ავტორი:

ბედისწერად ქცეული კუნძული ზმეინი, რომელიც რუსეთის მთავარ სამიზნედ იქცა - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რატომ ედავებოდა მის გამო რუმინეთი უკრაინას?

ბედისწერად ქცეული კუნძული ზმეინი, რომელიც რუსეთის მთავარ სამიზნედ იქცა - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რატომ ედავებოდა მის გამო რუმინეთი უკრაინას?
  • კუნძული ზმეინი

მდებარეობს შავ ზღვაში. ეკუთვნის უკრიანის ოდესის ოლქს.

ფართობი: 20,5 ჰა.

რუსეთ-უკრაინის ომამდე, კუნძულზე ცხოვრობდა 50-მდე ადამიანი. მას მინიჭებული ჰქონდა დასახლებული პუნქტის სტატუსი, სახელით: ბელოე, სადაც მდებარეობდა ბანკი, ფოსტა, მუზეუმი. 2007 წელს კუნძულზე მართლმადიდებლური ტაძრის აგებაც იგეგმებოდა.

კუნძულის სანაპირო ძირითადად კლდოვანია, მაგრამ არის რამდენიმე პლაჟიც.

აღსანიშნავია, რომ ზმეინის სტატუსის თაობაზე რამდენიმეწლიანი განხილვა მიმდინარეობდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, უკრაინასა და რუმინეთს შორის ტერიტორიული დავის ფარგლებში, საქმე შეეხებოდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის საზღვაო საზღვრების დადგენას და კონტინენტური შელფის გაყოფას შავ ზღვაში. საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ რუმინეთმა 2004 წლის 16 სექტემბერს შეიტანა.

2009 წლის 3 თებერვალს სასამართლომ გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს სახელმწიფოთა შორის საზღვაო საზღვრებს და განსაზღვრავს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს უკრაინისა და რუმინეთისთვის, ამასთანავე, ზმეინი აღიარებულია კუნძულად და არა კლდედ, როგორც ამას რუმინეთი ითხოვდა.

კუნძული კი მას მერე გახდა მთელ მსოფლიოში ცნობილი, რაც რუსი ოკუპანტების სამხედრო ხომალდს ზმეინიდან უკრაინელმა მესაზღვრემ უპასუხა ცნობილი ფრაზით: "რუსსკი ვოენნი კარაბლ, იდი ნახუი!“

მესაზღვრის სიტყვები ახდა, რუსული სამხედრო ფლოტის სიმბოლო "მოსკოვი", რომელიც კუნძულს უტევდა, დღეს უკვე შავი ზღვის ფსკერზეა.

მოგვიანებით, კუნძულ ზმეინისთან კიდევ ერთ რუსულ ფრეგატს გაუჩნდა ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციით, მასაც უკრაინულმა რაკეტამ უწია.

ზმეინი კი განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გახდა მას მერე, რაც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადა.

ამ ცოტა ხნის წინ, რუმინეთის სანაპიროდან ამოიღეს დამტვრეული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი TB2 დრონი, რაც ადასტურებს, რომ თავის მხრივ უკრაინაც ცდილობს აღადგინოს მისი პოზიციები კუნძულ ზმეინიზე.

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, შაბათ-კვირას ტოგოს დროშის ქვეშ მყოფი ხომალდი, რომელიც გადიოდა ზმეინისთან, რუსებმა გააფრთხილეს და მოსთხოვს, დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორიული წყლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იარაღს გამოიყენებდნენ.

ეს არის "უკრაინის ტერიტორიის უკანონო მითვისება“, - აცხადებენ უკრაიანის საზღვაო ძალებში.

ომის დაწყების შემდეგ, შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტი დომინირებს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინას არ ჰყავს მსგავსი მრავალრიცხოვანი საზღვაო ძალები, რადგან მან დაკარგა თავისი სამხედრო ფლოტის სამი-მეოთხედი ან მეტი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების დროს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო "მოსკოვის" და კიდევ რამდენიმე ფრეგატის დაკარგვის გამო.

საჰაერო თავდაცვის ექსპერტ ენდი ნეტერვუდის განცხადებით, "თუ კუნძულ ზმეინიზე მოათავსებთ რადარსა და საჰაერო სარაკეტო სისტემებს, ეს საშუალებას მოგცემთ, იყოთ დომინანტი შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში".

შავ ზღვას რუსეთი უკვე იყენებს უკრაინაში სარაკეტო შეტევებისას. გარდა ამისა, მას შავი ზღვის კონტროლი სჭირდება ეკონომიკური ბლოკადისთვისაც.

უკრაინა არაერთი პროდუქტის, განსაკუთრებით კი მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის დიდი ექსპორტიორია. მას აქამდე თავისი ექსპორტის 70% საზღვაო გზით გაჰქონდა, მათ შორის მარცვლეულის 99%-ს სწორედ ზღვით აწვდიდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ეგვიპტე, ეთიოპია, ლიბანი და იემენი.

ამიტომაც უკრაინისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც უმნიშვნელოვანესია, არ მოხდეს უკრაინის შავი ზღვისგან მოწყვეტა, რასაც ცდილობს რუსეთი. უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს იმ ტიპის იარაღს დასავლური ქვეყნებიდან, რაც დაეხმარება რუსული საზღვაო ხომალდების გასანადგურებლად, თუმცა ეს რამდენად საკმარისი აღმოჩნდება შავ ზღვაში უპირატესობის მოსაპოვებლად, რთული სათქმელია.

უკრაინის მხრიდან ზმეინის დაბრუნების მცდელობებისა და შავი ზღვის გახსნის მზარდი საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის ძალაუფლება შავ ზღვაში მაინც მტკიცე რჩება.

იხილეთ ასევე:

მოამზადა კესო კვარაცხელიამ