კვირას განხორციელებული თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
"5 ივნისის დილის საათებში, რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით კიევში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, სავარაუდოდ, იყო მცდელობა, ხელი შეეშალათ დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის მიწოდებისთვის,» - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინული ჯავშანტექნიკა.
უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა, ოლეკსანდრ კამიშინმა კი უარყო რუსული მხარის განცხადება, მისი თქმით, ამ ტერტორიაზე ჯავშანტექნიკა საერთოდ არ ყოფილა. მან ჟურნალისტები ქარხნის დასათვალიერებლად მიიწვია.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობითვე, დონბასის რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
"მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკში და რუსული ძალები აგრძელებენ სლოვიანსკისკენ სვლას უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობის ფარგლებში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აპრილში კრეისერ "მოსკვას“ დაკარგვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა კუნძულ "ზმეინზე“, შავ ზღვაში, საჰაერო თავდაცვის ბევრი საშუალება, მათ შორის SA-15 და SA-22 სისტემები, გადაიყვანეს.
"ეს იარაღი, სავარაუდოდ, გამიზნულია კუნძულ "ზმეინის“ ირგვლივ მყოფი რუსული საზღვაო ხომალდების საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
"კუნძულ "ზმეინზე“ რუსეთის ქმედება ხელს უწყობს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და აფერხებს საზღვაო ვაჭრობის განახლებას, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს", - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში.
იხილეთ ასევე: