ავტორი:

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

12 ივნისს მეხანძრე მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. მეხანძრე-მაშველებს ყოველ დღე ბეწვის ხიდზე უწევს გავლა და სხვების სიცოცხლის გადარჩენა, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

  • გთავაზობთ ფრაგმენტს მეხანძრე-მაშველ დავით დავითიძესთან ინტერვიუდან, რომელიც Ambebi.ge-ს არქივში ინახება.

დავით დავითიძე, მეხანძრე-მაშველი:

- 2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემი მეგობარმა ფილმის ბილეთების ვიყიდეთ და უკან ვბრუნდებოდით. გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხდვნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, რეჟისორია, აყევიო... არ მომეშვა, ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მასწავლა... ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, მაგრამ ძალიან მალე ისე დავინტერესდი, თავდაუზოგავად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. სცენარი, მაშინდელ პრობლემას, ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებას ეხმიანებოდა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვითამაშეთ. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვერითაც მოვიწამლე... შემდეგ, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა, თუმცა თეატრი დღემდე ძალიან მიყვარს. მით უფრო, ათამდე სპექტაკლში, ისეთი კარგი მსახიობების გვერდით მომიწია თამაში, როგორიც არის რეზო თავართქილაძე.

- რატომ ვერ გაყევით თეატრს?

- იმ დროს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, თეატრალურის დიპლომს ითხოვდნენ და ამან შემაფერხა.

- 2008 წლის ომიც გამოაიარეთ, ხომ?

- როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ. არ მახსოვს, რომელი სამხედრო ნაწილი იყო. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ, - ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, გვითხრეს. მე სოფელ ავნევში, მამაპაპისეული სახლი მქონდა, იქაურობა ჩემთვის მშობლიური იყო და ორმაგი შემართებით ვიყავი...

- თქვენი ფუნქცია რა იყო, რა დავალება მოგცეს?

- იმ სოფლების მიდამოებში, სადაც დაბანაკებული ვიყავით, ვითარება უნდა გაგვეკონტროლებინა. ჩვენ გარშემო, მთებზე ქართველ სამხედროებს სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდათ აღებული... მეორე დღეს, გამთენიისას, განგაში ატყდა, მოეწყვეთ, გავდივართო. სამხედროების ნაწილი დარჩა, ნაწილი წამოვიდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, შემდეგ ავტობუსებამდე მივედით და გორში ჩავედით... ეს იყო 9 აგვისტო და გორი უკვე დაბომბილი დაგვხვდა. მოედანზე გავჩერდით. მეთაურობა ერთმანეთში რაღაცას თათბირობდა, თავადაც დაბნეულები ჩანდნენ. საღამომდე იქ დაგვტოვეს, ღამით კი მეჯვრისხევში წაგვიყვანეს. თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ... ცხინვალის გადასახვევთან გავჩერდით, სადაც გვითხრეს, - დაისვენეთ, ქალაქში შესასვლელად ვემზადებითო.

- რა ხდებოდა იქ?

- ჩვენ ცოტა მოფარებულში ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მაინც დავინახე როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან სისხლიანი დაჭრილები... ისინი გვაფრთხილებდნენ და გვეხვეწებოდნენ, არ მიქაროთ, არ წახვიდეთო... მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ქალაქში მძიმე ტექნიკის სროლების ხმა ისმოდა. ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს და ნელ-ნელა დავიძარით.

- ავტობუსით შეჰყავდით ცხინვალში?

- დიახ, ასე იყო გეგმაში... იმ დროს, ავტობუსში რომ ავდიოდი, საიდანღაც ჩემი ჯგუფელი გამოვარდა და მეცა, - სად მიდიხარო... ლამის კარიდან ჩამომხსნა. - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო და იარაღი და ფორმაც ჩამაბარებინა... ერთი სიტყვით, ამ ბიჭმა, ალექსამ, ისევ საავიაციოს ბიჭებთან წამიყვანა. ერთი სიტყვით, დაახლოებით 500 ადამიანი ფეხით წამოვედით უკან. აღარც მახსოვს, რამდენ საათს მოვდიოდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა...გაეცანით ინტერვიუს სრულ ვერსიას