ცოტნე გამსახურდია: "ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს!"

ცოტნე გამსახურდია: "ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს!"

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ღია წერილი რედაქციამ 1-ელ ნოემბერს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს და მას მსჯავრი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაედო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში გამსახურდიამ სამჯერ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას. ამა წლის 21 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. სამი მუხლით დაპატიმრებული ცოტნე გამსახურდია (ჯაშუშობაც ედებოდა ბრალად), დღეს უკვე 7 მუხლით არის ბრალდებული (ჯაშუშობა, შეთქმულება, 2-ჯერ სხეულის განზრახ დაზიანება - მაღლაკელიძის და სანიკიძის ეპიზოდი, ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება და ქრთამის მიცემა).

ცოტნე გამსახურდია სააპელაციოში სასამართლო სხდომებს არ დასწრებია, - იგი მოსამართლემ პირველივე სხდომიდან განცხადების წაკითხვისას გააძევა სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით. სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დაზარალებულმა დავით ბაჯელიძემაც.

ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას უზენაესი სასამართლოს შემდეგ სტრასბურის სასამართლოში აპირებს.

ღია წერილი

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 6 ივლისს, როდესაც სასამართლო პროცესზე ვაკეთებდი განცხადებას სად-ის სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფი პატიმრების წამების შესახებ, თქვენ (მიმართავს მოსამართლე მანანა ოთარაშვილს - ნ.ფ.)  გამაძევეთ სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. როგორც შემდგომ ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი გაძევების მიზეზად თქვენ თურმე ჩემ მიერ სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დაასახელეთ. კვლავ შეგახსენებთ, რომ თქვენ გამაძევეთ განცხადების კითხვის დროს, რაც ჩემი კანონიერი უფლებაა.

როდესაც საქართველოში გამეფებულ ტოტალიტარიზმსა და უსამართლობას შევეხე, არავითარ შეურაცხმყოფელ რეპლიკას თქვენი მისამართით ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამ ფაქტს დაახლოებით 150 ადამიანი შეესწრო და დღეს მინდა გკითხოთ, რა უფლებით გამაძევეთ სხდომის დარბაზიდან და მერამდენეჯერ უნდა დამაბრალოთ ტოტალიტარული რეჟიმის მსახურებმა ის, რაც არ ჩამიდენია?! რატომ მომისპეთ უკანონოდ საკუთარი ბრალდების საქმის განხილვაში მონაწილეობის საშუალება?

ნუთუ საკმარისი არ არის, რომ დღეისათვის ამ რეჟიმის მეცადინეობით ჩემ წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოებში 7 სხვადასხვა მუხლით აღძრული საქმეა შესული? ალბათ მალე გინესის რეკორდების წიგნშიც მოვხვდებით, თუმცა არც მიკვირს. თქვენი საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ შორს არიან საქართველოს ე.წ. სასამართლოები ადამიანობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან. სხვათა შორის, 6 ივლისს ჩემი შიმშილობის 65-ე დღე იყო, რაც სად-ის სამკურნალო დაწესებულებაში გამეფებული ჯოჯოხეთით იყო გამოწვეული. ეს რაც შეეხება თქვენს ადამიანობას.

აქვე საჭიროდ მიმაჩნია გაგახსენოთ, რომ ზემოხსენებული განცხადება პატიმრების წამების შესახებ, ჩემ მიერ სად-ის სამკურნალო დაწესებულებიდან არალეგალური გზით გახლდათ გამოგზავნილი, რადგანაც ე.წ. სოციალური სამსახური და ადმინისტრაცია დღემდე აბსოლუტურ და შეუვალ ბლოკადას მიწყობენ. ეს მოგახსენეთ კიდევაც 6 ივლისის სასამართლო პროცესზე და იმედი მაქვს, რომ სხდომის ოქმში იქნება დაფიქსირებული.

ეს ბლოკირება დღემდე უცვლელად გრძელდება. არათუ რაიმე განცხადების ან წერილის, ადმინისტრაცია არ მაძლევს სასამართლოსთვის ოფიციალური კორესპონდენციის გამოგზავნის საშუალებასაც კი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა დამცველმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა სასწაულით მოახერხა ჩემ მიერ სასამართლოსადმი მიმართვის ტექსტის გამოტანა. მან სოციალური სამსახურის უფროსი ქალბატონი შემთხვევით "გამოიჭირა" და იგი იძულებული გახდა, ჩემი ხელმოწერის სისწორე დაედასტურებინა. დაწესებულების ახალმა დირექტორმა მაიზერ გვიჭიანმა განცხადების დამოწმებაზე არამოტივირებული უარი განაცხადა.

ეს კი კანონის მიხედვით, აუცილებელი პროცედურაა კორესპონდენციის გამოსაგზავნად. დირექტორმა გვიჭიანმა ქეთი ბექაურს განუცხადა, რომ ის ვაჟა ცხვედიანის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა მის დამოწმებას. ვინმე ვაჟა ცხვედიანი გახლავთ წარმოშობით ზუგდიდელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფაქტიური უფროსის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრისა და თანაგუნდელის, ჯალათი ბაჩო ახალაიას ერთგული ყმა, კადრი და მოწაფე.

იგი ცოტა ხნის წინ სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე იყო, პირადად ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და წამებაში, რაც ადრეც განმიცხადებია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. ცხვედიანი ასევე კურატორობდა ამ წერილის ავტორის საკითხსა და მდგომარეობას, - ჩემი საკნიდან ნაგვის გატანასაც კი მასთან ათანხმებდნენ დაწესებულების თანამშრომლები.

ამჯერად არ ვისაუბრებ იმ არაადამიანურ და სადისტურ მეთოდებზე, რომელიც ჩემი და სხვა პატიმრების მიმართ გამოიყენებოდა მისი ხელმძღვანელობით. დღესდღეობით, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაჟა ცხვედიანს ამაგი დაუფასდა და იგი დააწინაურეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმცა დღესაც იგი დროის მეტ ნაწილს ციხის საავადმყოფოში ატარებს, თითქოს სად-ის უსაფრთხოების განყოფილებას აღარ ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ობიექტი.

თავად ახალი დირექტორი მაიზერ გვიჭიანი ცუდი ადამიანი არ გახლავთ, ის შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგება პატიმრების ცემისა და წამების ფაქტებს, თუმცა, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, ფაქტობრივად, მასზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ვაჟა ცხვედიანის გარდა, ასევე დააწინაურეს ჯალათი ოლეგ ფაცაცია, რომელიც ადგილზე ხელმძღვანელობდა პატიმრების წამებას და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მეგობარი, მისი ძმის სიყრმის ამხანაგი და თანაკურსელი გახლავთ.

ოლეგ ფაცაცია დღეს გაერთიანებული გლდანის მე-8 საპყრობილისა და საავადმყოფოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა იმ  პროტესტის შემდეგ, რომელიც საზოგადოებაში მისი აქტიურობითა და მოღვაწეობით იყო გამოწვეული. რაც შეეხება ადამიანების წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომელთაც დღემდე აქვს ადგილი, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, პირიქით, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ჩემზე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ზემოხსენებული განცხადების არალეგალურად გამოგზავნისათვის. არა უშავს, კიდევ კარგი, პატიმრების წამებასაც მე არ დამაბრალებენ.

ვინაიდან დღეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ქართულ სასამართლოს არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ სასამართლო შსს-სთან და პროკურატურასთან ერთად მხოლოდ რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებისათვის და ხალხის ელემენტარულად ლეგალურად ძარცვისათვის გამოიყენება, მივმართავ სტრასბურში განთავსებულ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ კომპეტენტურ სტრუქტურებს:

უკვე თითქმის ერთი წელია ვიმყოფები აბსოლუტურ იზოლაციასა და ბლოკადაში, მარტო ჩაკეტილი მცირე ზომის საკანში და უმრავლეს შემთხვევაში, დღიური ნახევარსაათიანი გასეირნების საშუალებაც არ მეძლევა, რაც ამავე საკანზე უფრო მოზრდილ ბეტონის კაფსულაში უნდა ხდებოდეს. საზოგადოების წარმომადგენლებთან და ახლობლებთან დაკავშირება მხოლოდ სასამართლო პროცესზე თუ შემიძლია. ამის საშუალებაც კი მომისპეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ერთიმეორეზე აბსურდული, შეთითხნილი ბრალდებები, რომელთა რიცხვმაც უკვე შვიდს მიაღწია, თუ კიდევ არ დამიმატეს რამე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვადანაშაულებ პირადად მიხეილ სააკაშვილს ჩემი დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნაში, ასევე იმ უსამართლობასა და იდიოტიზმში, რასაც მისი ყურმოჭრილი მონები ახორციელებენ ჩემს წინააღმდეგ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სხვადასხვა ეტაპზე.

ასევე ყველა საფუძველი მაქვს, ჩავთვალო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამეფებული არაადამიანობა და სადიზმი პირადად სააკაშვილის მიერ არის სანქცირებული. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მომდინარეობს და, შეიძლება ითქვას, მათი კურსი და პოლიტიკაა პატიმრებთან, საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში. გთხოვთ, მიაპყროთ თქვენი ყურადღება ზემოთქმულს, დამოუკიდებელი და კომპეტენტური წყაროების საფუძველზე შეისწავლოთ და გადაამოწმოთ ეს ყველაფერი და საღი აზრის საფუძველზე შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე.

პატივისცემით, ცოტნე გამსახურდია 21.09.10

PS: ასევე, მინდა, ვთხოვო საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ ავადმყოფი პატიმრის, ირაკლი დოკვაძის მდგომარეობით. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, მე-8 საპყრობილის ადმინისტრაციას იგი არ გადაჰყავს სამკურნალო დაწესებულებაში.

აქვე დავამატებ, რომ საკმარისია, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ან საზოგადოებრივი კომისია გაეცნოს პატიმრების მდგომარეობასა და პირობებს საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში. მათთვის ნათელი გახდება ის არაადამიანური დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლებას ჩვენდამი გააჩნია. ლაპარაკია, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადმყოფებულ, ჩონჩხადქცეულ ადამიანებზე, რომლებსაც პირუტყვებზე უარესად ეპყრობიან და რომლებსაც, ფაქტობრივად, არავითარი უფლება არ აქვთ.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმული არა მხოლოდ ხელისუფლების არაადამიანური დამოკიდებულების ბრალია, არამედ ქართველი საზოგადოების, საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობის უნიათობაზე, გულგრილობასა და ადამიანურობის ნაკლებობაზე მეტყველებს. პირველ რიგში, ეს პატიმრების ოჯახის წევრებსაც ეხებათ (საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ). თუმცა რა გასაკვირია? ნებისმიერი ხელისუფლება ხომ იმ საზოგადოების ანარეკლია, რომელსაც იგი უდგას სათავეში.

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ