2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსა და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება რაგბის ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს-წევრი ბიძინა გეგიძე:
-7 ნოემბრის დილას რუსთაველის გამზირზე შევხვდით ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი, მე და რამდენიმე მოშიმშილე, რომლებიც შიმშილობის აქციას მოგვიანებით შემოუერთდნენ, სულ ოცნი თუ ვიქნებოდით, უმრავლესობას გვეძინა. დილით ჩემმა ძმამ გამაღვიძა და მითხრა, რუსთაველზე უცნაური მოძრაობა შეიმჩნევაო...
ქუჩაში დასუფთავების სამსახურის სპეცმანქანები გამოჩნდნენ, მაგრამ იქიდან გადმოსული კუნთმაგარი ახალგაზრდები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ნამდვილად არ ჰგავდნენ, სიტუაცია დაიძაბა... სხვათა შორის, ლევანი შიმშილობის დაწყებიდან ყოველღამე მაფრთხილებდა, ფეხსაცმელს ნუ იხდი, რამე რომ მოხდეს, ჩაცმას ვერ მოასწრებო... ასეც მოხდა, ძლივს მოვასწარი ფეხსაცმლის ჩაცმა... უცებ კინოთეატრ "რუსთაველის", ქაშუეთის მხრიდან წამოვიდნენ, მერე კი -ყოველი მხრიდან ყვითელლაბადიანების გარემოცვაში აღმოვჩნდით, 1000 კაცზე მეტი იქნებოდა.
დავინახე, როგორ მისცვივდნენ გააფთრებით ლევან გაჩეჩილაძეს, ჩემი ძმა და მე მომხვდურებს გზაზე გადავუდექით, - მძინარე მოშიმშილეებთან ნუ მიხვალთ-მეთქი. ჩვენც ისე დაგვესივნენ, როგორც ყვავ-ყორნები, დაიწყო ორომტრიალი... ყველა ყვითელლაბადიანი ერთნაირ სისასტიკეს არ იჩენდა, ზოგი მხოლოდ ხელს გვკრავდა, - წადიო, გვეუბნებოდა, მაგრამ იყვნენ უკიდურესად დაუნდობლები, რომლებიც ძირს დაგდებულ ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ.
ჩემთვის, ამის დანახვა ფიზიკურ ტკივილზე მძიმე იყო... ძალები აშკარად უთანასწორო იყო. იქიდან ძალაგამოცლილები, გრიბოედოვის ქუჩაზე ავედით, რესპუბლიკელების ოფისში, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენლები მოვიდნენ... გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო:
ისევ რუსთაველის გამზირზე უნდა დავბრუნებულიყავით... გავარღვიეთ დამრბევთა დაცვის კედელი და მოედანი ისევ დავიკავეთ... ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია: მომწამვლელი აირით, "დუბინკებით", წყლის ჭავლით, პლასტმასის ტყვიებით. ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს. მე პირველი დარბევისას ფეხი მძიმედ დამიზიანდა.
მომწამვლელი აირის შესუნთქვისას გონება დავკარგე, გონს რომ მოვედი, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიმათრევდა ჩიტაძის ქუჩაზე, იქვე, სკოლის შენობაში შემიყვანეს... იქიდან გამოსულმა, გაზის შესუნთქვისას თავი კვლავ ცუდად ვიგრძენი, ერთ-ერთი სახლის კიბეზე მიპოვეს და მამუკა გიორგაძემ შინ მიმიყვანა.
-იმ დღეს ოთხჯერ მოხდა დარბევა. ორჯერ პარლამენტის წინ, აგრეთვე, რიყესა და ტელეკომპანია "იმედში"... რით იყო გამოწვეული ასეთი სისასტიკე?
-სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე ცდილობდა და ცდილობს ხალხის დაშინებას, საზოგადოების ტერორს. უდანაშაულო ახალგაზრდების გახმაურებული მკვლელობები, დაჭერები მაშინ უკვე მომხდარი იყო, ამას დაემატა ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ლევან გაჩეჩილაძის ცნობილი გამოსვლა ტელეკომპანია "იმედის-ეთერში. ხალხის მოთმინების ფიალაც აივსო, რასაც სექტემბერ-ნოემბრის საპროტესტო მუხტი მოჰყვა. 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირი ხალხით გადაიჭედა, რაც სააკაშვილის რეჟიმის გათავხედებული და სადამსჯელო აპარატის სრული კრახი იყო, გამოჩნდა, რომ ის აღარ იყო ხალხის პრეზიდენტი.
-როგორ გაჩნდა ამ აქციების მთავარი ლოზუნგი "არ მეშინია!-და დღეს თუ არის ბოლომდე დაძლეული ეს შიში?
-ეს მოწოდება სპონტანურად გაჩნდა, რადგან მთავარი ხალხში ჩაბუდებული შიშის დაძლევა იყო. ირაკლი ოქრუაშვილის თამამმა განცხადებებმა, ლევან გაჩეჩილაძის ტელემიმართვამ, სადაც მან ხალხს მოუწოდა.
ესენი მთელ ქვეყანას აუპატიურებენ და გამოიღვიძეთო, ნამდვილად შეასრულა კატალიზატორის როლი, დააჩქარა პროცესები... რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საზოგადოების ნაწილმა შიშის სინდრომი დაძლია, თუმცა, საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ გახდა ყარამანი, მათ შორის, სამწუხაროდ, არაერთი ჩემი ნაცნობიც... როგორ შეიძლება სიმართლეს ვერ ამხელდე და თავს თავისუფალ ბიზნესმენად მიიჩნევდე?
როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პროტესტს ერიდებიან, ესეც ხომ შიშია? ამ ხელისუფლებას კი განსხვავებულად მოაზროვნეები ჩარეცხილებად და მოღალატეებად მიაჩნია. ეს ქვეყნისთვის მართლაც დამღუპველია, მით უმეტეს დღეს, თორემ ბიძინა გეგიძე როგორც აქამდე იბრძოდა, ისე განაგრძობს ბრძოლას, 100 შვიდი ნოემბერი რომ მოხდეს, 100-ზე მივალ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ...
-7 ნოემბერს ოპოზიცია ერთიანი იყო, დღეს კი პოლიტიკური პარტიები გაერთიანებას ვეღარ ახერხებენ...
-სააკაშვილის კაცთმოძულე ხელისუფლებასთან დაპირისპირება მხოლოდ ერთიანობით შეიძლება. ახლა სიმპათია-ანტიპათიისა და თითიდან გამოწოვილი არგუმენტების დრო არ არის: ქვეყანა იღუპება, რა დროს მემარჯვენეობა-მემარცხენეობაა?
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)