ავარია - შემზარავი ფაქტები და საგანგაშო სტატისტიკა

ავარია - შემზარავი ფაქტები და საგანგაშო სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად, 100 ათასი გარდაცვლილიდან 16,8% ავტოსაგზაო შემთხვევას ეწირება. ამ სავალალო სტატისტიკაში თავისი "წვლილი" ჩვენს ქვეყანასაც შეაქვს: ავტოკატასტროფების რაოდენობით, საქართველო პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიაში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 4 მილიონსაც ვერ აღწევს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში სხეულის მძიმე დაზიანებების ერთი ფაქტი მაინც ფიქსირდება, ხოლო 18 საათში ერთხელ, ადამიანის სიცოცხლე ეწირება... ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "უსაფრთხო მგზავრობის ასოციაციამ" გაავრცელა. მსხვერპლის რაოდენობის მაჩვენებელი ბევრად მცირეა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა გზების უსაფრთხოებისათვის" - ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის გაორმაგების მიზეზი, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გახდა. რეგისტრირებული მსუბუქი მანქანების რაოდენობა 2004 წელს 256153-ს შეადგენდა, ხოლო 2009 წლისთვის - 685980-მდე გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საგზაო კანონმდებლობა გამუდმებით იცვლება და მოძრაობის წესების დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების თანხები ორმაგდება...

ნიშანდობლივია, რომ დამრღვევებს შორის, მძღოლებთან ერთად, ფეხით მოსიარულეებიც არიან. ისინი არად დაგიდევენ საფრთხეს, ყურადღებას არ აქცევენ შუქნიშანს, არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელებითა და გადასასვლელი ხიდებით... სავალალო შედეგის მომტანია გაუმართავი ავტომობილი, სამარშრუტო ტაქსი თუ ავტობუსი, რაც ასევე ხშირად იქცევა შეჯახების მიზეზად. თუმცაღა გზებზე ჩვენ მთავარ "მტრებად" მაინც, გადაჭარბებული სისწრაფე და სიმთვრალე გვევლინება. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ეს არის უმძიმესი ავარიების გამომწვევი მიზეზი. იმ ადგილებში, სადაც პატრულირება არ ხდება, მძღოლები სპირტიანი სასმლის დალევას თითქმის არ ერიდებიან, რაც შემდგომ სავალალო შედეგით სრულდება....

2010 წლის ივნისში ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა, ცუდ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და დიდი სიჩქარით მიმავალი, მდინარეში გადავარდა. ჯიპში მჯდომი 11 მგზავრიდან 7 დაიღუპა, მათ შორის - მძღოლი, მინდია არაბული თავის ცოლ-შვილთან ერთად, და პოეტისა და მომღერლის, გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი, ორივე შვილთან, დასა და დისშვილთან ერთად...

დაგვეთანხმებით, ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა გზებსა და ავტომაგისტრალებზე მომხდარი ავარიების რიცხვი. ჩვენი რესპონდენტებიც მათი ოჯახებისა და ნათესავებისთვის ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევების შესახებ მოგვითხრობენ.

ნატო ნაცვლიშვილი:

- 2007 წლის 3 მაისს, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ჩემი დეიდაშვილი, ბესო ზაქრაძე და მისი ბიძაშვილი, ზაურ ზაქრაძე სამსახურიდან ბრუნდებოდნენ, როცა საპირისპირო მიმართულებით მომავალი "ბეემვე" დაეჯახა. ძიების შედეგად გაირკვა, რომ ნასვამი მძღოლი მანქანას დიდი სიჩქარით მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადასულა, ბორდიურზე ავარდნილა და ორივე ბიჭი გაუტანია... დარტყმის შედეგად, ორივე ადგილზევე დაიღუპა. ზაური იქვე დაგდებული იპოვეს, ჩემი დეიდაშვილი კი მანქანამ 14 მეტრის მანძილზე "ათრია"... გარდაცვლილს ცალი ფეხი მოწყვეტილი ჰქონდა... ბესო 27 წლის იყო, ოჯახი არ ჰქონდა; ზაურს კი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. "ბეემვეს" მძღოლი დააპატიმრეს და 7 წელი მიუსაჯეს, რის გამოც გაოგნებული დავრჩით. დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობაც რომ მიესაჯათ, ეს გარდაცვლილებს ვეღარ გაგვიცოცხლებდა, მაგრამ როცა ადამიანი თავისი დაუდევრობის გამო ასეთ მძიმე დანაშაულს სჩადის, პასუხიც უნდა აგოს და შესაბამისადაც დაისაჯოს.

გულნარა წივწივაძე:

- იმ დღეს ჩემს შვილს "ბოლო ზარი" ჰქონდა. მეგობრის მანქანით მცხეთიდან მოდიოდნენ და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეასკდნენ... მანქანაში მჯდომი 5 ახალგაზრდიდან ერთი გარდაიცვალა - ქალა-ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, დანარჩენები გადარჩნენ, მაგრამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. ჩემს შვილს ხერხემალი დაუზიანდა და ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიეჯაჭვა... ბოლო დროს ძალიან დაითრგუნა, ხშირად მეკითხება, - შენ რომ აღარ მეყოლები, დედა, რა მეშველებაო?!.

მძღოლების თქმით, ზაფხულობით ავტოავარიების რაოდენობა მატულობს, რასაც ისინი "სეზონურ სენს" უწოდებენ. ამ დროს გამოუცდელი მძღოლები, ე.წ. "ხიშნიკები" მიკროავტობუსებს ქირაობენ და სხვადასხვა რაიონში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად მუშაობენ. სახელმწიფოს მათი კონტროლის მექანიზმი ჯერჯერობით არ გააჩნია.

2006 წლის ზაფხულში თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე დიდი სიჩქარით მიმავალი მიკროავტობუსი ბოძს შეასკდა და ამოტრიალდა; 11 მგზავრი ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის, ერთი კვირის შეუღლებული წყვილი იყო. ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოდან ლილოს ბაზრობაზე ტანსაცმლის შესაძენად მოდიოდნენ. გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმის ძიების შემდეგ გაირკვა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ნანა კილასონია:

- მაშინ ჩემი ქალიშვილი 19 წლის იყო. მასა და ჩემს სიძეს 3 წელი უყვარდათ ერთმანეთი. ირაკლი ჯარში მსახურობდა, ერაყში იყო წასული; იქიდან როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე გაიპარნენ. წინააღმდეგი ვიყავი: ჩემი გოგონა მეორე კურსის სტუდენტი იყო და, ჯერ რა ეჩქარება-მეთქი?! - ვამბობდი... სიძე დედისერთა იყო, ობლობაში გაზარდა დედამისმა: მამა აფხაზეთში, ომის დროს დაიღუპა - სოხუმის დაბომბვაში მოყვა თურმე; ამ დროს ცოლი მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ... როცა ყველა გზა ჩაიკეტა, იძულებული გახდა, კოდორის ხეობიდან გადმოსულიყო. მაშინ ირაკლი 1 წლისა 3 თვის იყო...

10-დღიანი მტანჯველი და დაუსრულებელი მგზავრობის შედეგად, დედამისს მუცელი მოეშალა და კინაღამ გადაჰყვა. სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს და ძლივს გადაარჩინეს... ძალიან არ უნდოდა, მისი შვილი სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო, მაგრამ ირაკლიმ არავის დაუჯერა თურმე... მასა და ჩემს შვილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მეც აღარ გავჯიქებულვარ... ახალშეუღლებული წყვილი მე თვითონ მივაცილე მიკროავტობუსამდე. შინაგანად, რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ იმ ლამის ნახევარ მსოფლიომოვლილ ბიჭს ვერ ვაკადრე, არ წახვიდეთ-მეთქი, შემეშინდა, არ იფიქროს, - მგონი, ეს ქალი შვილს არ მანდობსო... ერთი სიტყვით, მომერიდა და არაფერი ვთქვი, თუმცა მძღოლის სახე ძალიან არ მომეწონა - მეტისმეტად დაღლილი, მოთენთილი ჩანდა. ვკითხე კიდეც, - გადაღლილი ხართ-მეთქი? ღიმილით მიპასუხა, - დილას ჩამოვედი, ქალბატონო, ორი საათი მეძინა და იმიტომ მაქვს ასეთი სახე; არა უშავს, ახლა ცხელ ყავას დავლევ და აზრზეც მოვალო... მერე ტელევიზორში, საინფორმაციო გამოშვებაში ვნახე ამოტრიალებული და დალეწილი მიკროავტობუსი და გულში გამკრა. მობილურს მივვარდი, მაგრამ არც ერთი არ მპასუხობდა. მაშინვე მივხვდი, რაც მჭირდა...

ერთი შვილის შემცვლელი მეორე ვერასდროს იქნება, მაგრამ მე კიდევ ორი შვილი მყავს და ჩემს ცხოვრებას როგორღაც გავათრევ, იმ ქალის საცოდაობამ კი ბოლო მომიღო... როგორც შემდეგ გვითხრეს, მძღოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფილა და საჭესთან ჩაეძინაო... ყველამ იცის, რომ სასწავლო წლის დასაწყისში უამრავი ადამიანი, ვისაც კი მართვის მოწმობა აქვს და მანქანა ჰყავს, მაგრამ შორ გზებზე მანქანის ტარების გამოცდილება არა აქვს, მგზავრებს შეკრებს და სხვადასხვა მიმართულებით დაჰყავს... ამ დროს, როცა ბევრი მგზავრია, დასწრებაზე არიან და დღე და ღამე შეუსვენებლად მუშაობენ, რათა კლიენტები არ დაკარგონ. მესმის, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ იმ უბედურმა ჩვენც დაგვღუპა და თავიც დაიღუპა - 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს...

ახალი კანონმდებლობის თანახმად, ყველა დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო თანხა გაიზარდა და რამდენიმე სიახლის დანერგვაც იგეგმება: მაგალითად, დეკემბრიდან, როგორც ქალაქის ქუჩებზე, ასევე ავტომაგისტრალებზე, აუცილებელი იქნება ღვედების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ სიახლის წყალობით, ავტოავარიის შემთხვევაში, მძღოლი და მგზავრები უფრო მეტად იქნებიან დაცულნი. არგუმენტად მათ მედისონის (აშშ) უნივერსიტეტის კვლევის შედეგები მოჰყავთ: ამერიკელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საავტომობილო ავარიებში მიღებული დაზიანებების ნახევარზე მეტი 64 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ხდება; აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ღვედს ყველა მძღოლი შეიკრავს, ყოველწლიურად 5500 ადამიანი გადაურჩება დაღუპვას, 132000 კი - სხეულის მძიმე დაზიანებას. აშშ-ში შედგენილი სტატისტიკური მონაცემებით, ავტოავარიაში ყოველწლიურად, დაახლოებით 35 ათასი ადამიანი იღუპება; მათგან 50%, ღვედის გამოყენების შემთხვევაში გადარჩებოდა...

რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ამ სიახლის შემოღება, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვის, გაუმართავი ავტომობილით გადაადგილების, დაუდევრობისა და სხვა უამრავი მიზეზის გამო მომხდარი ავტოკატასტროფების სტატისტიკას გაგაცნობთ:

2003 წელს საქართველოში სულ 2113 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2585 ადამიანი დაშავდა; 2004-ში - 2936 ავარია, 4069 ადამიანი; 2005-ში - 3870 შემთხვევა, 5546 ადამიანი, 2006-ში - 4795 ავარია, 7084 ადამიანი, 2007-ში - 4946 ავარია, 7349 ადამიანი, 2008-ში - 6015 ავარია, 9063 ადამიანი დაშავდა. 2009 წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 6015-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 9063-მდე.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა და შედეგად, 10 ათასი ადამიანი დაზარალდა. დაბოლოს, ყველაზე მძიმე მაჩვენებელი: ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა მიზეზით მომხდარ ავტოკატასტროფებს ამ წლების განმავლობაში 4418 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)