Nissan GT-R 2012-ს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ "პარიზის მოტორშოუზე" გაიმართა, ოფიციალურად ნოემბრის შუა რიცხვებში ლოს-ანჟელესში დაგეგმილ ავტოსალონზე წარმოადგენენ. მანამდე კი კომპანიამ ოფიციალური პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ამ მოდელის მთავარი მახასიათებლები.
GT-R-ის სიახლეს უმნიშვნელოდ შეეცვალა წინა ბამპერი, რომელიც შუქდიოდის ფარებით გამდიდრდა, თავად ბამპერი კი წინა მხარის სამუხრუჭე სისტემების უკეთ გაგრილებას უწყობს ხელს. ავტომობილი ახალი უკანა ბამპერითა და დიფუზორითაც დამშვენდა. ამ თითქოსდა უმნიშვნელო ცვლილებამ ინჟინრებს საშუალება მისცა, ავტომობილის სიმძიმის ცენტრი 10%-ით შეემცირებინათ.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ისინი უფრო სერიოზულად დამუშავდა. 3,8 ლიტრიანი V6-ის წნევის გაზრდამ ძრავის სიმძლავრის 480-დან 530 ცხენის ძალამდე გაძლიერება განაპირობა. ამავდროულად შემცირდა ავტომობილის საწვავის ხარჯვაც. ახალი GT-R 100 კმ-ზე სულ რაღაც 8,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება სიჩქარის მაჩვენებლებს, პრესრელიზში ამაზე არაფერია ნათქვამი.
უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ახალი Nissan GT-R უფრო სწრაფი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი, ვინაიდან ძრავის გაძლიერებასთან ერთად შემცირდა ავტომობილის წონაც, თუმცა მხოლოდ 10 კგ-ით, რაც ძირითადად ახალმა დისკებმა და Dunlop-ის მარკის ახალმა საბურავებმა განაპირობეს.
Nissan GT-R-ის სიახლე სამ ვერსიად იქნება წარმოდგენილი Spec-V , Club Track, და EGOIST. ბოლო ორი ვერსია მხოლოდ იაპონიის ბაზარზე გაიყიდება. ახალი ავტო 77 100 ევრო ეღირება, მისი გაყიდვები სამშობლოში დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება, ევროპასა და ამერიკის ბაზარზე კი მომავალი წლის თებერვალში გამოჩნდება.
კოკა კვირკველია.
რადიო "პალიტრა" FM 103,9