ამერიკელმა მეცნიერებმა რეალურ დროში მოძრავი ობიექტის სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების ხერხი შეიმუშავეს (ისევე, როგორც ჯორჯ ლუკასის "ვარსკვლავურ ომებში"). ამასთან, მის სანახავად სპეციალური სათვალის გამოყენება არ არის საჭირო.
მეცნიერთა ნამუშევარი ჟურნალ " Nature"ის გარეკანზე გამოიტანეს.
მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგია ახალი ფოტორეაქტიული მასალის გამოყენებას ეფუძნება, რომელიც საშუალებას იძლევა ჰოლოგრამა ყოველ 2 წამში განახლდეს. გამოსახულება საკმაოდ სწრაფად იცვლება იმისთვის, რომ მნახველმა ეს ცვლილება შენიშნოს.
გამოსახულების ჩასაწერად რამდენიმე კამერას იყენებენ, რომელიც ობიექტს სხვადასხვა კუთხიდან "უყურებს". კამერებისგან მიღებულ ინფორმაციას კოდი ენიჭება და მოკლე ლაზერული იმპულსებით გადაიცემა. ეს იმპულსები კი სხვა ლაზერისგან გამოცემულ გამოსხივებაზე მოქმედებს, რომელიც როგორც "ნულოვანი დონე", ისე მუშაობს. ურთიერთქმედების შედეგი იწერება ფირფიტაზე, რომელიც ფოტორეაქტიული პოლიმერებითაა დაფარული.
ჩანაწერის ჩვენებისთვის აუცილებელია პოლიმერებით დაფარული 3D ეკრანი. ჰოლოგრამული გამოსახულების გადაცემა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება, თუკი ინტერნეტის სიჩქარე ამის საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით გამომგონებლებმა თავიანთი ტექნოლოგია 10 დუიმის (25.4 სმ.) ეკრანზე გამოსცადეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.