ცოტა ხნის წინ კომპანია "დოჯიმ" განახლებული სედანის, - Avenger, - შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ინჟინრებმა სედანის ხმის იზოლაციის გაუმჯობესება შეძლეს, ასევე შეამცირეს ხმაური და ვიბრაცია.
ამჟამად ავტომობილი ახალი საბურავებით აღიჭურვება, რომელთა სიგანეც წინამორბედ Avenger-ზე გამოყენებულ საბურავებთან შედარებით, გაიზარდა (215-დან 225 მმ-მდე). აშშ-ში სიახლე ორი ბენზინის ძრავათი გაიყიდება: 2,4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი აგრეგატით და "პენტასტარის" ოჯახის, 3,6-ლიტრიანი "ექვსიანით", რომელიც 283 ცხძ-ს ავითარებს.
ორივე მოტორი სიჩქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფით იმუშავებს. ავტომობილის აწყობა კონცერნ "კრაისლერის" ამერიკულ წარმოებაში განხორციელდება, რომელიც ქალაქ სტერლინგ ჰაიტსში (მიჩიგანის შტატი) მდებარეობს.
დილერების სალონებში მანქანა მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, თუმცა მისი ფასის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. კომპანია "დოჯიმ" ადრეც წარმოადგინა განახლებული მინივენი Journey და სედანი Charger, ასევე ახალი თაობის არასაგზაო Durango.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)