ყოჩივარდა - ჰაიმორიტის წინააღმდეგ
ჰაიმორიტის სამკურნალო ეფექტური საშუალება შეგიძლიათ ქოთნის ყოჩივარდისგან მოამზადოთ. აიღეთ 2-3 წლის ბოლქვი, გარეცხეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ და გაწურეთ. ეს წვენი მაცივარში 1 წლის განმავლობაში ინახება. ცხვირში ჩასაწვეთებლად აიღეთ მომზადებული წვენის 2 წვეთი, დაუმატეთ 10-10 წვეთი წყალი და მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის), მომინანქრებულ ჭურჭელში კარგად აურიეთ და ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი, დილა-საღამოს, 1-2 თვის განმავლობაში. შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და მკურნალობის კურსი გაიმეორეთ. 4-5 თვეში ჰაიმორიტი აღარ შეგაწუხებთ.
გამლღვალი შაქარი - ხველის წინააღმდეგ
გამლღვალი შაქარი ეფექტიანია ბრონქული ხასიათის ხველის დროს.
მომზადების წესი: 1 ლ ტევადობის მშრალ ქვაბში (სასურველია - სახელურიანი) 2-3 სუფრის კოვზი შაქარი ჩაყარეთ და გასადნობად ცეცხლზე დადგით. როდესაც შაქრისგან ღია ყავისფერ მასას მიიღებთ, ბუშტუკების გაჩენამდე და ქაფის მთლიანად გაქრობამდე კოვზით ურიეთ. ამის შემდეგ ქვაბის 2/3 მდუღარე წყლით შეავსეთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ და თვალები და ხელები ამ დროს წარმოქმნილ შხეფებს მოარიდეთ. ეს ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან ჩამოდგით, გააცივეთ, ბოთლში გადაასხით და თავზე დაახურეთ. მიღებული შაქარწყალი ოთახის ტემპერატურაზე 1-2 კვირა ინახება.
მიიღება შემდეგნაირად: ერთ ჭიქა ჩაის ან თბილ წყალს დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი გადამდნარი შაქარი და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში. 2-4 დღეში ხველა შესუსტდება და მალე სრულ გაქრება.
ხახვი - ანგინის წინააღმდეგ
ხახვი სახეხზე გახეხეთ, წვენი გამოწურეთ, 1 ჩაის კოვზ თაფლში გადაურიეთ და მიირთვით. ასე გააკეთეთ დღეში 3-ჯერ. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკია - კლავს მიკრობებს. გამოიყენება ანგინის, ფრონტიტისა და ლარინგიტის სამკურნალოდ.
ხახვი - გრიპისა და ხველის წინააღმდეგ
ხახვი გამოიყენება გრიპის, სურდოსა და ხველის სამკურნალოდ. ერთი ბოლქვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მისი არომატი შეისუნთქეთ. შეგიძლიათ გახეხილი ხახვი მარლაში გაახვიოთ და ტამპონის სახით ნესტოებში გაიკეთოთ. თავის ტკივილის დროს შუბლი ხახვის წვენით დაიზილეთ. ყელის ტკივილის დროს ახალი ხახვი დაღეჭეთ. ხველის დროს ხახვის სიროფი მიიღეთ: 100-150 გ ხახვი 5-10 წუთის განმავლობაში 250 გ წყალში ხარშეთ, 1 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე კიდევ ცოტა ხანს ხარშეთ, შემდეგ გადმოდგით და გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 2-3 ჩ/კ ხახვის სიროფი.
ხახვი - გულის იშემიური დაავადების წინააღმდეგ
ხახვი გულის კუნთს ამაგრებს, მასში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და იშემიური დაავადებისაგან გვიცავს. მაღალი არტერიული წნევის დროს, თანაბარი რაოდენობის ხახვის წვენი და თაფლი შეურიეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი, დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.
პიელონეფრიტი და ხახვი
3 კგ ხახვი გარეცხეთ და კუბებად დაჭერით. ქვაბში (ქვაბი არ უნდა იყოს ლითონის) მჭიდროდ ჩააწყვეთ, თავსახური დაახურეთ და ცომით დააწებეთ, რომ ჰაერი არ შევიდეს. შემდეგ შედგით აირღუმელში (ნელ ცეცხლზე) და 3 საათის განმავლობაში მოშუშეთ. როცა გაცივდება, ქვაბში მონაცრისფრო-მოყავისფრო მასას მიიღებთ. წვენი გამოწურეთ და თავდაპირველად მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 2-3-ჯერ, შემდეგ კი ნელ-ნელა 1 სუფრის კოვზამდე ადით. მკურნალობის 1 კურსი დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც 3 ლ წვენს მიიღებთ.
ნივრის წყალი - ზემო სასუნთქი გზების ანთების წინააღმდეგ
50 გრამი გასუფთავებული ნიორი დასრისეთ, ცოტაოდენ გადადუღებულ, ცივ წყალში გახსენით და 500 მლ-მდე შეავსეთ, ასევე გადადუღებული წყლით. 2-4 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. შეგიძლიათ მაცივარში 2-3 კვირის განმავლობაში შეინახოთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, ყოველ 2-3 საათში ერთხელ (უკეთესი იქნება, თუ 1/4 ჭიქა წყალში გახსნით).
კომბოსტო
კომბოსტოს გამორჩეულ გემოსთან ერთად, არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი ვიტამინების მთელ ასორტიმენტს და 16-მდე ამინომჟავას შეიცავს. მათ შორის - ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვან ტრიპტოფანს, ლიზინს, მეთიონს, თიროზინს და ჰისტიდინს. არც ისე დიდი ხნის წინ, კომბოსტოს წვენში წყლულის საწინააღმდეგო ფაქტორი - ვიტამინი "უ" აღმოაჩინეს. კომბოსტო შეიცავს მჟავას, რომელიც აფერხებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. დაბოლოს, კომბოსტო მდიდარია ბოჭკოებით, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
სამკურნალო მიზნით კომბოსტოს ფურცლების ახალგამოწურული წვენი, კობოსტოს მწნილი და მარილწყალი გამოიყენება. დამჟავებისას ვიტამინების ნაწილი (ც, ბ2; პპ) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მარილწყალში გადადის და ამ უკანასკნელის სამკურნალო თვისებები სწორედ აქედან მომდინარეობს. ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მჟავე კომბოსტოზე უფრო მარგებელი მისი მარილწყალია. მაგალითად, რეგულარულად, 2-3 დღის განმავლობაში 0,5 კომბოსტოს მწნილის თბილი მარილწყლის მიღება ნაღვლის წვენის გამოყოფას აძლიერებს და პანკრეასის მუშაობას ასტიმულირებს. კომბოსტოს ფოთლების ჭარბად მიღებას თან მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების დაგროვება) ახლავს. ამიტომ უკეთესია წვენის გამოყენება. კომბოსტოს ფურცლები შეიძლება წვენსაწურში გაიწუროს ან გატარდეს ხორცის საკეპ მანქანაში და შემდეგ მარლაში გაიწუროს. წვენი მხოლოდ 2 დღეა ვარგისი და აუცილებლად 2 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამკურნალო თვისებებს დაკარგავს.
ზემო სასუნთქი გზების კატარის დროს, ხველის დასაამებლად და ნახველის ამოღების მიზნით რეკომენდებულია კომბოსტოს ნაყენი ან წვენი - თაფლით. თბილ წყალში გაზავებული წვენი სასარგებლოა პირის ღრუში გამოსავლებლად, ყელის ტკივილის დროს. ზემო სასუნთქი გზების მწვავე კატარისა და ხველის სამკურნალოდ, 5-6 დღის მანძილზე 1 ჩ/კ შაქრით შეზავებული, 0,5 ჭიქა კომბოსტოს თბილი წვენი უნდა მიიღოთ.
თავის ტკივილი დაგიამდებათ, თუ კომბოსტოს ფურცელს მტკივნეულ ადგილზე დაიფენთ. დალიეთ 0,5 ჭიქა კომბოსტოს წვენი, დაწექით ზურგზე და მტკივნეულ ადგილზე კომბოსტოს ფურცელი დაიდეთ.
მაღალი ტემპერატურის დროს, უწინ ავადმყოფს შუბლსა და საფეთქლებზე კომბოსტოს ფურცლებს აფენდნენ. ამ მიზნით კომბოსტოს მწნილის გამოყენებაც შეიძლება: იგი კარგად გაწურეთ, გაახვიეთ მარლაში და შუბლზე დაიდეთ.
ღრძილებიდან სისხლდენის სამკურნალოდ დიდი ხნით და ნელა მჟავე კომბოსტოს ღეჭვა ან მარილწყლის პირის ღრუში გამოვლებაა რეკომენდებული. ძალიან ეფექტურია შემდეგი პროცედურა: დილას და საღამოს, ძილის წინ, კომბოსტოს წვენში დასველებული მარლით ან ბამბით კბილებისა და ღრძილების გაწმენდა და შემდეგ წვენის პირში გამოვლება. ეს მკურნალობა 1 თვეს გრძელდება.
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნით კომბოსტოს ფურცლები, მწნილი ან წვენი გამოიყენება. წვენის იღებენ 0,5-1 ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
კომბოსტოს წვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. ის ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შეხორცებას. მკურნალობა ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი სქემის მიხედვით უნდა წარიმართოს:
3 დღე მიყოლებით, ყოველ დილა-საღამოს, ჭამამდე 2 საათით ადრე მიიღეთ 0.5 ჭიქა თბილ წყალში გაზავებული 30-40 გ თაფლი. შემდეგ დაიწყეთ ძირითადი მკურნალობა: ორი დღე სვით 0,5 ჭიქა კომბოსტოს წვენი, შემდეგი 12 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ჭიქა წვენი, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. თუ ამის შემდეგ წყლული ჯერ კიდევ არ შეხორცდა, 10-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ჭამამდე 45 წუთით ადრე, 1-1,5 ჭიქა კომბოსტოს წვენის დღეში 4-ჯერ მიღება სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს. მკურნალობის კურსი 40 დღეა.
კომბოსტოს წვენი დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, ქრონიკული, წყლულოვანი კოლიტების, ქოლეცისტიტის, ქრონიკული ქოლანგიტის და ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ამისათვის ყოველდღე, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ 1/2 ჭიქა კომბოსტოს წვენი.
პოდაგრის დროს, 5 დღე მიყოლებით, შესივებულ ადგილზე კომბოსტოს ფურცელი დაიდეთ, კომპრესის სახით შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.
თუ ბუასილი გაწუხებთ, რომელიც შეკრულობითა და სისხლდენით მიმდინარეობს, დღეში 1-2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ჭიქა კომბოსტოს მწნილის მარილწყალი მიიღეთ და დოზა თანდათანობით დღეში 5-6 ჭიქამდე გაზარდეთ.
ჩირქოვანი დაავადებების, დამწვრობებისა და წყლულების სამკურნალოდ, კომბოსტოს ფურცლები ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ, უმი კვერცხის ცილა შეურიეთ და დაზიანებულ კანზე დაიდეთ.
ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)