"7 ნოემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია!"

 "7 ნოემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია!"

"რაც დღეს ხდება, იმდენად დიდი სირცხვილია, რომ ლევან სანიკიძის მიერ აღწერილი "ქართული სირცხვილი" არაფერია", - ამბობს მსახიობი გურამ ფირცხალავა. ბატონი გურამი თავის ლიტერატურულ გემოვნებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება...

- ბოლო ხანს უფრო ლექსებსა და მემუარებს ვკითხულობ. წიგნს, საზოგადოდ, ქართველი კაცის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, თუმცა ახალგაზრდობა კომპიუტერს ამჯობინებს. მეც მყავს შინ პატარები და ვხედავ, რომ წიგნი დიდად არ აინტერესებთ, რაც ძალიან ცუდია. ხშირად მიმიტანია საინტერესო წიგნი, მაგრამ ზედაც არ შეუხედავთ...

- ბატონო გურამ, მედიასახლი "პალიტრა" იმ 50 წიგნის გამოცემას აპირებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა. თქვენ ასეთებად რომელ წიგნებს მიიჩნევთ?

- პირველი, რაც გამახსენდა, რემარკის "სამი მეგობარია" - წიგნი, რომელიც ახალგაზრდებს მეგობრობას ასწავლის.

ასევე - "სამი მუშკეტერი", სადაც საოცარი რაინდობაა ასახული. ასეთ სიაში ალბათ აუცილებლად უნდა იყოს "ვეფხისტყაოსანი", "დათა თუთაშხია", ასევე - კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე ნაწარმოები "მთვარის მოტაცება".

როდესაც საყვარელი მწერლის შესახებ მეკითხებიან, ვიბნევი, თუმცა ბოლოს მაინც ქართული მწერლობა გადაწონის ხოლმე და კონსტანინე გამსახურდიას, ჭაბუას, გურამ დოჩანაშვილს ვასახელებ.

- დასაწყისში ბრძანეთ, უმეტესად ლექსებს ვკითხულობო. ვისი ლექსები მოგწონთ?

- ახლა რეზო ამაშუკელის ლექსებს ვკითხულობ და ძალიან მომწონს. ბაღათერ არაბულის პოეზიაც ძალიან მომეწონა. ახალგაზრდა პოეტებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რატი ამაღლობელის ლექსები პირველად რომ მოვისმინე, ძალიან მომეწონა.

- ალბათ, სცენაზე, სუფრასთან ლექსის წაკითხვა ხშირად გიწევთ...

- ლექსის მხატვრული კითხვა არ მიყვარს. მირჩევნია, ჩემთვის, მარტომ ვიკითხო. განსაკუთრებით სუფრასთან არ მიყვარს ლექსებით სადღეგრძელოების თქმა.

- ლექსი ქალისთვისაც არ წაგიკითხავთ?

- ეგ მოძველებული ფორმაა. ქალს გულიდან ამოსული სიტყვები უნდა უთხრა...

- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- დღევანდელი საქართველო გურამ გეგეშიძის რომანებშია კარგად ასახული. "დათა თუთაშხიასაც" მაგონებს, მაგრამ ცხოვრება, დღევანდელთან შედარებით მაშინ უფრო აწყობილი იყო. ეს ჩვენი უნიათო პოლიტიკის შედეგია.

- 7 ნოემბერი ახლოვდება. იმ საღამოს, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" დაარბიეს, თქვენ მიწვეული სტუმრის რანგში ბრძანდებოდით...

- ეს არის მოვლენა, რომლის გახსენებაზეც სირცხვილით უნდა იწვოდეს ყველა, ვისაც კი იმ უმსგავსობაში წვლილი მიუძღვის. მე ნიღბიანებმა მიცნეს და ტელევიზიიდან პატივისცემით გამომაცილეს, მაგრამ გოგონები იატაკზე პირქვე ჰყავდათ დაწვენილი. ზოგი ფეხმძიმედ იყო. ეს რომ დავინახე, ვუთხარი:

ყველანი ააყენეთ, თორემ არსად წავალ-მეთქი. 7 ნოემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, რომლის მსგავსი ყველაზე საშინელ წიგნშიც კი არ წამიკითხავს. ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს. სხვა სახელმწიფო ასეთ რამეს არათუ თავის მოქალაქეებს, მტერსაც არ გაუკეთებდა!

- როგორ ფიქრობთ, წიგნიერებას ჩვენს ქვეყანაში აფასებენ?

- დღეს წიგნიერი ადამიანები ჩუმად არიან, ეშინიათ რამე თქვან - ესენი შეურაცხყოფენ და ამის მოთმენა ყველას არ შეუძლია. ამის გამო წიგნიერ კაცს შეიძლება გულიც გაუსკდეს.

- ჩვენი პოლიტიკოსები რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?

- ძნელი სათქმელია, რადგან ასეთი პერსონაჟები არსად შემხვედრია. ალბათ, აქამდე ვერც ერთი მწერლის ფანტაზია ვერ მივიდა. შეიძლება, ადამიანი ტყუილად დააპატიმრო?! ხალხს ჰიტლერიც აპატიმრებდა, მაგრამ ეუბნებოდა: ჩემი წინააღმდეგი ხარ და ამიტომო. ამათაც მიიღონ კანონი და ხმამაღლა თქვან: თუ ჩემს საწინააღმდეგო რამეს იტყვი, დაგიჭერ. გვეცოდინება მაინც, რისთვის გვაპატიმრებენ.

- დასასრულ, რის წაკითხვას გვირჩევს გურამ ფირცხალავა?

- ლევან სანიკიძის "777 ქართული სიქველე და 309 ქართული სირცხვილი" წაიკითხეთ, მაგრამ რაც დღეს ხდება, ისეთი დიდი სირცხვილია, რომ ლევან სანიკიძის მიერ აღწერილი "ქართული სირცხვილი" აქამდე ვერასოდეს მოვა.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"